Accessibility links

logo-print

ცხინვალიდან გატაცებული ქართველების გაურკვეველი ბედი და მორიგი სერიოზული დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში


რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან 4 ქართველის გატაცების ფაქტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარება სერიოზულად დაძაბა. ლიახვის ხეობის ქართული სოფლების

მოსახლეობამ ოსებზე შურის საძიებლად იარაღი აისხა. არ იყო გამორიცხული ქართველების გატაცების საპასუხოდ მათ მძევლად ოსები აეყვანათ, მაგრამ მხარეთა შორის რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ. ოსებს მათ ქართულ სოფლებზე გავლით ჯავის მიმართულებით მოძრაობა შეუზღუდეს, ქართველებს - ცხინვალის გავლით დიდი ლიახვის ხეობის სოფლებისკენ გადაადგილება და ამით დაძაბულობა გარკვეუწილად განმუხტეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა ფეთქებადსაშიში აღარაა.
რეგიონის ქართული სოფლების მოსახლეობას ჯერ კიდე აქვს იმედი იმის, რომ გატაცებულები ცოცხლები არიან, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ სარწმუნო ცნობები არ ჩანს. გატაცებულების ახლობლები ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით მოუწოდებენ, მათ მოსაძებნად უფრო ქმედითი ზომები მიიღონ.


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის ქართული სოფლის ქურთას მკვიდრი ბიძაშვილების, ხაჭაპურიძეებისა, და მათთან ერთად გატაცებული სურამელი ლომიძის ბედი ისევ გაურკვეველია. 4 ქართველი რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობები, თითქოსდა გატაცებიდან 2 დღის შემდეგ ოსური სოფლის ნაგავსაყრელზე ნაპოვნ დამწვარ ნივაში გატაცებულების დამწვარ ნეშტებსაც მიაკვლიეს, ან თითქოს ოსური სოფლის სასაფლაოზე ერთ-ერთი გატაცებულის მოჭრილი თავი ნახეს, არ დადასტურებულა. არც ოს სამართალდამცავებს და არც ქართველებს გატაცებულთა მდგომარეობის შესახებ ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ჯერ არა აქვთ. თუმცა იმედი იმისა, რომ გატაცებულები ცოცხლები არიან, ჯერ არ გამქრალა. მათი ახლობლები პარასკევს ცხინვალში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა მიიღეს. ამ შეხვედრაზე ოსებმა სცადეს ქართველების დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერს აკეთებენ გამტაცებლებისა და გატაცებულების კვალზე გასასვლელად. ეს იყო და ეს. ცხინვალში გამართულ შეხვედრას კოკოითის ქართველი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძეც ესწრებოდა

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა] ”შეხვედრაზე რომ მივდიოდი, მაშინ შემხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენლები და ვკითხე მათ, ხომ არაფერი გაიგეთ- მეთქი. მითხრეს, გარკვეული შანსები ჯერ კიდევ გვაქვსო. ჯერჯერობით არ გვაქვს არავითარი მასალა, რომ დავეყრდნოთ. ჯერჯერობით დაზუსტებით არც ის ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა. არავითარი შედეგი არა აქვს ამ ჩვენს მუშაობას. ”

მუშაობის პროცესში ინფორმაციის გაცვლაზე ხუთშაბათს ქართველი და ოსი სამართალდამცველები შეთანხმდნენ. მას შემდეგ კონფლიქტის ზონაში მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. არადა, დაძაბულობა იქ ჯერ კიდევ არ განმუხტულა. ცხინვალიდან ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის გატაცების ფაქტმა კონფლიქტის ზონაში შურისძიების ტალღა ააგორა. როგორი იყო ვითარება იქ პარასკევს, ამის გარკვევა ჩვენს გორელ კორესპონდენტ გოგა აფციაურთან გასაუბრებით ვცადე.

[გოგა აფციაურის ხმა] ”ვერ ვიტყვი, რომ განიმუხტა სიტუაცია. რუსემა შეასრულეს გარკვეული როლი იმაში, რომ ვითარება კიდევ უფრო არ დაძაბულიყო და ქართველებს მძევლად არ აეყვანათ ოსები. ”

რუსი სამშვიდობოების გარკვეულ პოზიტიურ როლში გოგა აფციაური გულისხმობს ქართული სოფლების გავლით ჯავისკენ და ცხინვალის გავლით დიდი ლიახვის ხეობისკენ მისასვლელ გზებზე შეზღუდვების დაწესებას. სხვა მხრივ, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.

სავარაუდო გამტაცებლებზე ვერსიების დონეზე მიდის ლაპარაკი. ორი დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ქართველი სამართალდამცველებისთვის ცნობილია გამტაცებლების ვინაობა. ნათქვამს მოჰყვა განმარტება, რომ გამტაცებელთა შორის, შესაძლოა, ცოტა ხნის წინ სოფელ თამარაშენთან მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული ოსის, კოჩიევის, შვილი იყოს. ეს უკანასკნელი კი ქართველების გატაცებასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს. რამდენიმე დღეა გატაცებულების ძებნა უშედეგოდ მიდის, რაც მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას ზრდის. ლომიძის და ხაჭაპურიძეების ახლობლებმა გადაწყვიტეს საპროტესტო აქციებით მოუწოდონ ხელისუფლებას, მეტი აქტივობა გამოიჩინონ.
XS
SM
MD
LG