Accessibility links

logo-print

რისთვის არ უბრძოლიათ ,,ვარდების რევოლუციის” მონაწილე ახალგაზრდა მწერლებსა და ,,წვიმის მუსიკოსებს”

  • ნინო როდონაია

ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები, რომელთა დიდი ნაწილი ,,ვარდების რევოლუციაში” აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოში ავტორიტარული და კრიმინალური სისტემის

შექმნის რეალურ საფრთხეს ხედავენ. ისინი პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული საშიში ტენდენციის შეჩერებისკენ მოუწოდებენ და საზოგადოების მიერ ხელისუფლების კონტროლის დემოკრატიული პრინციპის რეალურად დამკვიდრებას მოითხოვენ. მინდა ახალგაზრდა მწერლებისა და მუსიკოსების მიერ ორშაბათს გავრცელებული მიმართვის საბაბსა და შინაარსზე მოგითხროთ.

რევოლუციონერი ახალგაზრდა მწერლებისა და მუსიკოსების პროტესტისა და ხელისუფლებისადმი საგანგებო მიმართვის საბაბად უზენაეს სასამართლოში გასულ შაბათს გამართული პროცესი იქცა. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ,,საქსტანდარტის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ჯანიკაშვილი კერძო საწარმოებისთვის ლიცენზიებს უკანონოდ გასცემდა. საგულისხმოა, რომ თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ იმას, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, მიხეილ ჯანიკაშვილს ამის უფლება ჰქონდა:

[დავით ტურაშვილის ხმა] ,,ამის მსგავსი არაფერი არ მინახავს. სამი ბოთლი ,,ვალერიანი” დავლიე შოკისგან. ასე ხელაღებით, ასე უტიფრად როგორ ერევა ხელისუფლება სასამართლო პროცესში და როგორ ასრულებს სასამართლო ხელისუფლების მითითებებს. სანამ საქართველოში არ იქნება დამოუკუდებელი სასამართლო, დანარჩენი ყველაფერი არის ფუჭი.” (სტილი დაცულია)

მიმართვაში, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს მწერალი დავით ტურაშვილიც აწერს, ნათქვამია, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლების პირადი ინტერესების დაკმაყოფილების ინსტრუმენტია და რომ ხელისუფლება საბჭოური ინერციით განაგრძობს საზოგადოების კონტროლსა და მართვას.
მიმართვის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მათი პროტესტის მიზეზი არ არის მხოლოდ ის, რომ მიხეილ ჯანიკაშვილი მათი მეგობრის, მწერალ ბასა ჯანიკაშვილის, მამაა:

[ლაშა ბუღაძის ხმა] ,,ეს არის ამ შემთხვევაში არა იმიტომ, რომ, ვთქვათ, ჩვენი მეგობრის მამაა. უბრალოდ, ჩვენ ამას, მეც და ჩემი მეგობრებიც კარგა ხნის განმავლობაში ამ პროცესებს თვალ-ყურს ვადევნებდით. არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ ზოგადადაც. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რა აბსურდთან გვქონდა საქმე.” (სტილი დაცულია)

,,ვარდების რევოლუციის” აქტიური მონაწილე მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ გასულ შაბათს გამართული სასამართლო პროცესი იყო მხოლოდ ბიძგი, რომლის შემდეგაც მათი პერიოდულად გამოხატული რეაქციები კრიტიკის გარკვეულ რეჟიმს დაექვემდებარება. ბუღაძის განმარტებით, პირველი აღმოჩნდა სასამართლო, რომელიც დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია.
მიმართვის ავტორები ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ და მათ ამგვარად მოიხსენიებენ: ,,ჯიბის სასამართლო, საბჭოური პროკურატურა, ფსიქოლოგიური და იურიდიული ტერორი და ძველი წილების ახალი ჩინოვნიკებით ჩანაცვლება, ანუ ახალი წილთაღრიცხვა.” ყოფილი რევოლუციონერები პროტესტს გამოთქვამენ მერის არჩევის უფლების წართმევის, თვითმმართველობის არარსებობისა და მედიაზე ზეწოლის ნიშნების გამოც. მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ ,,საქართველოს პრეზიდენტს საზოგადოების ძახილის არმოსმენის ავადმყოფობა სჭირს”, და იმედს გამოთქვამს, რომ ეს სენი დროებითია:

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] ,,თვითონ პრეზიდენტისავე ინტერესში შედის, რომ ჯანმრთელი, ნორმალური იურიდიული სისტემა ჰქონდეს, სადაც უდანაშაულო ადამიანებს კი არ ძარცვავენ და სვამენ ციხეში და აწამებენ, არამედ სამართალი აღსრულდება და ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული. ბანდიტები, რომლებსაც ჰქვიათ მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ადეიშვილი, არიან სახელმწიფოს მტრები, ჩვენი აზრით, და ჩვენ უკან არ დავიხევთ და მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას გამოვიყენებთ, სანამ პრეზიდენტი არ მოგვისმენს. მისი ვალია მოისმინოს. ჩვენ ვუხდით მას გადასახადებს და ჩვენ მივეცით მას ხმა. ვურჩევთ ხელისუფლებას, რომ ამ უკმაყოფილებას ნუ მისცემენ გზას.” (სტილი დაცულია)

რევოლუციის მონაწილე ახალგაზრდა მწერლები და მუსიკოსები აცხადებენ, რომ შექმნილი სიტუაციის გამო პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობენ. დავით ტურაშვილი განსაკუთრებულად სამწუხაროს იმას უწოდებს, რომ პასუხისმგებლობა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ პატივისცემა ხელისუფლებაში გადანაცვლებულმა რევოლუციონერებმა დაკარგეს:

[დავით ტურაშვილის ხმა] ,,ეს შეკრება იყო რასაკვირველია, იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ გვიბრძოლია, რომ ასეთ პირობებში იყვნენ ადამიანები საქართველოში, ასე უკანონოდ ექცეოდნენ ადამიანებს, ამისთვის ნამდვილად არ იბრძოდა ის ასი ათასი ადამიანი, რომელიც ქუჩაში იდგა მთელი ერთი თვის მანძილზე. პასუხისმგებლობას ყველა ადამიანი გრძნობს, ვინც იდგა ქუჩაში. უამრავ ადამიანს ჰქონდა იმედი, რომ ის, რაც ხდებოდა მანამდე, აღარ განმეორდებოდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, პირიქით, კატასტროფული მაჩვენებელია, უკანონოდ დაკავებული ადამიანების რიცხვი არის საშინლად დიდი. სამწუხაროდ, ეს პროცესი ისევ გრძელდება.” (სტილი დაცულია)

მიმართვის ავტორები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ, რადგან, მათივე განცხადებით, ქვეყნის განვითარებას საფრთხე ემუქრება. მომავალ აქციამდე კი ,,საქსტანდარტის” ყოფილმა ხელმძღვანელმა ბიუჯეტის სასარგებლოდ თითქმის 40 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. ასე სურთ პროკურატურას და მოსამართლეს. თუ მიხეილ ჯანიკაშვილი ამ სურვილს 16 ივნისამდე არ შეასრულებს, უზენაესი სასამართლო მას პატიმრობას მიუსჯის.
XS
SM
MD
LG