Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრაღაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


7 ივნისს პრაღაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრს ჩეხეთის ოფიციალურ პირებთან - სენატის წარმომადგენლებთან, ასევე ამჟამინდელ პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსთან, სახელმწიფოს ყოფილ მეთაურთან, ვაცლავ ჰაველთან, შეხვედრების შემდეგ დაგეგმილი ჰქონდა ჩეხეთში მცხოვრებ ქართველებთან საუბარიც.

თავშივე გეტყვით, რომ აქაურ ქართველთა თუ საქართველოს ყოფილ და ახლანდელ მოქალაქეთა შემადგენლობა ერთობ ჭრელია. მათი მახასიათებელია არა მარტო სიჭრელე, არამედ აზრთა სხვადასხვაობაც. ასე რომ, აქ საქართველოს დიასპორის წარმომადგენლობაზე, სულ მცირე, ორი ჯგუფი აცხადებს პრეტენზიას. როცა მასპინძელი ჯგუფის წარმომადგენელმა ვაჟა კიკნაველიძემ ეს საკითხი ახსენა, მინისტრმა ნახევრად ხუმრობით უთხრა: არ მიკვირს - ქართველებს ახასიათებთ სათვისტომოს შიგნით აზრთა სხვადასხვაობა, მთავარია მხოლოდ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონო.

(ზურაბიშვილის ხმა)

ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე სათვისტომოს მცირე ნაწილი მივიდა - ზოგმა ვერც კი შეიტყო, რომ ასეთი რამ ხდებოდა, ზოგმა კი მოინდომა, მაგრამ ზემოხსენებული მიზეზების გამო იქ ვერ მოხვდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრა დაინიშნა სასტუმროში, სახელწოდებით “გეო”, რომელსაც აქ მცხოვრები ქართველები განაგებენ. მინისტრმა თავიდანვე თქვა, რომ საგარეო სამინისტროში შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის განყოფილება, რომელიც ცდილობს ერთმანეთთან დააკავშიროს სათვისტომოები და მისთანა ორგანიზაციები. სამინისტრო, თქვა სალომე ზურაბიშვილმა, სიამოვნებით მიიღებს ყველა ამგვარი გაერთიანებისგან ინფორმაციას.

(ზურაბიშვილის ხმა)

სალომე ზურაბიშვილმა სასტურო “გეოში” შეკრებილ ჩეხეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ამცნო, რომ სამინისტრო გეგმავს, როგორც მან თქვა, დიასპორის შვილების საქართველოში სტაჟირებაზე ჩაყვანას. შემდეგ მინისტრმა სხვა გეგმებიც გააცნო პრაღელ ქართველებს - ის გეგმები, რომელიც უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს.

სალომე ზურაბიშვილი, მისივე თქმით, დიასპორაში გაიზარდა და იცის რა პრობლემები აქვთ უცხოეთში მცხოვრებთ. ერთ-ერთი პრობლემა მომავალი თაობებისთვის ქართული ენის სწავლებაა. - თქვენ ბედნიერები ხართ, - უთხრა მან შეკრებილებს, - საქართველოს ტელევიზია გაქვთ და ეს, ალბათ, გიადვილებთ შვილებს ქართული ასწავლოთ; ჩვენ კი, საფრანგეთში, მხოლოდ მშობლებისა და მათი მშობლებისგან ვსწავლობდით ქართულსო. მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე ჩეხეთში საქართველოს საელჩო არა აქვს, ხოლო, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავსტრიის საელჩოც, ასე ვთქვათ, აღარ ფარავს ჩეხეთს, ჯერჯერობით რაიმე საქმისთვის თავის მობმა ძნელდება. მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა დააიმედა პრაღელები, რომ ჩეხეთში იქნება საელჩო.

(ზურაბიშვილის ხმა)

პრაღაში სტუმრად მყოფმა მინისტრმა საგარეო პოლიტიკაში საქართველოს წარმატებებზე ილაპარაკა; შეეხო რუსეთთთან, ასევე აშშ-თან ურთიერთობას, თვით ჯორჯ ბუშის ვიზიტისას მომხდარ ინციდენტსაც. სალომე ზურაბიშვილმა პრაღელი ბიზნესმენების გასაგონად თქვა, რომ საქართველოში პრივატიზების მეორე ეტაპი იწყება, რომელშიც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება. სტუმარს დაუსვეს შეკითხვებიც, თავდაპირველად, ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ აქ მცხოვრებ მოქალაქეს არ შეუძლია მიმართოს რომელიმე საელჩოს ან საკონსულოს, რადგან საქართველოს ჩეხეთში წარმომადგენლობა არა ჰყავს და ჩეხეთი არც არავის ეხება. მინისტრი დაჰპირდა თანამემამულეებს, რომ სანამ ელჩი დაინიშნება, გარდამავალ ეტაპზე, დროებით გამოსავალს მოძებნიან.

სალომე ზურაბიშვილს დაუსვეს ზოგადი ხასიათის შეკითხვებიც საერთაშორისო პოლიტიკის, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შესახებ. აი, რა უპასუხა მან შეკითხვას, თუკი დაკარგული ტერიტორიები მშვიდობიანი გზით უნდა დავიბრუნოთ, ჯარი რას ემსახურებაო:

(ზურაბიშვილის ხმა)

ჩეხეთში ბევრი ქართველია, რომელსაც ჩეხეთის თუ რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ახლა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხი აინტერესებს.

(ზურაბიშვილის ხმა)

ჩეხეთში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრაზე იყო ლაპარაკი სხვა თემებზეც - მაგალითად, იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლობას. გამოითქვა აზრი, რომ მართლმადიდებლობის გარეშე ქართველები გადაშენდებიან. იყო ლაპარაკი ეკლესიაზეც. სტუმარმა დიპლომატიურად განაცხადა: ირანში ფერეიდნელ ქართველებს რწმენა, მართლმადიდებლობა, დიდი ხანია დავიწყებული აქვთ, მაგრამ მაინც ახერხებენ ქართველობასო.
სალომე ზურაბიშვილს პრაღელმა ქართველებმა საჩუქრად გადასცეს ნახატი, პრაღის ხედი, რომელიც აქ მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა შეასრულა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG