Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო დანახარჯები მსოფლიოში ”ცივი ომის” დროინდელს მიუახლოვდა


სამხედრო დანახარჯები მსოფლიოს მასშტაბით 2004 წლის

განმავლობაში ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ასეთი გახლავთ ციფრი, რომელიც სტოკჰოლმში არსებული მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო გამოკვლევამ აჩვენა. მსოფლიოს ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება, რომელმაც, შარშანდელთან შედარებით, წელს 7-ჯერ გაზარდა სამხედრო ხარჯები. ამასთან, მსოფლიო მასშტაბით სამხედრო ხარჯების ზრდა გამოწვეულია სამხედრო კონფლიქტებით, რომელთა რაოდენობაც 19-ს აღწევს და თითოეულ მათგანს ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

შვედეთის წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევა გლობალური სამხედრო დანახარჯების ზრდაზე მეტყველებს. სტოკჰოლმის მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2004 წელს სამხედრო დანახარჯებმა ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ პლანეტაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე საშუალოდ 162 დოლარი მოდის. გამოკვლევების ერთ-ერთი თანაავტორი, პიტერ სტალენჰაიმი, ამბობს, რომ გლობალური სამხედრო დანახარჯები ახლოსაა 1987-88 წლის დონესთან, როდესაც ”ცივი ომი” თავის პიკს მიუახლოვდა.
[პიტერ სტალენჰაიმის ხმა] ” ’ცივი ომის’ შემდეგ მსოფლიო სამხედრო ხარჯებმა რადიკალურად იწყო შემცირება, მაგრამ 1998 წელს კვლავ დაიწყო ზრდის ტენდენცია. ახლა კი მსოფლიო მასშტაბით სამხედრო დანახარჯები მხოლოდ 6 პროცენტით ჩამორჩება ”ცივი ომის” დროინდელ ციფრს.”

სტოკჰოლმის ინსტიტუტის გამოკვლევის თანახმად, სამხედრო დანახარჯების ლამის ნახევარი - დაახლოებით 47 პროცენტი - ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. კერძოდ, გასულ წელს ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტი 12 პროცენტით გაიზარდა და 455 მილიარდ დოლარს მიაღწია. ვაშინგტონის მიერ სამხედრო ხარჯების გაზრდა დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომთან, რაც გულისხმობს სამხედრო ოპერაციებს ერაყსა და ავღანეთში.

შეერთებული შტატების შემდეგ, სამხედრო ხარჯების მოცულობის მხრივ, მომდევნო ადგილებს ინაწილებენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია და ჩინეთი. სამხედრო ხაზით ბიუჯეტის დიდ მხარჯველებს არც რუსეთი ჩამორჩება, რომელმაც თავდაცვის ბიუჯეტი 2004 წელს 5 პროცენტით, 19 მილიარდ დოლარამდე, გაზარდა. დოლარით დაანგარიშების შემთხვევაში, რუსეთი, სამხედრო ბიუჯეტის დონით, მე-8 ადგილზეა, გერმანიისა და იტალიის შემდეგ. თუმცა გამოკვლევის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი რანჟირება ზუსტად ვერ ასახავდეს რუსეთის სამხედრო სიძლიერეს - მით უფრო, რომ ბევრი სახის შეიარაღების წარმოება და ნედლეული რუსეთს გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე უჯდებათ დასავლეთ ევროპაში.

დიდი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყნების რიგში შედიან ჩინეთი და ინდოეთი.

ზემოხსენებული შვედური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, საიმონ ვეზემანის, თქმით, ჩინეთს სურს გამოიყენოს თავისი მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობა იმისათვის, რომ დასავლეთ ევროპაში შეისყიდოს რამდენიმე მაღალტექნოლოგიური სამხედრო სისტემა. თუმცა ჩინეთის ამ სწრაფვას აფერხებს შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი, ჩინეთის წინააღმდეგ შემოღებული ემბარგოს გზით. ალტერნატივა კი, რუსეთიდან იარაღის შეძენა, ჩინეთს ნაკლებად ხიბლავს.

[საიმონ ვეზემანის ხმა] ”ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩინეთი ჯიუტად ცდილობს გაუქმდეს ევროკავშირის ემბარგო, შესაძლოა, ის იყოს, რომ ჩინეთი კარგად აცნობიერებს: მას შეუძლია დასავლეთ ევროპაში შესყიდული საინჟინრო ტექნოლოგია და ელექტროსისტემები გამოიყენოს საკუთარი სამხედრო სისტემის გასაუმჯობესებლად ან იმ შეიარაღების მოდიფიცირებისათვის, რომელსაც რუსეთში შეიძენს. ამგვარი მაღალი ტექნოლოგიების გარეშე ჩინეთი რჩება 10-15 წლის წინანდელი შეიარაღების ამარა, რომელიც, შესაძლოა, დღეს მშვენივრად მუშაობდეს, მაგრამ სულ მალე გამოუსადეგარი გახდეს.”

ინდოეთიც სულ უფრო მეტად ისწრაფვის გახდეს უფრო ძლიერი და მოახდინოს სამხედრო სტრუქტურის მოდერნიზება. ვეზემანის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია ინდოეთი ცდილობს იქცეს რეგიონის ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალა ინდოეთის ოკეანის ვრცელი რეგიონის ნებისმიერ წერტილში გადაისროლოს. მაგრამ დღემდე ინდოეთის ამ ამბიციას მნიშვნელოვნად ზღუდავს ემბარგო, რომელიც ქვეყანას დაედო ბირთვული იარაღის გამოცდის გამო.

თანაც, შვედეთის მშვიდობის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტი არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ მისი გამოკვლევები, რომელიც ლეგალურ, ღია წყაროებს ეყრდნობა, შეუმცდარია. გამოკვლევის თანაავტორის პიტერ სტალენჰაიმის თქმით, მიუხედავად მკვლევართა მცდელობისა, დაარწმუნონ ქვეყნები, უფრო რეალური მონაცემები წარმოადგინონ,ზოგიერთი მათგანი მიდრეკილია დამალოს სამხედრო ხარჯები.

[პიტერ სტალენჰაიმის ხმა] ”შვედეთის ინსტიტუტი მხოლოდ ღია წყაროებზე მუშაობს, ხოლო ძირითადი წყარო არის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ოფიციალური პასუხები ჩვენს შეკითხვებზე და ასე შემდეგ. ჩინეთის, რუსეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ბევრი რამ, რაც სამხედრო სფეროს განეკუთვნება, არ აისახება სამხედრო ბიუჯეტში. ამიტომ ჩვენ ვამატებთ გარკვეულ მონაცემებს, რათა განვსაზღვროთ, თუ რა შედის სამხედრო ხარჯებში.”

დაბოლოს, მსოფლიო მასშტაბით სამხედრო ხარჯების ზრდა პირდაპირ კავშირშია შეიარაღებულ ღია კონფლიქტებთან, რომელსაც გასულ წელს 19 ქვეყანაში ჰქონდა ადგილი. თითოეულ კონფლიქტში კი საშუალოდ 1000 ადამიანი დაიღუპა. ცალკე პრობლემაა გაყინული კონფლიქტები, როგორიცაა კოსოვოს, მთიანი ყარაბახის, აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთისა - კონფლიქტები, რომელიც არ მოხვდა სტოკჰოლმის მშვიდობის შემსწავლელი ინსტიტუტის გამოკვლევაში. თუმცა ერთი რამ უამისოდაც ნათელია: შეიარაღების ზრდას უცილობლად მოსდევს შეიარაღებული კონფლიქტების ზრდაც - ზუსტად ისე, როგორც სპექტაკლის დასაწაყისში კედელზე ჩამოკიდებული თოფი აუცილებლად გაისვრის პიესის ბოლოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG