Accessibility links

logo-print

ბიზნესმენებს კერძო არბიტრაჟის ახალი მოდელის პროექტი მზად აქვთ, თუმცა ის მთავრობისათვის მიუღებელია


ზაზა გაჩეჩილაძე 1 იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი გასულ კვირას მორიგი განხილვის საგანი იყო.


მიღებიდან 6 თვის შემდეგ მის ქმედითობაზე ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებულ ბიზნესსაბჭოში მსჯელობდნენ. კოდექსი, რომელიც ხელისუფლებამ ზარ-ზეიმით მიიღო და იმთავითვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ დოკუმენტად შეირაცხა, როგორც აღმოჩნდა, არც ისეთი ლიბერალურია და მისი ცალკეული მუხლის ტრანსფორმირების აუცილებლობაზე პერიოდულად ხან სამეწარმეო სექტორი, ზოგჯერ კი თავად ხელისუფლება საუბრობს. მთავრობამ კოდექსში ცვლილების შეტანა თავის სასიკეთოდ უკვე მოასწრო. საინტერესოა, რომ ცვლილება შეეხო სწორედ იმ მუხლს, რომელსაც საზოგადოება და ბიზნესის წარმომადგენლები ყველაზე პროგრესულად მიიჩნევდნენ. საუბარია საგადასახადო დავების განხილვის ალტერნატიულ ინსტიტუტზე – კერძო არბიტრაჟზე, რომელიც თავის დროზე იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მიერ იყო ინიცირებული. თუმცა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ორ კომპანიასთან კერძო არბიტრაჟში დავები წააგო, მთავრობამ ამ მუხლის სასწრაფო გაუქმება მოითხოვა. საინტერესოა, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტში არბიტრაჟის მუხლის დახვეწას და პროცედურების მკაცრად განსაზღვრას ის ექსპერტები ურჩევდნენ ხელისუფლებას, რომლებიც შემდეგ დამოუკიდებელ არბიტრებად მოგვევლინნენ. ხელისუფლებამ მაშინ ეს რჩევები, ტრადიციულად, ყურად არ იღო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ინსტიტუტის სახით სახელმწიფო ბიუჯეტისათვის სერიოზული საფრთხე დაინახა, არბიტრაჟის მექანიზმის დახვეწის ნაცვლად, იგი, უბრალოდ, გააუქმა.

გასულ კვირას კი არბიტრაჟის მუხლის ტრანსფორმაციის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებულმა ბიზნესსაბჭომ დაიწყო მსჯელობა. ბიზნესსტრუქტურებს, კერძოდ კი, საქართველოს ბიზნესფედერაციას ამ ინსტიტუტის ახალი მოდელის პროექტი მზად აქვს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია მთავრობა და განსაკუთრებით კი პრემიერი ნოღაიდელი არბიტრაჟის რაიმენაირი ფორმით აღდგენაზე დათანხმდეს. ზურაბ ნოღაიდელი ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპულ პოზიციას არ თმობს. პრემიერი აღიარებს, რომ მაშინ, როდესაც არბიტრაჟის მუხლი საგადასახადო კოდექსში ჩაიდო, ამ ინსტიტუტის მიმართ სხვა მოლოდინი იყო, მაგრამ ბიზნესმა ეს მოლოდინი არაადეკვატურად მიიღო:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”რაც შეეხება კერძო არბიტრაჟს, პირდაპირ მინდა ვთქვა ამ საკითხზე: ჩვენი მოლოდინი იყო სულ სხვა, ჩვენ გვეგონა, რომ ბიზნესის რეაგირება ამ საკითხზე იქნებოდა ადეკვატური და ჩვენ შევძლებდით შეგვექმნა დავების განხილვის ალტერნატიული სისტემა, თუმცა, ალბათ, ჩვენი შეცდომაც იყო, რომ არ გავაძლიერეთ დავების განხილვის არსებული სისტემები, ანუ არ აღვადგინეთ, არ შევქმენით ნდობა საგადასახადო სამსახურის მიმართ და არ დავიწყეთ ნდობის აღდგენა სასამართლოს მიმართ, ეს იყო ჩვენი შეცდომა. მაგრამ ახლა ამას დავანებოთ თავი, ჩვენ მივიღეთ კერძო არბიტრაჟზე გადაწყვეტილება და ველოდით, რომ ის იქნებოდა ეფექტური, მაგრამ კერძო ბიზნესის და განსაკუთრებით კერძო არბიტრების რეაქცია ამაზე იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილებები არბიტრების მიერ. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები და მე ვერ დავუშვებდი, პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისათვის ასეთი სათბურების შექმნას. კერძო არბიტრაჟი არის გაუქმებული, შესაბამისად, დავები განიხილება არსებული წესით”.

პრემიერის პოზიცია ამგვარი გახლავთ. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული ბიზნესსაბჭო არბიტრაჟის თემას მაინც უბრუნდება. მაგრამ იმთავითვე ცხადია, რომ ხელისუფლება დავების განხილვის ალტერნატიული ინსტიტუტის აღდგენას არ დაუშვებს. სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ჰპირდება ბიზნესწრეებს, რომ საგადასახადო კოდექსში ან სხვა მარეგულირებელ დოკუმენტში ორმაგი ინტრეპრეტაციისათვის ადგილს არ დატოვებს და თუ ამგვარი მაინც შესაძლებელი გახდება, დავა ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდება. ბიზნესფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ისაკაძეს ხელისუფლების მხრიდან ამგვარი შეთავაზება წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”უმთავრესი, რაც დღეს ბიზნესმა დღევანდელ ბიზნესსაბჭოდან წაიღო, ეს გახლავთ ის, რომ მომზადდება მუხლის შესაბამისი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ორმაგი ინტერპრეტაციის პირობებში დავა გადაწყდება ბიზნესის სასარგებლოდ და ეს მე საკმაოდ სერიოზულ მიღწევად მიმაჩნია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არბიტრაჟთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება.”

პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებულ ბიზნესსაბჭოზე კოდექსთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საგადასახადო კოდექსი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, ფაქტობრივად, ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ქმედითობაში დასარწმუნებლად პერიოდულად მისი რევიზიაც შესაძლებელია:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “საგადასახადო კოდექსი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გვაჩვენებს ჩვენ მუშაობის პროცესში, რა მუხლმა იმუშავა კარგად ან რომელი მუხლი საჭიროებს დამატებით დარეგულირებას. ლიზინგთან დაკავშირებით ჩვენ არა გვაქვს პრობლემა საგადასახადო კოდექსში ჩაწერილ დებულებებზე, აქ უფრო ინტერპრეტაციის საკითხია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ არა მარტო საგადასახადო კოდექსთან, არამედ სხვა კანონებთან დაკავშირებითაც აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, რომ ვნახოთ როგორ მუშაობს ჩვენ მიერ მიღებული კანონები, ანუ როგორ შეესაბამება ის რეალობას.”

სკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირი და ბიზნესსაბჭო თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად ამგვარი კონსულტაციები და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. ბიზნესი მიესალმება იმასაც, რომ ხელისუფლებამ თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პერიოდული რევიზიაც მოახდინოს, რადგან მიღებული კანონი ყოველთვის ეფექტური არაა და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში მისი გადახედვაა საჭირო. თუმცა ბიზნესმენები აქვე აფიქსირებენ, რომ დოკუმენტების ცვლილება ორმხრივი კონსულტაციების შედეგი უნდა იყოს და მხოლოდ ცალმხრივად, ხელისუფლებისათვის მისაღებ კონტექსტში, ბიზნესის საზიანოდ, არ უნდა იცვლებოდეს.


XS
SM
MD
LG