Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ „ხადორჰესი“ საქართველოს ელექტროსისტემას მოსწყვიტა


წინა კვირაში მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა, რიგითი მოქალაქეების გარდა, საქართველოს ელექტროსისტემაც დააზარალა. ლაპარაკია ჩინური ინვესტიციით აშენებულ

ხადორის ჰიდროელექტროსადგურზე, რომლის საპროექტო სიმძლავრე 24 მეგავატია და რომელიც ერთი წლის წინ, 2004 წლის შემოდგომაზე, გაიხსნა. წყალდიდობამ, გარდა იმისა, რომ წააქცია ცენტრალურ სისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ანძა, სადგურამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც მოარღვია. შედეგად, ვერ ხერხდება ადგილზე ტექნიკის მიყვანა და ავარიის შედეგების ლიკვიდაცია, რის გამოც საქართველოს ენერგეტიკა 12 მეგავატ სიმძლავრეს კარგავს.

ჩინეთის ”ენერგომანქანათმშენებლობის კორპორაციამ“ ახმეტის რაიონში ”ხადორჰესის“ მშენებლობა ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში დაასრულა, თუმცა მაშინ ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ინვესტორს დენის მაღალი ტარიფი არ დაუმტკიცა და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაც არ გასცა. მხარეებმა პოზიციების შეჯერებას ნახევარ წელიწადზე მეტი მოანდომეს. სადგური საზეიმო ვითარებაში მხოლოდ წლის ბოლოს გაიხსნა. „ხადორჰესმა“ პირველი კილოვატები 2004 წლის 20 ნოემბერს გამოიმუშავა, თუმცა ამ ისტორიული თარიღიდან სულ რაღაც ექვის თვის შემდეგ, როგორც ახმეტის რაიონის გამგებელი ნუკრი ღუბიანური ამბობს, სადგური კვლავ გაჩერებულია. მოცდენის მიზეზად ამჯერად სტიქიური უბედურება სახელდება:

[ნუკრი ღუბიანურის ხმა] „მანდ მდინარე ალაზანმა დაანგრია შესასვლელი გზა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, ამიტომ სისტემაში ვერ არის ჩართული.”

არაერთი მცდელობის მიუხედავად, სადგურის ჩინელ მმართველბთან დაკავშირება ვერ მოვახერხე, თუმცა ის ფაქტი, რომ „ხადორჰესი“ ერთიანი ქსელიდან არის ამოვარდნილი, სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროსისტემის“ წარმომადგენელმა ნინო ჯერანაშვილმაც დამიდასტურა:

[ნინო ჯერანაშვილის ხმა] „ვიცით, რომ ჰესზე არ არის სერიოზული დაზიანება - უბრალოდ, წაქცეულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ანძა, საიდანაც მოდის ელექტროენერგია სისტემაში და იმის გამო, რომ იქ მისასვლელი გზა არ არსებობს (გზაც დაზიანდა), ვერ ხერხდება ამ ანძისა და ხაზის აღდგენა.“

ნინო ჯერანაშვილის თქმით, დაზიანებული ხაზი „ელექტროსისტემის“ სპეციალისტებმა უნდა აღადგინონ, თუმცა, როგორც ითქვა, ადიდებულმა ალაზანმა წაქცეულ ანძამდე მისასვლელი გზაც დააზიანა.
სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური ამბობს, რომ მწყობრიდან გამოსულ გზას, ისევე როგორც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს, კონკრეტული მფლობელი ჰყავს და სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაზეც მათ უნდა იზრუნონ:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „ენერგეტიკის სამინისტრო ვერანაირად ვერ ჩაერევა, იმიტომ რომ, კანონით, ჩვენ არ გვაქვს ხაზის აღდგენის უფლება. ზუსტად ასევეა გზის შემთხვევაშიც. თუ ეს გზა არის სახელმწიფო გზების ჩამონათვალში, მაშინ საგზაო დეპარტამენტი ამას ჩვეულებრივ გააკეთებს, მაგრამ გააჩნია, ვის ბალანსზეა ეს გზა.“

ვის ბალანსზეა „ხადორჰესამდე“ მისასვლელი გზა? - მე ამ კითხვით საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რუსუდან ხუბულავას, მივმართე.

[რუსუდან ხუბულავას ხმა] „ხადორჰესთან მისასვლელი გზის 22 კილომეტრი, ანუ ჩვენს ბალანსზე რიცხული გზა, ნორმალურ მდგომარეობაშია. იმის იქით კი ჩვენ არ გვეკუთვნის და არც დავინტერესებულვართ, რადგანაც ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.“

ერთი სიტყვით, ჩინელი ინვესტორები, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი - და ჯერჯერობით ერთადერთი -ელექტროსადგური ააშენეს, სტიქიური უბედურებით გამოწვეულ პრობლემებს მარტო, მთავრობის დახმარების გარეშე, უმკლავდებიან. და ეს მაშინ, როცა სადგური თითქმის ერთი კვირაა უქმადაა, ხოლო, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, ახმეტისა და თელავის რაიონის მოსახლეობას ივნისის პაპანაქება სიცხეშიც კი დენი გრაფიკით, ანუ შეზღუდული რაოდენობით, მიეწოდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG