Accessibility links

logo-print

კრემლი საქართველოში ახალი რევოლუციისთვის საფუძველს ამზადებს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზეთ "ალიას“ ცნობით, კრემლი სააკაშვილის წინააღმდეგ გეგმის ამუშავებას იწყებს. გაზეთის ვერსიით, კრემლი საქართველოში ახალი რევოლუციისთვის საფუძველს ამზადებს

და ეს რევოლუცია, ექსპერტების აზრით, სისხლიანი იქნება.

„ასეთი დასკვნა თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მაღალი რეიტინგის გამო გაკეთდა. რამდენიმე სერიოზული არაპოპულარული რეფორმის მიუხედავად, საქართველოში სააკაშვილის რეიტინგი მაინც მაღალია. ასეთივე ნდობა თავის დროზე ქართველებმა ზვიად გამსახურდიასაც გამოუცხადეს, მაგრამ, სერიოზული მხარდაჭერისა და სკანდალურად მაღალი რეიტინგის მიუხედავად, გამსახურდიამ ხელისუფლებაში მხოლოდ ექვსი თვე გაძლო. ცხინვალის ომმა მას სერიოზულად შეურყია პოზიციები და, საბოლოოდ, საქართველო შიდა დაპირისპირებებისა და ომების ეპიცენტრად იქცა.

რუსეთში ახლა პარალელებს ავლებენ. თუ გამსახურდია სისხლიანმა აფეთქებამ შეიწირა, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივეს გამეორება, სააკაშვილის ასეთივე მაღალი რეიტინგის მიუხედავად? ცხინვალში თითქმის ყველაფერი მზად არის. ვითარება საკმაოდ დაძაბულია. მოსახლეობა უკვე ერთმანეთზეა გადაკიდებული. ასეთ დროს ხელისუფლება იძულებული ხდება, რაღაც გააკეთოს, საკუთარი იმიჯი და მოქალაქეები დაიცვას. რას გააკეთებს სააკაშვილი? იმედოვნებენ, რომ საკუთარი ფეთქებადი ხასიათის გამო, საქართველოს პრეზიდენტი ამ ნაბიჯს გადადგამს და კონფლიქტის ზონაში ტემპერატურას ასწევს.“ - შეგახსენებთ, წერილს, სათაურით „გეგმა, რომლის ამუშავებასაც კრემლი სააკაშვილის წინააღმდეგ იწყებს“, გაზეთი „ალია“ აქვეყნებს.


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებას ეხმიანება გაზეთი „რეზონანსი“, რომლის ცნობითაც, ვითარება იქ ძალზე დაძაბულია. გაზეთს მოჰყავს განცხადება ცხინვალის ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივნის ოლეგ ალბოროვისა, რომელიც ირწმუნება, რომ წელსაც, ზაფხულში, შარშანდელის ანალოგიური მოვლენები განვითარდება და რომ ქართული მხარე როკის გვირაბთან დესანტის გადასხმას აპირებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის გასაღვივებლად ქართულ სოფლებს გამოიყენებს და იქ შეიარაღებული ფორმირებები განთავსდებიან.

“მიუხედავად ამისა, - აცხადებს ალბოროვი, - ჩვენ შეშინებულებს არ ვგავართ. სააკაშვილს ისეთივე არმია ჰყავს, როგორიც ჩვენთან ჩვეულებრივი მოსახლეობაა. თუმცა სულიერად ისინი სუსტები არიან. ჩვენ ქართველებს, სააკაშვილთან ერთად, თბილისში ცენტრალურ მოედანზე დავაჩოქებთ.“

გულახდილად რომ ითქვას, ამ მუქარის აზრი საკმაოდ ალოგიკურია: გამოდის, რომ ცხინვალის ხელისუფლება თბილისის შტურმს გეგმავს.
XS
SM
MD
LG