Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ბიუჯეტებს მოგების გადასახადის გარეშე ტოვებს


საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ლიცენზირების სისტემის გამარტივების დასაკანონებლად, პრეზიდენტისვე გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტი

საგანგებო სხდომაზე შეიკრიბა. სხდომაზე განსახილველ საკითხთა რიგში პირველი, ლიცენზირების ნაცვლად, ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის მოგების გადასახადის ჩამოჭრის წინადადება აღმოჩნდა. მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოგების გადასახადი, ადგილობრივი ბიუჯეტების ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა შევიდეს და ის, ტრანსფერტების სახით, ისევ რეგიონებს დაუბრუნდეს. ამ ცვლილების შესახებ უფრო დაწვრილებით მინდა გესაუბროთ.

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება 10 ივნისს საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ გააცნო. მან ამ ახალი ცვლილების ძირითადი არსი ასე ჩამოაყალიბა:

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”თავისი ბუნებით მოგების გადასახადი არის ცენტრალური ბიუჯეტის გადასახადი. მაჟორიტარი დეპუტატების მისამართით მინდა გავაკეთო განცხადება, რომ ეს არის მათი რაიონებისთვის უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამ რაიონებში განათლება და ის რეფორმა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, უფრო მეტით დაფინანსდება, ვიდრე მოგების გადასახადით შეიძლებოდა მათ მიეღოთ.”

არათუ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, მმართველი პარტიის პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების ნაწილმაც კი არ გაიზიარა საქართველოს მთავრობის ის არგუმენტები, რომლებიც გოდაბრელიძემ მოიყვანა. თუმცა ყველაზე მეტად მაინც მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურობდნენ - ისინი, ვინც უშუალოდ არიან დაინტესებულნი თავიანთი რაიონების ფინანსური მდგომარეობით. პარლამენტარები კიდევ უფრო გააღიზიანა იმ ფაქტმაც, რომ მოგების გადასახადი კვლავ რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის განკარგულებაში.

[ბესო ჯუღელის ხმა] ”ამ კანონის მიღებით, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, არის უკან გადადგმული ნაბიჯი, დაბრუნება საბჭოთა სისტემასთან.”(სტილი დაცულია)

ასეთი რადიკალური იყო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ბესო ჯუღელი. მას ტოლს არ უდებდა ოპოზიცია. აი, რა განაცხადა “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”დღეს, როცა ჩვენ თვითმმართველობის გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, იმაზე ვილაპარაკოთ, როგორი თვითმმართველობა გავარკვიოთ და არა ის, რომ სულ წავართვათ და წამოვიღოთ აქეთ.” (სტილი დაცულია)

კანონპროექტის ამოქმედება რომ თვითმმართველობის განვითარებას არ წაადგება, ეს უმრავლესობის წარმომადგენელმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმაც აღნიშნეს. რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის ედუარდ სურმანიძის აზრით, კანონი დროებითია და ის მომავალში უნდა შეიცვალოს, რათა არ შესუსტდეს რეგიონული თვითმმართველობა. უფრო კრიტიკული იყო საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის მოსაზრებები:

[ირაკლი კოვზანაძის ხმა] ”მოგების გადასახადის მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში წარმართვა გალკვეულწილად შეასუსტებს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს და გარკვეულად ასევე შეამცირებს მათ ინიციატივას და პასუხისმგებლობას.” (სტილი დაცულია)

ამ განცხადებებმა და პარლამენტში გამოთქმულმა სხვა მსგავსმა მოსაზრებებმა საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაზე ის გავლენა მოახდინა, რასაც ოპოზიციაც კი მოელოდა. პარლამენტმა, 117 ხმით 9-ის წინააღმდეგ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. მომდევნო დღეებში ამ კანონს კენჭს უყრიან მეორე და მესამე მოსმენით და, საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, 2006 წლიდან მოგების გადასახადი, რომელიც ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტების ნაცვლად, ცენტრალური ბიუჯეტის საკუთრება გახდება.
XS
SM
MD
LG