Accessibility links

logo-print

დღევანდელი პრესის მიმოხილვას იმ თემით დავიწყებ, რომელიც ბოლო 2 წელია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი პრესის მიმოხილვას იმ თემით დავიწყებ, რომელიც ბოლო 2 წელია, ქართული - და არამარტო ქართული - პრესის საყვარელ საკითხთა ჩამონათვალს

მიეკუთვნება. ვგულისხმობ პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი რევოლუციების შესაძლებლობას. გაზეთ „რეზონანსის“ ვარაუდით, აზერბაიჯანული ოპოზიცია პოსტსაბჭოურ სივრცეში მორიგი ხავერდოვანი რევოლუციისთვის ემზადება. ოპოზიცია ხელისუფლებას წინასწარ მოუწოდებს, რომ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები არ გააყალბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი რეჟიმის ჩამოგდებით იმუქრებიან.
რამდენად ხავერდოვანი შეიძლება იყოს აზერბაიჯანული რევოლუცია? - ამ კითხვაზე პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „რეზონანსს“ განუცხადა: „აზერბაიჯანში რევოლუცია შესაძლებელია, ოღონდ ხავერდოვანზე რა მოგახსენოთ.“ პოლიტოლოგის თქმით, შესაძლოა, მომავალ აზერბაიჯანულ რევოლუციას ანტიდასავლური იმპულსებიც ჰქონდეს, როგორც ეს ყირგიზეთსა და უზბეკეთში მოხდა. „ეს აზიაა და აზერბაიჯანიც აზიური წარმოშობის ქვეყანაა. ამიტომ მეეჭვება, რომ იქაური რევოლუცია ხავერდოვანი იყოს,” - განუცხადა რამაზ საყვარელიძემ გაზეთ “რეზონანსს”.

გაზეთი „24 საათი“ ორ პუბლიკაციას უძღვნის თბილისში ლიტვის სეიმის თავმჯდომარის არტურას პაულაუსკასის ვიზიტს. თუ ერთი სტატია ოფიციალურ შეხვედრებს ეხება, მეორე - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრას აღწერს. შეხვედრაზე ლიტველმა სტუმარმა ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა. კერძოდ: “ყველაზე მთავარი საკანონმდებლო სივრცეა. ლიტვამ ათასობით ახალი კანონი მიიღო, სამჯერ კონსტიტუცია შეცვალა და ძალიან ხშირად ეს გადაწყვეტილებები არაპოპულარული გახლდათ. მაგრამ ეს მაინც მოხერხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქ ის იყო, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, მიუხედავად დაპირისპირების არსებობისა, შიდა თუ გარე ძალებისგან პროვოკაციული შემოტევებისა, მაინც ვახერხებდით იმას, რომ სამივე ქვეყანას, საბოლოოდ, ერთი პოზიცია დაგვეკავებინა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ევროპა ბალტიის ქვეყნებს ცალკეულ სუვერენულ ქვეყნებად განიხილავდა და, ამასთანავე, დაინტერესებას გამოთქვამდა რეგიონული თვალსაზრისით. ლიტვა მზად არის, დაეხმაროს საქართველოს და ჩამოვაყალიბოთ ე.წ.“3 პლუს 3“-ის მექანიზმი. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი. ამ შემთხვევაში საქართველოს ნამდვილად აქვს მედიატორისა და დემოკრატიის ქომაგის სახელის დამკვიდრების შესაძლებლობა,“ - განაცხადა სეიმის თავმჯდომარემ.
ბალტიის ქვეყნებმა ევროგაერთიანებაში შესვლისთვის 11 წელი დახარჯეს, თუმცა მათი თავდაპირველი მიზანი მხოლოდ ნატო გახლდათ. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, გაზეთ „24 საათის” აზრით, პოლიტიკურ პარტიებს დააინტერესებთ: ლიტვაში უკანასკნელი 11 წლის მანძილზე რამდენჯერმე შეიცვალა მმართველი ძალა, თუმცა ფაქტია, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს ქვეყნის - უფრო სწორად, სამი ქვეყნის - მთავარი სტრატეგია ევროინტეგრაცია იყო.
XS
SM
MD
LG