Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არტისტულ ელიტას, ისევე როგორც ყველგან მთელ მსოფლიოში


არტისტულ ელიტას, ისევე როგორც ყველგან მთელ მსოფლიოში,

საქართველოშიც უყვარს ჭორის გავრცელება, თანაც, “ინტერპრეტირებული ჭორების”, რაც, ერთი შეხედვით, არ არის გასაკვირი – ინტერპრეტაცია ხომ არტისტის ცხოვრების წესია... გასაკვირი სხვა რამეა: როგორ არ უყვარს ზოგიერთ ინტერპრეტატორს თავისი საქმე, თავისი პროფესია, ის კოლეგები, რომლებმაც რაღაცას მიაღწიეს უკვე; როგორ არ უყვარს ზოგიერთ ინტერპრეტატორ-არტისტს ხელოვნება.

აი, თუნდაც თეატრალები ავიღოთ. წესით და რიგით, მათ მაინც უნდა გახარებოდათ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის გამართვა; გვერდში უნდა ამოსდგომოდნენ ფესტივალის დირექციას, როცა “საჩუქარს” სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, თუნდაც იმიტომ, რომ სპექტაკლები ენახათ - კარგი და ცუდი სპექტაკლები, რომელიც “საჩუქარზე”, ისევე როგორც ყველა ფესტივალზე, მრავლადაა. მაგრამ ზოგიერთმა ინტერპრეტატორმა სხვა გზა აირჩია – ჭორების გავრცელება დაიწყო. წლევანდელი “გიფტის” გახსნამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში ხმა გავრცელდა: “საჩუქრის” ორგანიზატორები ტყუიან, ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკი საქართველოში არ ჩამოდისო. “გიფტის” ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ, შესაძლოა, ამ ინფორმაციის “წყაროდ” დედაქალაქის მერია მიიჩნიოს – ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი ქეთი პრესაში აღნიშნავს, რომ განათლებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა, რომლის კონკურსშიც გაიმარჯვა “გიფტმა”, ფესტივალს ფული დააკლო (მერიაში ამბობენ, რომ გამარჯვებულ პროექტს თანადამფინანსებლის წერილები აკლია)... საეჭვოა, მერიის ჩინოვნიკებმა ისე კარგად იცოდნენ ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკის შემოქმედება ან იმდენად მნიშვნელოვან ფიგურად მიაჩნდეთ რუსი რეჟისორი, რომ ასეთი ჭორი გაავრცელონ. არ არის გამორიცხული, რომ აქ ინტერპრეტატორმა კოლეგებმა ივაჟკაცეს.

[ქეთი დოლიძის ხმა] “კონჩალოვსკიც ჩამოვა, ფესტივალიც გამოვა.”

დიახ. ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკი მაინც ჩამოვიდა თბილისში. ქეთი დოლიძემ საზეიმოდ გამოგვიცხადა ეს 5 ივნისს ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე, ფესტივალისა, რომელიც ამჯერად ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. ფესტივალის მთავარი დიასახლისის სიტყვა ისე იყო აგებული, რომ იგულისხმებოდა (ჩვენც რომ მივმართოთ ინტერპრეტაციას): “თქვენს ჯიბრზე, კონჩალოვსკიც ჩამოვიდა და ფესტივალიც გაიმართა”.


[ქეთი დოლიძის ხმა] “რამდენიმე დღის წინ ჩვენ არ ვიცოდით შედგებოდა თუ არა ფესტივალი...არავინ იცოდა ჩეხოვზე უკეთესად, თუ როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩინოვნიკმა დიდ საქმეს. მე ვუსურვებდი ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას, რომ არასდროს ყოფილიყვნენ ჩვენს ქვეყანაში პატარა ჩინოვნიკები.”

არ არის გამორიცხული, რომ ასეთი მქუხარე ტაში იმანაც დასცხო, ვისაც ღამეები არ გაუთენებია იმის ფიქრში, მოეწყობოდა თუ არა წლევანდელი “გიფტი”... უბრალოდ, ვერ იტანდა “პატარა ჩინოვნიკებს” და ქეთი დოლიძის ნათქვამი მოეწონა. სხვათა შორის, “გიფტის” გახსნაზე, კულტურის ჩინოვნიკებთან ერთად, პრეზიდენტის დაცვის წევრებიც მრავლად იყვნენ. რუსთაველის გადაკეტვის “საკვირაო პრემიერაზე” წვიმიან ამინდში ოპერამდე “ძლივსმიღწეულ” მაყურებელს დიდხანს უსინჯავდნენ ჩანთებსა და ჯიბეებს. პუბლიკა უკმაყოფილებას ვერ მალავდა და, აბა, როგორ არ გაუხარდებოდა “პატარა ჩინოვნიკის” გაქილიკება.

რაც შეეხება “დიდ”, ე.ი. “მაღალ ჩინოვნიკს”, ბატონ პრეზიდენტს, მართალია, მოლოდინისა და ჩხრეკის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი კონჩალოვსკის “თოლიის” სანახავად არ მოვიდა, “საჩუქრის” დიასახლისმა მისი მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:

[ქეთი დოლიძის ხმა] “ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პრეზიდენტი წერილებს კითხულობს – სწორედ იმ წერილმა, რომელიც მისწერა მას საერთაშორისო დირექტორატმა, გენიალურმა ანატოლი ვასილიევმა, მივწერეთ ჩვენ, საზოგადოებამ, განაპირობა ის, რომ ეს ფესტივალი იხსნება ანდრეი კონჩალოვსკის - მიმიტევეთ, რომ წინასწარ გეუბნებით - ძალიან საინტერესო სპექტაკლით “თოლია”.

კიდევ კარგი, “საჩუქრის” დიასახლისმა თქვა “ძალიან საინტერესო სპექტაკლითო” და არა “შედევრითო”... თორემ “ინტერპრეტატორების” რისხვას მერე ვერ გადაურჩებოდა. პირადად მე ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკის სპექტაკლის ნახვამდე მთელი რუსული ინტერნეტი გადავქექე, არაერთი რეცენზია წავიკითხე ამ სპექტაკლზე და სრულიად გაოცებული დავრჩი: ნუთუ კონჩალოვსკიმ, რომელსაც თავისი ძმის, ნიკიტა მიხალკოვის, მსგავსად, “კავშირები” აქვს რუსულ ელიტაში (და არა მარტო ხელოვანთა წრეში), რამდენიმე თეატრმცოდნე მაინც ვერ მონახა, რომელსაც მოსსოვეტის თეატრში დადგმულ “თოლიას” მოაწონებდა... ძღვენით (თუ “გიფტით”) თუ არ წაახალისებდა, აუხსნიდა მაინც, რა დადგა და რატომ დადგა მოსსოვეტის თეატრში. არადა, “თოლიას” არაერთი რეცენზია მიუძღვნეს. თეატრის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კონჩალოვსკის სურვილი ჩეხოვის პიესა რაც შეიძლება სასაცილო გაეხადა (ანტონ პავლოვიჩიც ხომ ამას ამბობდა, კომედია დავწერეო), დასრულდა - კატასტროფით თუ არა - “უხამსი ანეგდოტით” მაინც... ერთმა კრიტიკოსმა მხატვარ ეცო ფრიჯერიოს ფოტოშპალერები და რუსტამ ხანდამოვის რეტროკოსტიუმები შეადარა ტვერის ქუჩაზე გახსნილი ძვირფასი მაღაზიების ვიტრინებს... ვერ გეტყვით, მოსკოვში დიდი ხანია არ ვყოფილვარ... მაგრამ კონჩალოვსკის სიტყვამ, რომელიც მან ოპერის სცენაზე წარმოთქვა, დამარწმუნა, რომ დიდად არ შეცვლილან ის რუსი ინტელიგენტები, რომელთაც საბჭოთა ეპოქაში პრივილეგიები არ აკლდათ – ცოტა გავლენიანი მამიკოების, ცოტა ნიჭის, ცოტა მოხერხებულობის და კიდევ ვინ იცის, რისი წყალობით... რიტორიკა უცვლელი რჩება:

[ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკი] “ამ სპექტაკლს პირველად ვაჩვენებთ უცხოეთში. ეს სერიოზული გამოცდაა ჩვენთვის... მაგრამ თქვენს ქვეყანაში ძალიან კარგად იციან რუსეთი როგორც ცუდი, ისე კარგი მხრიდან. თუმცა ეს “ცუდი” ჩვენს ურთიერთობას ვერ შეცვლის. ხშირად ხდება ასე ცხოვრებაში – არ გვიყვარს ის ხალხი, რომელიც სიკეთეს სჩადის და უფრო ის ხალხი გვიზიდავს, ვინც მხოლოდ ცუდს აკეთებს. ეს მისტიკაა. ოჯახშიც ხდება ხოლმე ასე.”

მერე უკვე, სპექტაკლის დაწყების წინ, გაისმა კონჩალოვსკის ხმა, რომელმაც გაგვაფრთხილა: “არ დაგავიწყდეთ გამორთოთ თქვენი მობილური ტელეფონები, ანტონ პავლოვიჩს ეს არ მოეწონებოდა...” კონჩალოვსკის მიმართვა, როგორც ჩანს, წინასწარაა ჩაწერილი... ისევ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე, რომ ამ მიმართვით იწყება “თოლიის” ყველა წარმოდგენა მოსსოვეტის თეატრში...

ჩეხოვს მობილური ტელეფონის ზარები არ მოეწონებოდა, მაგრამ კონჩალოვსკი დარწმუნებულია, რომ ანტონ პავლოვიჩს აუცილებლად მოეწონებოდა მისი სპექტაკლი. ამას ამბობს თურმე იგი მოსკოვში და იგივე თქვა ზუსტად თბილისშიც. ეტყობა, ინტერპრეტაცია უჭირს... და მაინცდამაინც არც მოსწონს ინტერპრეტაციის ხელოვნება:

[“ანდრეი მიხალკოვ-კონჩალოვსკის ხმა] “ჩემს თავს რევოლუციონერად არ ვთვლი. ვფიქრობ, რომ თანამედროვე თეატრში სულ უფრო ძნელი ხდება ავტორის ცნობა. “აიდას” დგამენ ახლა ჩვენთან. ფარდა იხსნება და შეიარაღებული ხალხია სცენაზე. ერთი მაყურებელი მეორეს ეკითხება – მართლა “აიდაზე” მოვედით?”

მაგრამ კონჩალოვსკის სამსაათიანმა “თოლიამ” თუ მოაწყინა მაყურებელი, თუ ოპერის თეატრის სცენა და დარბაზი ძალიან არ მოუხდა ჩეხოვის პიესის ატმოსფეროს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “საჩუქარი” არ უნდა ჩატარდეს. მით უმეტეს, რომ ამ კვირაში ყველაფერი წინა გვაქვს (გაგახსენებთ, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 19 ივნისს დაიხურება); “საჩუქრის” პროგრამაში ჩართულია კონჩალოვსკიზე არანაკლებ საინტერესო რეჟისორის, ანატოლი ვასილიევის, სპექტაკლები, კაუნასის თეატრის წარმოდგენები, ამერიკელი მსახიობი როლანდ რანდი, ოლეგ ტაბაკოვის თეატრი “ტაბაკერკა”, ბრაზილიელი რეჟისორის ანე ვესტფალის პერფომენსი, პოლონური ფილმები. პროგრამა დიდი არაა, მაგრამ საინტერესოა. საერთოდ, “საჩუქარი” არ არის “დიდი ფესტივალი”, “პატარაა”, მაგრამ “პატარა ჩინოვნიკისა” არ იყოს, “პატარა” თუ ხარ, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG