Accessibility links

რეფორმა ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტში


საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტი რევოლუციური ცვლილებებისთვის ემზადება. 2005 წლის პირველი ივლისიდან სამამულო ვეტერინარიაში,

როგორც ამ დარგის სპეციალისტები ირწმუნებიან, ახალი ეპოქა იწყება: სოციალისტური ყაიდის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ბაზაზე იქმნება ახალი ტიპის კერძო ვეტერინარული კლინიკები და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიები. ასევე დაგეგმილია უახლოეს მომავალში ვეტერინარული სამსახურის კუთვნილი შენობების პრივატიზება, თუმცა ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ვეტერინარიის სფეროში კონტროლისა და რეგულირების მექანიზმზე. როგორ აისახება ცვლილება საქართველოში მოღვაწე ვეტერინარებსა და მათ ოთხფეხა პაციენტებზე?

ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომლებსაც ოთხფეხა მეგობრების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ვინ იპოდრომზე დადის, ვინ კატის კრუტუნს ვერ ელევა, ვინ კი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ძაღლების საზოგადოებაში განმარტოებას ამჯობინებს. თუმცა, როგორც ვტერინარები განმარტავენ, მარტო სიყვარული საქმეს არ შველის: საჭიროა უმცროს მეგობრებზე ყოველდღიური ზრუნვა, მათ შორის -რეგულარული სამედიცინო კონტროლი.

[ვეტერინარის ხმა] „როგორ აიტანა წინა აცრა? ხომ არ მოუწყენია?”
[ისმის ყეფა]

ეს ორი თვის ლაბრადორია, რომელიც გამოცდილი ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ იზრდება. ლეკვის პატრონი ფიქრობს, რომ ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობაზე ფულის დაზოგვა არ ეგების:

[ძაღლის პატრონის ხმა] „ძაღლს როცა ზრდი, არ უყურებ იმას, თუ რა ღირს. იყიდე? უნდა გაზარდო, უნდა მოუარო, რომ ჯანმრთელი იყოს და კარგი გაიზარდოს!“

ოთხფეხა მეგობარი „კარგი და ჯანმრთელი“ რომ გაიზარდოს, ამაზე, პატრონის გარდა, ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურებმაც უნდა იზრუნონ. თავად განსაჯეთ: კანონი ვეტერინარიის შესახებ განმარტავს, რომ ვეტერინარული სამსახურების უპირველესი მიზანი ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. კანონის მეოთხე მუხლში ასევე წერია, რომ სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიზანია დაიცვას მოსახლეობა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან, არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების გამომწვევთა შემოტანა. ვეტერინარიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯამბულ მაღლაკელიძე განმარტავს, რომ 2005 წლის 1 ივლისიდან ქართული ვეტერინარიის ამ უზენაეს მიზნებს კერძო კლინიკები და ლაბორატორიები მოემსახურებიან:

[ჯამბულ მაღლაკელიძის ხმა] „1 ივლისიდან ძველი სოციალისტური სტრუქტურა სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურისა წყვეტს ფუნქციონირებას და იქმნება კერძო ვეტერინარული სტრუქტურები, რომლებიც იქცევიან კერძო ვეტსამსახურებად და რომლებიც პრაქტიკულად განახორციელებენ ქვეყანაში ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებებსა და სამკურნალო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რომლებიც ცხოველის პატრონის ხარჯზე ხორციელდება.“

თუმცა, ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო პირველი ივლისის შემდეგ აღარ დააფინანსებს თურქულის, ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, ცოფისა და ჯილეხის პროფილაქტიკურ აცრებს. ამ მხრივ, ცვლილება არ იგეგმება. ბიუჯეტი კვლავ გამოყოფს სახსრებს, თუმცა აცრებს, სახელმწიფო ვეტსამსახურების ნაცვლად, კერძო კლინიკები ჩაატარებენ. ვეტერინარი გია ზარქუა დარწმუნებულია, რომ რეფორმის შედეგად კლინიკებს შორის კონკურენცია გაიზრდება:

[გია ზარქუას ხმა] „კონკურენციის დონე მოიმატებს. ყველა სპეციალისტი ეცდება, რომ უკეთესად იმუშაოს, რომ კვალიფიციურად მიიღოს კლიენტი. ავადმყოფი ძაღლი მივა კარგ სპეციალისტთან. კონკურენცია ყოველთვის ზრდის მომსახურების დონეს. რა ვიცი, მე მგონი, უკეთესობას მოიტანს. კერძო მაინც კერძოა და დამოკიდებულებაც სხვანაირია: თავის სახელსა და ავტორიტეტს უფრთხილდება“.
რაც შეეხება ვეტერინარიის დეპარტამენტს, ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, პირველი ივლისიდან სამსახურში თანამშრომელთა დაახლოებით 25 პრცენტი დარჩება, ხოლო დეპარტამენტი, ლიცენზიების გაცემის პარალელურად, მხოლოდ სანიტარული და ვეტერინარული წესების დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG