Accessibility links

logo-print

რატომ გახშირდა ჯარისკაცთა დაღუპვისა და თვითმკვლელობის ფაქტები


საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ბოლო დროს ჯარისკაცთა დაღუპვისა თუ თვითმკვლელობის გახშირებულ შემთხვევებს კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი შეემატა:

11 ინვისს თბილისის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში გორის სამხედრო ნაწილის რიგითი ჯარისკაცი ნუგზარ გელაშვილი გარდაიცვალა. იგი თბილისში გორიდან 10 ივნისს გადაიყვანეს ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა ჯარისკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ამ ფაქტის გამოძიებით ერთდროულად ორი უწყებაა დაკავებული: თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საქართველოს გენერალური პროკურატურა.
ნუგზარ გელაშვილის დაღუპვის ფაქტს 12 ივნისს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლევან ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა:
[ლევან ნიკოლაიშვილის ხმა] ”ყველა ძალისხმევა არის მიმართული იმისკენ, თუ აღმოჩნდება რაიმე დარღვევა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი თანამდებობის პირი დაისჯება.” (სტილი დაცულია)
ნუგზარ გელაშვილი ხარაგაულის რაიონის სოფელ ათაგურის მკვიდრი იყო. იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიმდინარე წლის აპრილში გაიწვიეს და გორში განლაგებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ამ ნაწილის ჯარისკაცები იხსენებენ, რომ ნუგზარ გელაშვილი ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობდა. ის რამდენჯერმე მოუთავსებიათ ლაზარეთში, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდა და ნუგზარ გელაშვილი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. მისი თანასოფლელები ირწმუნებიან, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე გელაშვილი სრულიად ჯანმრთელი იყო.
[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”წვევამდელი, რომელიც ექცევა ჯარში და ექცევა ახალ გარემოში, სადაც ფიზიკური დატვირთვებია, არის გარკვეული ფსიქოლოგიური გარემოც მძიმე, ამ პირობებში ჯარისკაცს უმწვავდება ყველა ის ფარული დაავადება თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მას შეიძლება გაწვევამდე არ ჰქონოდა, მაგრამ ჯარში მოხვედრის შემდეგ ეს ყველაფერი თავს იჩენს.” (სტილი დაცულია)
ეს არის სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მის აზრს იზიარებს კრიმინალისტიკის დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. იგი ამბობს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო წვევამდელთა იმუნოსისტემა დასუსტებულია; შესაბამისად, ექსტრემალურ პირობებში თავს უცებ იჩენს ათასგვარი დაავადება. თუმცა ეს, ნიკოლეიშვილის აზრით, პასუხისმგებლობისგან სულაც არ ათავისუფლებს არც სამხედრო ხელმძღვანელობას და არც შეიარაღებულ ძალებში მოქმედ ჯანდაცვის სისტემას, რომელმაც ნუგზარ გელაშვილის განკურნება ვერ შეძლო:
[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] ”ის მორფოლოგიური სურათი, რომელიც ვნახეთ, ამის განვითარებისთვის საჭიროა გარკვეული დრო, ბუნებრივია, და ჩანს, რომ არ არის გაწეული ის დახმარება, რომელიც ფილტვების ანთების დროს უნდა გაეწიოს.” (სტილი დაცულია)
ჯარისკაცთა დაავადების გახშირებული ფაქტების მთავარ მიზეზად შეიარაღებულ ძალებში მოქმედ ჯანდაცვის სისტემას ასახელებს ექსპერტი ირაკლი სესიაშვილიც:
[ირაკლი სესიაშვილის ხმა] ”თვეში ერთხელ უნდა მოხდეს ყველა სამხედრო ნაწილში ყველა სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და მუდმივად უნდა იყვნენ ისინი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.”
არადა, სესიაშვილისვე თქმით, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შტატების შემცირება ყველაზე მეტად ექიმების კორპუსზე აისახა.
თავდაცვის სამინისტროში ყოველივე ამის კომენტირებისგან თავს იკავებენ და გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG