Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში გრძელდება გაუჩინარებული ქართველების ძებნა, ბრიუსელში კი - ქართულ-ოსური სამშვიდობო დიალოგი


ცხინვალის რეგიონში ექვს ივნისს გაუჩინარებული 4 ქართველის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. დღეს კონფლიქტის ზონაში აღმოაჩინეს მხოლოდ ავტომანქანა,

რომლითაც დაკარგული ქართველები ცხინვალში მიემგზავრებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანას ნატყვიარები არ ემჩნევა. ქართველი და ოსი სამართალდამცავებისა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა გარდა, დაკარგული ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის კვალს ნათესავებიც ეძებენ. მათ და ხელისუფლების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები აქვთ.

გასული ორი კვირის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკვე მეორედ დაიძაბა. მაისის ბოლოს სოფელ თამარაშენთან შეიარაღებული დაპირისპირებისა და ქართველი პოლიციელისა და 4 ოსი სამხედროს დაღუპვიდან რამდენიმე დღეში ცხინვალთან 4 ქართველი გაუჩინარდა. მათი ნათესავები მომხდარს სწორედ თამარაშენის ინციდენტს და შურისძიებას უკავშირებენ. ამ ვერსიას გამორიცხავს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელიც ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გამოუსწორებელი შედეგების მომტანი მოქმედებისგან:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "ყველა სხვა შემთხვევაში გამოსწორება შესაძლებელია. შესაძლებელია საერთო ენის მონახვა. ოღონდ ეს ადამიანები დაბრუნდნენ მშვიდობიანად სახლში და ყველა დანარჩენი საკითხის მოგვარება იქნება შესაძლებელი." (სტილი დაცულია)

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი უკმაყოფილოა იმით, რომ მასმედიისა და პოლიტიკოსთა ნაწილიც ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის გაუჩინარებას მაისის მოვლენებს და პოლიტიკას უკავშირებს:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] "საბედნიეროდ, ამ საქმეში პოლიტიკა არ არის. ამ ვერსიას ჩვენ გამოვრიცხავთ, რადგან იქ იყო ერთობლივი კონტაქტები, ბიზნესი და ფული. იქ, სადაც ფულია, უთანხმოებაც არსებობს. მომხდარი არ უკავშირდება იმას, რომ ისინი ქართველები არიან და ოსებიც ამიტომ არიან ჩარეულნი. დღეს ამ ვერსიას ჩვენ აბსოლუტურად გამოვრიცხავთ."

მომხდარის ოფიციალური ვერსიით უკმაყოფილონი არიან სოფელ ქურთისა და ხაშურის მკვიდრი ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის ნათესავები, რომლებიც ბიზნესთან მათ კავშირს კატეგორიულად უარყოფენ. დაკარგული ქართველების ახლობლები კვალის მიგნებას ოსებთან პირადი ურთიერთობის გამოყენებით ცდილობენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გატაცებულები ცხინვალის ოსური მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავები არიან. სამინისტრო რეგიონის მცხოვრებთ მოუწოდებს, არ ენდონ ახლობლობის ფაქტორს და ცხინვალში ჩასვლისაგან თავი შეიკავონ.

უნდობლობისკენ მოწოდების ფონზე ბრიუსელში ქართველებისა და ოსების სამშვიდობო დიალოგი მიმდინარეობს. რიგით მეორე შეხვედრა, რომელშიც სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ, ლონდონის სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის მიერაა ორგანიზებული. სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, შეხვედრა შუამავლების გარეშე მიმდინარეობს:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] "რა თქმა უნდა, იქ გადაწყვეტილებები არ არის მიღებული. უბრალოდ, იქიდან ჩამოსული ადამიანები რეკომენდაციებს უწევენ თავის მთავრობებს, საზოგადოებას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რამდენად წინ წავიწიეთ ურთიერთნდობის, ურთიერთგაგების თვალსაზრისით და უაღრესად სასარგებლოა, ხშირ შემთხვევაში უფრო სასარგებლო, ვიდრე ოფიციალური მოლაპარაკებები." (სტილი დაცულია)

ქართულ-ოსური შეხვედრის მონაწილენი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდებიან. ოსური დელეგაციის ნატოს შტაბბინაში მისვლას გაუგებარს უწოდებს ბორის ჩოჩიევი. მისი განცხადებით, ეს ფაქტი, შესაძლოა, პოლიტიკური ვექტორის შეცვლად შეფასდეს, რადგან ცხინვალის პრორუსული ორიენტაცია ყველასთვის ცნობილია. ამჟამად ნატოს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც ცხინვალში ომის საფრთხესთან ასოცირდება. დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ალბოროვი უკვე აცხადებს, რომ თბილისი როკის გვირაბთან დესანტის გაგზავნას და გასული ზაფხულის მოვლენების განმეორებას გეგმავს. ალბოროვს საქართველოს ხელისუფლების მშვიდობისმყოფელობის არ სჯერა და აცხადებს, რომ ამის საფუძველს თუნდაც ტელევიზიით ქართული არმიის პოტენციალის მუდმივად დემონსტრირება უქმნის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG