Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური კულტურის კვირეული თბილისში


გასულ კვირას თბილისში დასრულდა ისლამური

კულტურის კვირეული, რომლის პროგრამაში, ისლამური კულტურის ექსპერტთა სიმპოზიუმის გარდა, ჩართული იყო საქართველოს ფონდებში დაცული ისლამური ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა. განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია ყაჯართა დინასტიის პორტრეტებმა, რომლის სანახავად თბილისს ეწვია ისლამური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სპეციალისტი, ირანის უკანასკნელი დედოფლის რძალი, ლეილა დიბა. ქალბატონი ლეილა დიბა, ორგანიზატორი გამოფენისა ”სპარსული სამეფო პორტრეტი, 1785-1925 წლები”, გამოფენისა, რომელიც ამას წინათ შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთში მოეწყო, რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ეწვია.

ქალბატონ ლეილა დიბას, პირველ რიგში, თბილისში გამართულ სიმპოზიუმზე ვკითხეთ. გაგახსენებთ: გასულ კვირას თბილისში სტუმრობდა ყველა, ვინც დღეს ისლამური ხელოვნების საუკეთესო ექსპერტადაა მიჩნეული მსოფლიოში.

[ლეილა დიბას ხმა] “ვფიქრობ, ეს იყო ჯგუფი ძალიან საინტერესო მკვლევარებისა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და ყაჯართა კულტურის და მე-19 საუკუნის სპარსული ხელოვნების განსხვავებულ ასპექტებზე საუბრობდნენ. ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ ბერლინის და ალბერტ და ვიქტორიას მუზეუმის თანამშრომლებიც, რომლებმაც მათთან დაცული სპარსული ხელოვნების კოლექციებსა და ამ კოლექციების საქართველოში არსებულ ნიმუშებთან მიმართებაზე ისაუბრეს. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო აუდიტორიის შეკითხვები იყო, რადგან ქართველი კოლეგები ძალიან კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულნი მე-19 საუკუნის საქართველოს ისტორიაში და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.”

ყაჯართა ქართულ კოლექციაზე საქართველოში განსხვავებული აზრი არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში დაცული ყაჯართა დინასტიის პორტრეტების ავტორები ირანელი მხატვრები არიან, ის მხატვრები, რომლებიც სწორედ საქართველოში ეზიარნენ ევროპულ კულტურას. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც - არიან მეცნიერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს პორტრეტები ქართველი მხატვრების მიერაა შესრულებული. რას ფიქრობს ამაზე ისლამური კულტურის საუკეთესო სპეციალისტი?

[ლეილა დიბას ხმა] “უკანასკნელი ოცდახუთი წლის განმავლობაში წარმოებული მუშაობის შედეგად, მე, ალბათ, თითქმის ყველა შემორჩენილი ყაჯარული მხატვრობის ნიმუში მაქვს ნანახი. საქართველოში ნანახი ნიმუშების უმეტესობას - ალბათ, სამიოდეს გამოკლებით - აშკარა კავშირი და პარალელები აქვს ირანში დაცულ ნიმუშებთან, რომელთაც ხელს ირანელი მხატვრები აწერენ. ამდენად, თუკი ამ კოლექციას იმ შედეგებთან მიმართებაში განვიხილავთ, რასაც ჩვენ სპარსული მხატვრობის შესწავლის საქმეში ბოლო 25 წლის მანძილზე მივაღწიეთ, აშკარა ხდება, რომ მისი უმრავლესობა ირანში მცხოვრები მხატვრების მიერ არის შექმნილი. თუმცა არის ორი თუ სამი ნიმუში, რომელიც განსხვავებულია. ესენი, ალბათ, მე-19 საუკუნის ირანული მხატვრობის გავლენითაა შექმნილი, მაგრამ მათ აშკარად გამორჩეული ესთეტიკა აქვთ, რომელსაც ქართული შეგვიძლია ვუწოდოთ.”


მიუხედავად იმისა, რომ ისლამური კულტურის სპეციალისტები საქართველოში სულ რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ, მათ მაინც მოასწრეს და გაეცნენ ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლებს. ქალბატონ ლეილა დიბას ვკითხეთ, ხომ ვერ ხედავს იგი ქართული კედლის მხატვრობის გავლენას ყაჯართა პორტრეტებზე.

[ლეილა დიბას ხმა] “გვიანდელ პერიოდში ქართველი მხატვრების სპარსეთში მოგზაურობის ან ორი ქვეყნის მხატვრებს შორის რაიმე კონტაქტის შესახებ თითქმის არანაირი ისტორიული თუ დოკუმენტური მტკიცებულება არ მოიპოვება. თუმცა შეიძლება მე-17 საუკუნეში გარკვეული კავშირები იყო. მე-19 საუკუნეში იყო ასეთი მხატვარი, აკობ ოვნათანიანი, რომელმაც სპარსი მმართველების პორტრეტები შექმნა და თავრიზსა და თბილისში მუშაობდა. მაგრამ ეს უკვე ყაჯარული მხატვრობის ისტორიის გვიანდელ პერიოდში მოხდა - 1850-იან თუ 60-იან წლებში. ყაჯარული მხატვრობა კი მე-18 საუკუნეში და მე-19-ის დასაწყისში განვითარდა და დინასტიის მიერ ახლად აშენებული სასახლეებისთვის იყო განკუთვნილი. ამდენად, დადასტურებული კონტაქტი ბევრად გვიანდელ პერიოდზე მოდის. ჩვენ ყველა იმ მხატვრის სახელი ვიცით, ვინც ყაჯარულ კედლის მხატვრობაში მუშაობდა. ყველაზე ადრეული წარმომადგენლები, რომლებმაც პირველი ტრადიცია შექმნეს, შირაზიდან იყვნენ. ხოლო ის მხატვრები, რომლებიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მუშაობდნენ, ისტორიული წყაროების მიხედვით, ირანიდან იყვნენ და მეფის კარზე იმყოფებოდნენ. ამავე დროს, იყვნენ ევროპელი მხატვრებიც, რომლებიც ირანში დიპლომატიური მისიით იყვნენ ჩასულები უკვე მე-18 საუკუნის 60-იან წლებში, მთელი მე-19 საუკუნის ჩათვლით. მათ გაკეთებული აქვთ მმართველთა პორტრეტები და, შესაძლებელია, სპარს მხატვრებთან გარკვეული კონტაქტებიც ჰქონდათ. მაგრამ ირანში არსებულ კედლის მხატვრობის ტრადიციებზე მათი გავლენა, ჩემი აზრით, ძალზე უმნიშვნელოა. ”

დაბოლოს, ქალბატონ ლეილა დიბას ვკითხეთ, რამდენად იზიარებს იგი მოსაზრებას, თითქოს ”უძველესი ევროპელების”, ქართველების, კულტურა ყოველთვის ”გაჟღენთილი” იყო დასავლური ხელოვნებით, რა არის მისთვის საქართველო - დასავლეთი თუ აღმოსავლეთი.

[ლეილა დიბას ხმა] “ვფიქრობ, ამ რეგიონის ქვეყნებს ბევრი კულტურის გავლენის კვალი ატყვიათ, მაგრამ, ამავე დროს, მათ მკვეთრად გამოხატული იდენტობაც აქვთ. ეს არც დასავლეთია და არც აღმოსავლეთი, არამედ თქვენი საკუთარი იდენტობა, რომელიც საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე არსებობს. საქართველოში მხოლოდ სამი დღე დავყავი და უკვე ძალიან ძლიერად ვგრძნობ უძველეს ფესვებს. ვფიქრობ, ქართველ ხალხს სპეციფიკური და გამორჩეული ხასიათი, გემოვნება, ხელოვნების ტრადიცია და ეროვნული სიამაყე აქვს. ხელოვნების ტრადიცია ნამდვილად ძალიან ძლიერია - არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული უძველესი მაგალითებიდან დაწყებული, მე-19 და მეოცე საუკუნის მხატვრობით დამთავრებული. თანამედროვე ხელოვნებას მე ძალიან მცირედ გავეცანი, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ გამორჩეული ესთეტიკა აქაც არსებობს. ტრადიცია ცოცხალია და მე მგონია, რომ ქართველები არც ზედმეტად ’გადასავლურდებით’ და თქვენს კულტურას დაკარგავთ და არც ფუნდამენტალიზმი და კონსერვატორული შეხედულებების მომძლავრება გემუქრებათ. თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ეს გამორჩეული ხასიათი შეინარჩუნოთ და განავითაროთ.”

