Accessibility links

logo-print

„2006 წელს ნატო შავ ზღვაზე შემოვა,“ - წერს გაზეთი „რეზონანსი“


თამარ ჩიქოვანი, თბილისი „2006 წელს ნატო შავ ზღვაზე შემოვა,“ - წერს გაზეთი „რეზონანსი“, რომლის ცნობითაც, რუსეთის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად,

პროგრამა „აქტიური ძალისხმევა“, რომელსაც ნატო ხმელთაშუა ზღვაზე ატარებს, მომავალი წლიდან შავ ზღვაზეც გავრცელდება. გაზეთი სამხედრო ექსპერტებთან საუბარში დაინტერესდა, რას მოუტანს საქართველოს ნატოს პროგრამის შავ ზღვაზე გადმოტანა. ირაკლი სესიაშვილი ნატოსა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის შესაძლო ახალ კოალიციაზე საუბრობს. კერძოდ:
„საქართველოს რომ შავი ზღვის რეგიონში უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ კავკასიის რეგიონში, ცხადია. ამას ნატოს ინტერესიც მეტყველებს. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში შავი ზღვის უსაფრთხოების გარკვეული კოალიცია შეიქმნას, რაც ერთობ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ყველა ამ ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ნატო, ალბათ, წინასწარ იფიქრებს ამ ალიანსზე. ამიტომ ცდილობს, რომ ამ რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობაში, ანუ ერთობლივ წვრთნაში, ჩართული იყოს,“ - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.


როგორც გაზეთი „ ახალი ვერსია“ წერს, დიდი ლიახვის ხეობაში ომისთვის ემზადებიან. ხაჭაპურიძეების ნათესავები ყველაფერს იმ ხალხს აბრალებენ, ვინც ერთი წლის წინ ხეობაში ტანკები და ბეტეერები შეიყვანა. „შემოვიდნენ, შემოიყვანეს ტანკები და არიეს აქაურობა. რა უნდოდათ, ჩვენც არ ვიცით. როცა მიხვდნენ, არაფერი გამოუვიდოდათ, მიატოვეს ყველაფერი და შეგვატოვეს პირისპირ გაღიზიანებულ ოსებს. არავინ პასუხს არ ვაგებთ, რაც მოხდება. თუ ცოცხლები არ დაგვიბრუნდებიან ჩვენი შვილები, ჩვენ თვითონ გავუსწორდებით იმ ადამიანებს, - განუცხადეს გაზეთ „ახალ ვერსიას“ გატაცებულების ახლობლებმა.

ამავე თემას ეხმაურება გაზეთი „24 საათი“, რომლის ცნობითაც, დიდი ლიახვის ხეობაში მცხოვრებნი საქართველოს ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვენ, უკიდურეს შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
“გაუჩინარებული ოთხი ქართველის ძებნა კვლავ გრძელდება, თუმცა - უშედეგოდ. არადა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბიძინა ბრეგაძემ გუშინწინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ცნობილია გამტაცებელთა ვინაობა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა,“- წერს გაზეთი „24 საათი“.


და კიდევ იმ პუბლიკაციაზე მივაპყრობ თქვენს ყურადღებას, რომელსაც გაზეთი „ხვალინდელი დღე“ აქვეყნებს და რომელშიც მართლაც უცნაური ამბავია აღწერილი: თურმე მურმანსკში ცხოვრობს ქართველი გემის კაპიტანი, რომელსაც ერთდროულად ოთხი ცოლი ჰყავს. გაზეთის ანონიმი რესპონდენტის თქმით, „მურმანსკში მაქვს დიდი სახლი, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობთ. მყავს ექვსი შვილი, ყველა ჩემს გვარზეა. იცით? ეს ვიღაცას, შესაძლოა, გაუკვირდეს, მაგრამ ადამიანების ცხოვრება ურთიერთგაგებაზეა აგებული. მიმაჩნია, რომ ჩვენ შესანიშნავად გავუგეთ ერთმანეთს,“ - განუცხადა გაზეთ „ხვალინდელ დღეს“ ოთხი ცოლის მეუღლემ, რომელიც თავის წარმატებებს ცოლებსაც უმადლის.
XS
SM
MD
LG