Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ქალები ვაჟთა საფეხბურთო მატჩზე დასწრებას ახერხებენ


ირანის საფეხბურთო ნაკრებმა ოთხშაბათს შინ დაამარცხა ბაჰრეინის გუნდი და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა საზეიმო გამოსვლები. მაგრამ ეს მატჩი არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით იყო საინტერესო. იმ დღეს გამარჯვება მოიპოვეს ირანელმა ქალებმაც მას მერე, რაც ქალთა მოძრაობის რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა უპრეცედენტო რამ გააკეთა და სტადიონზე შეჭრა მოახერხა.

ის, რაც ოთხშაბათს თეირანის "აზადის" ანუ თავისუფლების სტადიონზე მოხდა, პირველი შემთხვევაა ისლამური რესპუბლიკის მთელი ისტორიის მანძილზე. ასამდე ირანელი ქალი სტადიონის ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს მათი სათაყვანო გუნდის თამაშს. მათ გარდა თამაშს 80 ათასი მამაკაცი ესწრებოდა.

ირანში ვაჟთა სპორტულ ღონისძიებებზე ქალების დასწრება არაისლამურად და არაკორექტულად ითვლება. ქალთაგან მხოლოდ უცხოელებს, მაღალი რანგის პირებსა თუ სპორტსმენ ქალებს აქვთ სპორტულ არენაზე შესვლის უფლება, ისიც იშვიათად.

ოთხშაბათის აქციის მონაწილეთა თქმით, მათ თამაშის ყურება და იმის ნახვა სურდათ, თუ რა განცდა ეუფლება ადამიანს სტადიონზე. ქალებმა სტადიონის შესასვლელი გადაკეტეს და მანამდე ითხოვდნენ შესვლას, სანამ თავისას მიაღწევდნენ.

მათ შორის იყო ქალთა მოძრაობის აქტივისტი მაჰბუბე აბას-ღოლიზადე, რომელმაც სტადიონზე შესვლა ვერ მოახერხა, ვინაიდან შესასვლელთან გაწევ-გამოწევისას ფეხი მოიტეხა.

[აბას-ღოლიზადეს ხმა] "ჩვენი არგუმენტი მხოლოდ სტადიონებზე შესვლით არ შემოიფარგლება, თუმცა ჩვენი გოგონები წლების მანძილზე ოცნებობენ ამაზე. ჩვენ უფრო ზოგადი მოთხოვნები გვაქვს. ესაა, მაგალითად, მამაკაცებისა და ქალებისთვის ქალაქებში საზოგადოებრივი ადგილების თანაბრად გამოყენების უფლება. ეს სეგრეგაცია, რომელსაც მიმართავენ, სამოქალაქო უფლებების დარღვევაა. აქციის იდეა ის არის, რომ ირანში ქალთა მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ სხვადასხვა ადგილას სიმბოლურად განახორციელონ ქალთა უფლებები და სტადიონები ერთ-ერთი ასეთი ადგილია."

აბას-ღოლიზადეს იმედი აქვს, რომ ოთხშაბათის ინციდენტი ხელისუფლებას აიძულებს გააუქმოს ვაჟთა სპორტულ ღონისძიებებზე ქალთა დასწრების აკრძალვა.

ფეხბურთის ახალგაზრდა მოყვარულის, რეზას აზრით, სტადიონზე ქალთა დაშვება სპორტულ ღონისძიებებზე ატმოსფეროს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

[რეზას ხმა] "ეს მათი ისეთივე უფლებაა, როგორიც სხვების. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. სტადიონზე არ არის მაინც და მაინც კარგი ატმოსფერო, ხალხი იგინება და ა. შ. მე მგონია, ქალები რომ იყვნენ იქ, მაყურებლები ცუდი სიტყვების ხმარებისგან თავს შეიკავებდნენ."

რეზას თქმით, ოთხშაბათის მატჩის შემდეგ ვაჟები და ქალები ერთად ზეიმობდნენ თეირანის ქუჩებში.

[მოზეიმეთა ხმა]

უფრო მეტიც, ზოგიერთმა ახალგაზრდა ქალმა თავსაბურავიც კი მოიშორა, რაც ისლამური წესით მკაცრად იკრძალება. ოთხშაბათის ზეიმში პოლიცია არ ჩარეულა.

მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ხელისუფლება შეგნებულად არბილებს ქალთა მიმართ პოლიტიკას ქალი ამომრჩევლების გულის მოსაგებად.

თუმცა თავად ოთხშაბათის აქციის მონაწილეების აზრით, მათი ზეიმი პოლიტიკისგან შორს იდგა. "არჩევნები ვის რაში აინტერესებს? მთავარია, რომ მსოფლიო თასის გათამაშებაში ვმონაწილეობთო", განუცხადა ერთმა ახალგაზრდა ქალმა რეიტერის სააგენტოს.
XS
SM
MD
LG