Accessibility links

დღევანდელი ქართული პრესა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი ქართული პრესა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ფეთქებადსაშიშ ვითარებას. გაზეთ „ახალი ვერსიის“ ცნობით,

ლიახვის ხეობის მცხოვრებნი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, როგორც გაზეთი წერს, ხეობელები ყურადღებას ჰუმანიტარულ დახმარებაზეც ამახვილებენ: რამდენიმე დღეა, ხეობაში პროდუქტი არ შედის და ხალხი შიმშილის პირასაა. ისიც ცნობილია, რომ გახშირებული სროლებისა და დაძაბული ვითარების გამო, სკოლებში სწავლის პროცესი ნაადრევად შეწყდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან სოფელ თამარაშენის მკვიდრნი, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან ცხინვალს. თამარაშენის მიმართულებით, ძირითადად, ცხინვალის ტექსელის დასახლებიდან ისვრიან, - წერს გაზეთი „ახალი ვერსია“.

გაზეთი „მთელი კვირა“ ბეჭდავს ცხინვალიდან მიღებულ სპეციალურ რეპორტაჟს, სადაც ნათქვამია: “ცხინვალში გარეგნულად ისევ 90-იანი წლების დასაწყისია. ქალაქის შესასვლელში ნახევრად დანგრეული შენობა დგას, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ. შენობის წინ კი ამაყად არის გამოკრული დიდი ბილბორდი, ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, რომელსაც რუსულად ასეთი წარწერა აქვს: ‘ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი - ჩვენი პრეზიდენტი.’
საომარი მოქმედებების შემდეგ ცხინვალში თითქმის არაფერია აღდგენილი. წელს კი, აპირილში, მთელ ამ უბედურებას ისიც დაემატა, რომ თეატრის შენობა დაიწვა.” - შეგახსენებთ, სპეციალურ რეპორტაჟს ცხინვალიდან გაზეთი „მთელი კვირა“ აქვეყნებს.


გაზეთ „ახალი თაობის“ ცნობით, კოდორში პანიკაა, რადგან რამდენიმე დღეა, კოდორის ხეობის თავზე უცხო ქვეყნის ვერტმფრენები დაფრინავენ. როგორც კოდორელებმა განუცხადეს გაზეთს, რამდენიმე დღის წინ აფხაზებმა კოდორის ხეობის ახლოს, მარუხის უღელტეხილის მიდამოებში, დესანტი გადმოსხეს. რა მიზანს ისახავს ეს დესანტი, ჯერჯერობით უცნობია. მოსახლეობა უკვე მოსალოდნელ თავდასხმაზე ლაპარაკობს. ხეობის უსაფრთხოებას 1 ივნისამდე ბატალიონი „მონადირე“ იცავდა. 1 ივნისის გადაწყვეტილებით, ეს ბატალიონი გაუქმებულია.
„აფხაზური ვერტმფრენებისა და დესანტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება. კომენტარისგან თავს იკავებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებაც. კოდორში კი პანიკაა,“ - წერს გაზეთი „ახალი თაობა.“

და კიდევ ერთ პუბლიკაციას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. როგორც გაზეთი „24 საათი“ წერს, ლაგოდეხის სასაზღვრო ნაწილთან დაკავშირებულმა სკანდალმა ახალი კონტურები შეიძინა - ვგულისხმობ ლაგოხედის სასაზღვრო ნაწილიდან გაქცეული ჯარისკაცების საქმეს - ჯარისკაცები მეთაურის მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ. ამ მიზეზით, ორ მეთაურს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. გაზეთ „24 საათის“ ცნობით, ეჭვმიტანილი ოფიცრების ადვოკატების თქმით, ოფიცრების დაკავებას პოლიტიკური სარჩული უდევს და ამიტომ გამოძიება არაობიექტურად წარიმართა. მომხდარს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა ნაცვლიშვილიც ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ მაჭარაშვილი შიდასახელისუფლებო ინტრიგების მსხვერპლია. კახეთში მოქმედი არასამთავრობოები კი ყველაფერ ამას სასაზღვრო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ აგორებულ შავ პიარს უწოდებენ და ამის უკან გენპროკურორსა და მის ძმას ხედავენ, - წერს გაზეთი „24 საათი“.
XS
SM
MD
LG