Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა მაიკლ ჯექსონის სასამართლო პროცესი


პოპვარსკვლავ მაიკლ ჯექსონის თაყვანისმცემლები მთელს მსოფლიოში ზეიმობენ მის გამართლებას კალიფორნიის სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ.

ორშაბათს თბილისის დროით გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ ჯექსონი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ბრალდების ათივე პუნქტში. მას ბრალი ედებოდა 13 წლის ბიჭთან სექსუალურ კავშირში, შეთქმულებაში მოწმეთა დაშინებისფ მიზნით, ბავშვისთვის ალკოჰოლის მიცემაში და რიგ სხვა დანაშაულში. რა რეაქცია მოჰყვა სასამართლოს ამ განაჩენს?

[საინფორმაციო გამოშვებების ხმები]

ამერიკიდან ევროპამდე, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა თუ ავსტრალიაში - მაიკლ ჯექსონის სასამართლო პროცესის დასრულების შესახებ ცნობა ყველგან ელვის სისწრაფით გავრცელდა და დღის მთავარ ამბად იქცა.

გასაკვირი არ არის, რომ ჯექსონის გულშემატკივრები ბედნიერი არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით. მაგალითად, ასტრალიაში მოსახლეობის 78 პროცენტს სჯერა ჯექსონის უდანაშაულობისა.

[ოსვაალდის ხმა] "ჩემის აზრით, იგი არაჩვეულებრივი ადამიანია. ბავშვების გარემოცვაში ყოფნა მოსწონს. ამაში ვერაფერს ვხედავ საძრახისს. მე მგონია, ბავშვივით სუფთაა" - მიაჩნია ავსტრალიის მკვიდრ ბეტი ოსვალდს.

ბულვარული პრესა გადაჭრელებულია ჯექსონის სურათებით, მის შესახებ სტატიებით. თითქმის ყველგან საუბარია იმაზე, რომ სასამართლო პროცესმა, რომელიც 14 თვეს გრძელდებოდა, მძიმე ფინანსურ კრიზისში ჩააგდო მომღერალი.

ლონდონში პოპვარსკვლავის თაყვანისმცემლები დილამდე ზეიმობდნენ ჯექსონის გამარჯვებას. მათი აზრით, ის ფაქტი, რომ მაიკლ ჯექსონს მოზარდთან ერთად ეძინა ერთ საწოლში, სულაც არ ნიშნავს, რომ მას ამ ბიჭთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ეს უცნაური ქცევა იმით აიხსნება, რომ თავად ჯექსონი იძულებული იყო, ადრეულ ასაკშივე უარი ეთქვა თავის საკუთარ ბავშვობაზე პოპვარსკვლავის კარიერის სასარგებლოდ.

[ლონდონელების ხმა] "მე ვფიქრობ, ეს არაჩვეულებრივია. არა მგონია, საერთოდ შეიძლებოდეს მისი დადანაშაულება. მე მგონია, უბრალოდ ბავშვობა არ ჰქონია. საერთოდ არ ჰქონია ბავშვობა."

ბერლინში რესტორნებსა და კაფეებში გვიან ღამემდე ჩართული იყო ტელევიზორები და სტუმრები მოუთმენლად ელოდნენ ჯექსონის განაჩენს. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მარინა ჰიორნლე:

[ჰიორნლეს ხმა] "ერთი მხრივ მოხარული ვარ მისთვის. საორჭოფო შემთხვევებში სასამართლო ვალდებულია, რომ ბრალდებულის უდანაშაულობა ცნოს. მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, ყველა ეს ბრალდება გამონაგონი ყოფილიყო. ცოტა არალოგიკურად ჟღერს იმის თქმა, რომ ყველას სურდა მისი შანტაჟი. მაგრამ ვიმეორებ, თუკი ეჭვები არსებობს, მაშინ იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს აღიარებული. ასე რომ, ძალიანაც კარგი. მაიკლს გაუმარჯოს."

ზოგი ადამიანი ჯექსონის სასამართლოს ადარებს ამერიკის სპორტის ვარსკვლავის, ოუ ჯეი სიმპსონის სასარმართლო პროცესს. მათი აზრით, ორივე ვარსკვლავმა სიმდიდრისა და პოპულარობის წყალობით დააღწია თავი სასჯელს.

ევროპაში ტურისტად მყოფ ამ ამერიკელ ქალს მიაჩნია, რომ ჯექსონი არ უნდა გაემართლებინათ:

[ამერიკელი ქალის ხმა] "მე მგონი ეს ნორმალური არ არის. მეტი რა უნდა გააკეთოს კაცმა იმისთვის, რომ დამნაშავედ ცნონ? სხვა ადამიანი ვერასოდეს გამოძვრებოდა იქიდან, საიდანაც მან მოახერხა გამოძრომა."

სასამართლო ესქპერტების აზრით, ჯექსონის გამართლების მთავარი მიზეზი ისაა, რომ პროკურატურამ არასასრულყოფილად წარმოადგინა თავისი ბრალდებები.

ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული.
[მსაჯულის ხმა] "ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ზოგ საკითხთან დაკავშირებით ბნელში დაგვტოვეს და კითხვები უპასუხოდ დარჩა. მაგრამ ჩვენ რაც ხელთ გვქონდა, იმას უნდა დავჯერებულიყავით და უნდა გვემოქმედა იმ სამხილის საფუძველზე, რაც მოგვეპოვებოდა."

სანტა ბარბარას ოლქის პროკურორი ტომ სნედონი აშკარად უკმაყოფილოა სასამართლოს განაჩენით. მაგრამ, მისი თქმით, მას სწამს ამერიკის სასამართლო სისტემისა და არ აპირებს განაჩენის გასაჩივრებას.
XS
SM
MD
LG