Accessibility links

logo-print

''ექსპო-ჯორჯია'' სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-6 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს


ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სოფლადაა დასაქმებული,

ხოლო საქართველოში დამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია არაფრით ჩამოუვარდება იმავე დასახელების იმპორტულ ნაწარმს. საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“, რომელიც წელს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების გამოფენას მეექვსედ მასპინძლობს, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. „ექსპო-ჯორჯიის“ საგამოფენო პავილიონებში მისულ დამთვალიერებლებს 16 ქვეყნის 100-მდე კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ნახვის, გასინჯვისა და შეძენის საშუალება ექნებათ.

„ექსპო-ჯორჯია“ წელს მეექვსედ მასპინძლობს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას, რომელზეც, საგამოფენო ცენტრის პროექტების მენეჯერის ნინო გამრეკელის თქმით, 16 ქვეყნის 100 კომპანიის ნაწარმია წარმოდგენილი:

[ნინო გამრეკელის ხმა] „ასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. რაც მთავარია, მდიდარია მათ მიერ წარმოებული პროდუქციის სპექტრი - დაწყებული კვების მრეწველობის პროდუქტებით, სასმელებით და, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია, ტექნოლოგია, ანუ დანადგარები.“(სტილი დაცულია)

ყველაზე დიდი ფართობი - ოთხიდან სამი დარბაზი - თურქულ კომპანიებს უკავიათ. თითქმის ყველა დასახელების სურსათისა და ნახევარფაბრიკატების გარდა, მესამე, მეოთხე და მეხუთე საგამოფენო დარბაზებში უხვად არის წარმოდგენილი თურქული წარმოების სხვადასხვა სიმძლავრის გადამამუშავებელი და შემფუთველი მოწყობილობები, თუმცა გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს ადგილობრივი და რუსული ტექნიკის შეძენის საშუალებაც აქვს.

[მამაკაცის ხმა] „გვაქვს შესაფუთი დანადგარები, მასალები. შეკვეთას ვიღებთ. ...ეს არის დასაფასოებელი დანადგარი, რომელიც შაქარს, ბრინჯს წონის, აფასოებს... ფაქტობრივად, ერთი კაცი ამუშავებს ამას.“

„ექსპო-ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში, ძირითადად, რძის ნაწარმი, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებია გამოფენილი, თუმცა ამავე დარბაზში კომპანია „ჩეხიმპექსი“ დამთვალიერებლებს ჩეხური წარმოების მინის ტარას სთავაზობს.

[„ჩეხიმპექსის“ წარმომადგენლის ხმა] „უფრო მაღალი ხარისხია. ნებისმიერი ზომისა და ფორმის ბოთლის დამზადება შეგვიძლია, მათ შორის, ექსკლუზიური ბოთლების, წარმოების ლოგოტიპით, რომლის გაკეთება საქართველოში ცოტა რთულია, და ასე შემდეგ...“

გამოფენის ორგანიზატორთა თქმით, წელს განსაკუთრებულად აქტიურობენ ქართული კომპანიები. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი ზურაბ ცქიტიშვილი ამ ფაქტს მარტივ ახსნას უძებნის:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] „ძალიან ხშირად მეწარმეები ინფორმაციის დიდ დეფიციტს განიცდიან, ხოლო ასეთი გამოფენები ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას.“

„ექსპო-ჯორჯიის“ მესვეურები არც დამთვალიერებელთა სიმცირეს უჩივიან. თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, როგორც თავად ამბობს, “ექსპო-ჯორჯიის” საგამოფენო დარბაზების ხშირი სტუმარია და, აქედან გამომდინარე, სიახლის შემჩნევაც არ უჭირს:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] „ჩვენთან ეკოლოგიურად უფრო სუფთა პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ მისი ტექნოლოგიური დამუშავება, კარგად შეფუთვა და მიწოდება არ იყო სათანადო დონეზე დაყენებული. ახლა, როგორც მე ვუყურებ, მოწინავე ტექნოლოგიები ამ სფეროშიც შემოდის და ძალიან სასიამოვნოა ამის ნახვა.“

თუმცა, თბილისის მერისა და ბიზნესით დაინტერესებული ადამიანების გარდა, „ექსპო-ჯორჯიის“ დარბაზებს რიგითი თბილისელებიც სტუმრობენ. ვინ თვალსა და გულს ახარებს, ვინ კიდევ - კუჭს.

[დამთვალიერებლის ხმა] „ჩემთვის საყურადღებო, ფაქტობრივად, ყველაფერია, იმიტომ რომ ბევრი რამ აღმოვაჩინე... აი, მაგალითად, “ამალთეას” პროდუქცია გავსინჯე, ქიშმიშიანი ხაჭო მივირთვი და ისე მესიამოვნა, რომ ახლა კაი გუნებაზე დავდექი. მართალი გითხრათ, დილით ცოტა უხასიათოდ ვიყავი და, აი, რა შეუძლია კარგ ხაჭოს.“

ამ და სხვა დამთვალიერებლების განკარგულებაში კიდევ სამი დღეა. „ექსპო-ჯორჯიის“ საგამოფენო დარბაზები სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ნაწარმით დაინტერსებულ კერძო და იურიდიულ პირებს 11 ივნისამდე უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG