Accessibility links

logo-print

ემზადებიან თუ არა ამერიკელები საქართველოში საკუთარი სამხედრო ბაზის განსათავსებლად?


საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე მიღწეულმა შეთანხმებამ ახალი იმპულსი შესძინა მითქმა-მოთქმას თემაზე,

ემზადებიან თუ არა ამერიკელები ამიერკავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში - საკუთარი სამხედრო ბაზების განსათავსებლად. რუსეთის ელექტრონული მედია, სტრატეგიული კვლევის ცენტრ ”სტრატფორის” წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ამერიკის ბაზების აზერბაიჯანში განთავსების თაობაზე ბაქოსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეულია, რომ ამ შეთანხმების მიღმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანიც იკვეთება და რომ საქართველოში რუსეთის ბაზების ლიკვიდაციის შემდეგ საქართველო-აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბების დიდი ალბათობა არსებობს. საქმე ის გახლავთ, რომ ასეთ ვერსიებზე მარტო რუსეთის მედია არ მსჯელობს, საქართველოშიც გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, ემზადება თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში საკუთარი სამხედრო ბაზის გასახსნელად. რის საფუძველზე ხდება ეს?

ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა გაარკვიოს, მზადდება თუ არა შირაქის სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო აეროდრომი ამერიკის სამხედრო თვითმფრინავების მოსამსახურებლად ან იქ აშშ-ის სამხედრო ბაზის განსათავსებლად, ვახტანგ ტალახაძე გახლავთ. ის წარმოადგენს პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც ”ქართული მოძრაობა” ჰქვია. ვახტანგ ტალახაძემ საქართველოს პრეზიდენტს მისწერა წერილი, რომელშიც დასვა შეკითხვა, მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის მოლაპარაკება აშშ-ის ხელმძღვანელობასთან შირაქის სამხედრო აეროდრომზე ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით. ტალახაძე ამ შეკითხვაზე პრეზიდენტის პასუხს ელის, შეკითხვა კი მას გაუჩინა ორგანიზაცია ”ქართულ მოძრაობაში” შესულმა ინფორმაციამ, რომლის თანახმად აეროდრომის მიმდებარე სოფლების - ზემო ქედის, ქვემო ქედის და არხილოსკალოს - მოსახლეობას გარკვეული პირები, მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების შესყიდვის მიზნით, სოლიდურ თანხებს სთავაზობენ.

[ვახტანგ ტალახაძის ხმა] ”ისინი ამბობენ, რომ აეროდრომის აღდგენა მიდის ამერიკელების მიერ და ეს სოფლები უშლის მათ ამაში ხელს. ხალხის ნაწილი არის აღშფოთებული , მას არ სურს მამაპაპისეული ადგილ-მამულიდან აყრა. ეს ჩვენი ინფორმაციაა და მის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებ."

ინფორმაციის გადამოწმება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოს საკრებულოს თავმჯდომარესთან, სიმონ კობაიძესთან, გასაუბრებით ვცადეთ. ის ამბობს, რომ არ იცის არც ერთი ფაქტი იმისა, რომ მისი თანასოფლელებისთვის ვინმეს მამაპაპისეული ადგილებიდან აყრა და ამის სანაცვლოდ სოლიდური თანხა შეეთავაზებინოს:

[სომინ კობაიძის ხმა] "აბსოლუტური ჭორია, ვიღაცამ სოფელში იხუმრა, მერე ეს ჭორი აგორდა და აგორდა. მე მგონი, ჭორია და მეტი არაფერი."

შირაქის სამხედრო აეროდრომი თავის დროზე საბჭოთა სამხედრო მანქანის სერიოზული ნაწილი იყო. ავღანეთში სამხედრო ოპერაციის დროს სწორედ ამ აეროდრომის გამოყენებით ხდებოდა ავღანეთისკენ ტვირთებისა და ცოცხალი ძალის გადასროლა. დღეს უკვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ეს სამხედრო ობიექტი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დაწყებისას. გვახსოვს, რა აქტიურად ვრცელდებოდა მაშინ ცნობები შირაქის სამხედრო აეროდრომით ამერიკელი სამხედრო ექსპერტების დაინტერესების შესახებ. ქართველი სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი აღნიშნავს, რომ გარკვეული დაინტერესება მართლაც იყო, რომ დათვალიერებულ იქნა არა მარტო შირაქის, კოპიტნარისა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომებიც, თუმცა ამის მეტი არაფერი მომხდარა. ქართველი ექსპერტი შირაქის აეროდრომის შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამბობს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] "დღესდღეობით შირაქის აეროდრომი არაფუნქციონირებადია. ძალიან დიდი თანხებია ჩასადები, რომ მოიყვანო ის მწყობრში. შესაძლებლობების თვალსაზრისით, ყველაზე უკეთ მარნეულის აეროდრომი გამოიყურება, თუმცა არც ის არის მიახლოებული ნატოს სტანდარტებთან."

”ამერიკელებს გადასაყრელი ფული არა აქვთ. მე მგონი, უფრო აზერბაიჯანის სამხედრო აეროდრომების შეკეთებაზე მიდის ლაპარაკი,” - დასძენს ნათქვამს ირაკლი ალადაშვილი. რუსეთის ელექტრონული მედია, ”სტატფორის” ექსპერტებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პირველი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები აზერბაიჯანის ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზების ტერიტორიებზე უახლოესი კვირების მანძილზე გამოჩნდება, თუმცა ბაქო აქტიურად უარყოფს გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანში ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმების შესახებ.
XS
SM
MD
LG