ხასიათის შენარჩუნება და განვითარება კი შესაძლებელია იმ სივრცეში, სადაც ილუზიებისა და აკვიატებული აზრების გარეშე ცდილობ საკუთარი თავის შემეცნებას. ისლამური ხელოვნების კვირეულის პროგრამა გვიჩვენებს, რომ ეს პროცესი საქართველოში უკვე დაიწყო. კვირეულის დღეებში ხელოვნების მუზეუმში მოეწყო ქართველი მხატვრის, ეკა ჯაფარიძის, წიგნის, ”ყაჯარული პორტრეტის” პრეზენტაცია. რადიო “თავისუფლება” ესაუბრა ამ წიგნის ერთ-ერთ შემდგენელს, ხელოვნებათმცოდნე ირინე კოშორიძეს - სწორედ იმ ქალბატონს, რომელმაც თავის დროზე შეერთებულ შტატებში გაიცნო ლეილა დიბა და თბილისში მოიწვია.


[ირინა კოშორიძის ხმა] ”ქალბატონ ლეილას შევხვდი სამი წლის წინ... ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით ამაზე, რადგან ისე მოხდა, რომ ჩვენი კოლექცია აღმოჩნდა ამ კულტურული ღონისძიებების მიღმა. როდესაც გაკეთდა ეს გამოფენები ჩვენთან არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ ეს ყველაფერი გაგზავნილიყო... ახლა კი ამბობს, რომ რაღაც პერიოდი სჭირდება დასავლურ აუდიტორიას, რადგან ეს ღონისძიება, რომელიც ამერიკასა და ინგლისში გაიმართა, ძალიან გრანდიოზული იყო; ახლა ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ გაკეთდება საფრანგეთში, რადგან იქ არ ყოფილა, მაგრამ, საერთოდ, ამ აუდიტორიას სჭირდება ამოსუნთქვა, რომ ერთი და იგივე არ იყოს ხშირად.”(სტილი დაცულია)

ქალბატონ ირინას ვკითხეთ, ახლა, როდესაც უცხოელი ექსპერტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ საქართველოს მუზეუმში დაცული ყაჯართა პორტრეტების გამო, როგორია ამ წიგნის გაყიდვის პერსპექტივა (105 ილუსტრაციით დამშვენებული ”ყაჯარული პორტრეტის” ფასი 150 ამერიკული დოლარია).

[ირინა კოშორიძის ხმა] ”იგი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება ამ წიგნის გაყიდვაში, უბრალოდ, პროექტი ძალიან ძვირი დაჯდა და ფასი აქვს ისეთი, რომ ხელოვნების ძალიან ბევრ ქართველ მოყვარულს არ შეუძლია მისი შეძენა. თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ეს წიგნი, რომ ხელს შეუწყობს ჩვენი კოლექციის პოპულარიზაციას.”

ქალბატონები ლეილა დიბა და ირინა კოშორიძე იმედოვნებენ, რომ ყაჯარული კოლექციის საქართველოდან გატანას პრობლემები არ ექნება. დღეს, როცა საქართველოშიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეროვნული კულტურა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მუდმივ კონტაქტზე, ”მუდმივ თანამშრომლობაზე” იგებოდა, მსოფლიომაც უნდა გაიცნოს ეგრეთ წოდებული ”თარჯიმანი ერის” უნიკალური კულტურა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG