Accessibility links

მემორიალური დაფა პენსიის სანაცვლოდ


თბილისში, გმირთა მოედანზე, იქ, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალია აგებული, აფხაზეთის ომში დაღუპული რომან წერეთლის

დედამ შიმშილობის აქცია დაიწყო. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას ლია წერეთელმა იმიტომ მიმართა, რომ ვერაფრით მიაღწია დაენიშნათ მისთვის პენსია, რომელიც ომში დაღუპულის ოჯახს ეკუთვნის. საქმე ისაა, რომ ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდგომ თვეებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ დროებით შეაჩერა კანონის ის მუხლები, რომლებიც ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის პენსიის დანიშვნას არეგულირებდა..

[მუსიკა - Astor Piazzola & Yo-Yo-Ma - Milonga Del Angel]

[ისმის საპატიო ყარაულის მარშის ხმა]

ეს საპატიო ყარაული, მარადიული ცეცხლი და მემორიალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა პატივსაცემადაა მოწყობილი გმირთა მოედანზე. მემორიალურ დაფაზე ოქროსფრად ამოკვეთილ სახელებს შორისაა რომან წერეთელი, იგივე ”გავროშა”.

[ლია წერეთლის ხმა] ”დედა, რა გამაჩერებს, ჩემი ძმები იღუპებიანო. წავიდა, 4-ში ჩავიდა... 9-ში დაბადების დღე იყო, 9 ივლისს, და თავის დაბადების დღეს ტანკი ააფეთქა, მერე სნაიპერმა ესროლა და სნაიპერის ტყვიით დაიღუპა...”

ეს არის ლია წერეთელი, ”გავროშას” დედა.

ქალბატონი ლია სამ დღეზე მეტია მისი შვილის სახელის უკვდავსაყოფად აშენებული მემორიალის წინ პროტესტის ნიშნად შიმშილობს. იგი ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის განკუთვნილ 45 ლარიან პენსიას ითხოვს, რომლის დანიშვნას, საბრძოლო მოქმედებების დამთავრებიდან 13 წლის მანძილზე, ვერა და ვერ მიაღწია. მან შიმშილობით ყურადღების მიქცევა ჯერ კიდევ სამი თვის წინ სცადა. მაშინ ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ დაპირება ყველამ დაივიწყა და ლია წერეთელმა გადაწყვიტა ისევ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა:

[ლია წერეთლის ხმა] ”ვიშიმშილებ იქამდე, სანამ არ მოვკვდები. მე არ ვაპირებ აქედან ადგომას. ძალიან ცუდად გავხდი წეღან, ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ. უფრო სწორად, შვილის პენსიას და ამის გულისთვის როგორ უნდა მომაკვლევინონ თავი? ნუთუ საქართველოს ბიუჯეტს გააღარიბებს ერთადერთი გავროშა, როლანდ წერეთლის ოჯახი?”(სტილი დაცულია)

თავის დროზე, უფრო კონკრეტულად კი, 2003 წლის დეკემბერში, სწორედ ბიუჯეტის გაღარიბების შიშით შეაჩერა საქართველოს პარლამენტმა ის კანონი, რომელიც ომის ვეტერანთა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის პენსიის დანიშვნის წესს განსაზღვრავდა.

მე კომენტარის მისაღებად პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს დავურეკე, მაგრამ იგი საზღვარგარეთ მივლინებაში აღმოჩნდა. შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მაია ნადირაძეს ვთხოვე იმის განმარტება, თუ რატომ დაუჭირეს მხარი 2 წლის წინ პენსიების დანიშვნის შეჩერებას:

[მაია ნადირაძის ხმა] ”მაშინ რაღაცა თანხებთან იყო დაკავშირებული ეს. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, არ იყო აღრიცხვიანობა ზუსტი იმ პერიოდისთვის და ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები გვქონდა. მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და, როგორც ჩანს, ახლა იქნება.”(სტილი დაცულია)

ასეთი დაპირება ომის ვეტერანებს და ომში დაღუპულთა ოჯახებს არაერთხელ მისცეს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, თუმცა ჯერჯერობით, ისევე როგორც სხვები, ლია წერეთელიც პენსიის გარეშე, მემორიალის ანაბარაა დარჩენილი.

[ლია წერეთლის ხმა] ”ის ჩემი შვილი იყო. ორი შვილი მყავს დაღუპული. 16 წლის მეყოლებოდა ქალიშვილი, 27 წლის ვაჟკაცი. რა მინდოდა მე აქ. ახლა კუბოს ამწევიც აღარავინ მყავს. შებრალების უნარი რამ გაუყინათ...”

[მუსიკა - Astor Piazzola & Yo-Yo-Ma - Milonga Del Angel]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG