Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უთანხმოება ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის გარშემო


ორი დღეც და ბრიუსელში იწყება ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრა,

რომელიც წინასწარვე დიდ ინტერესს იწვევს. ყურადღების ცენტრში დგას ევროკავშირის კონსტიტუცია, რომელიც, როგორც ყოველკვირეულ პროგრამა “ახალ ევროპაში” უკვე ვიუწყებოდით, ბოლოხანს უარყვეს საფრანგეთსა და ჰოლანდიაში გამართულ რეფერენდუმებზე. არადა, კონსტიტუცია, იმისათვის რომ ძალაში შევიდეს, უნდა მოიწონონ ევროკავშირის წევრ ყველა, 25-ვე ქვეყანაში. მაშ, ღირს თუ არა კონსტიტუციის რეტიფიკაციის პროცესის გაგრძელება? ამ თავისთავად რთულ საკითხს, რომელზეც ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში უნდა იმსჯელონ, ემატება კიდევ ერთი და, როგორც ჩანს, არანაკლებ რთული - უთანხმოება ევროკავშირის ბიუჯეტის დაფინანსებაზე.

მაშ ასე, საუბარი ფულზეა. მთავარი პერსონაჟი კი, რომლის სახელიც ყველაზე ხშირად ისმის ცნობებში, როცა ლაპარაკია ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო ამჟამინდელ უთანხმობაზე, გახლავთ ტონი ბლერი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი. და აი, რატომ: ყველაფერი დაიწყო 1984 წელს, როცა ბრიტანეთმა გარკვეული ფინანსური სირთულეების გამო ევროკავშირისაგან მიიღო შეღავათი - მსხვილი შეღავათი, რომლითაც წელიწადში 5 მილიარდამდე ევროს ზოგავს. მაგრამ მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა, ბრიტანეთი ევროკავშირის უმდიდრეს წევრებს შორისაა და ევროკავშირის დანარჩენი წევრები ვეღარ ხედავენ საჭიროებას, მდიდარს კიდევ შეღავათები გაუწიონ.

მაგრამ ასე ფიქრობს ევროკავშირის 24 წევრი, თვით ბრიტანეთი კი - რა გასაკვირია - თავისთვის ხელსაყრელი შეღავათების გაუქმების წინააღმდეგ გამოდის. ამიტომაც უწევს პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს აქტიურობა, ამიტომაც ისმის მისი სახელი ევროკავშირის ბიუჯეტზე გავრცელებულ, თითქმის, ყველა ცნობაში.

ორშაბათს ბლერი ბერლინში იყო ჩასული, სადაც გერმანიის კანცლერს შეხვდა და დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს, უარი თქვას შეღავათზე. თუმცა, ბერლინში ბლერმა ისიც აღნიშნა, რომ საჭიროა სამართლიანობა ბიუჯეტის შევსებისას: [ბლერის ხმა] “რასაკვირველია, ყველა ემხრობა შეთანხმებას, რომელიც სამართლიანი იქნება, მაგრამ სამართლიანობაზე უნდა ვიფიქროთ მთლიანად ევროკავშირის დაფინანსებისას. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ევროპა რთული ამოცანების წინაშე აღმოჩნდა 21 საუკანის დასაწყისში. მთავარი შეკითხვაა: როგორია ევროპის სამომავლოდ, ამ ამოცანებთან გასამკლავებლად დასაფინანსებელი სწორი გზა?”

როგორია ევროკავშირის ბიუჯეტის დასაფინანსებელი ეს “სწორი გზა”, ერთსულოვნება ამ საკითხში არ ჩანს. თუ, ერთი მხრივ, ბრიტანეთისაგან 20 წლის წინ შემოღებულ შეღავათებთან გამოთხოვებას მოითხოვენ, თვით ბრიტანეთი აცხადებს, რომ ევროკავშირმა ფული სხვა სფეროში უნდა დაზოგოს: ეს არის აგრარული სექტორისთვის განკუთვნილი სუბსიდიები, რომლებიც, 2002 წელს დადებული შეთანხმების საფუძველზე, სულ მცირე, 2013 წლამდე რჩება ძალაში. ლაპარაკია სუბსიდიებზე, უწინარეს ყოვლისა საფრანგეთს რომ ასარგებლებს.

ასე, რომ უთანხმოება ევროკავშირის 2007-2013 წლების ბიუჯეტის გარშემო, უწინარეს ყოვლისა, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინტერესების დაპირისპირებაში გამოიხატება. ამიტომაც, განსაკუთრებული ინტერესით მოელის ყველა პარიზში ტონი ბლერის სამშაბათის ვიზიტის შედეგებს. ბლერი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკს შეხვდა, და ამის მერე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბრიუსელში ამ კვირის სამიტზე, ძალიან ძნელი იქნება ბიუჯეტის გარშემო უთანხმოების გადალახვა. კაცმა რომ თქვას, პარიზის შეხვედრაზე რაიმე გარღვევას არც მოელოდნენ: ჟაკ შირაკმა მანამდე გამორიცხა აგრარულ სექტორში დადებული შეთანხმებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ხოლო ტონი ბლერმა, რომელიც პარიზში ჩასვლამდე ლიუქსემბურგს ეწვია, იქ, ლუქსემბურგის (ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯომარე ქვეყნის) პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებისას, უარყო კომპრომისული წინადადება, რომელიც ბრიტანეთის შეღავათების შეკვეცას ეხებოდა. ბლერის თქმით, ამ კომპრომისზე დაყაბულება მის ქვეყანას ძალიან აზარალებდა - კერძოდ, 7-წლიან პერიოდში 25- 30 მილიარდ ევროს დააკარგინებდა.

ამასობაში კი ევროკავშირის სამიტი ახლოვდება. ევროკავშირის მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეები, მათ შორის გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, არ კარგავენ ბრიუსელში 16-17 ივნისს ბიუჯეტზე ერთსულოვნების მიღწევის იმედს. შრიოდერმა აღნიშნა, რომ მზად არის კომპრომისისთვის ბიუჯეტის მოცულობის საკითხში (უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკამათოა მისი მოცულობაც და წევრი ქვეყნების საწევრო შესატანებიც). იქვე შრიოდერმა ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს მოუწოდა კომპრომისისაკენ: [გერჰარდ შრიოდერის ხმა] “მეორე მხრივ, გვინდა იმის უზრუნველყოფა, რომ ამ კვირაში ბრიუსელის სამიტიდან გავრცელდეს ევროპის განვითარების მაუწყებელი სიგნალი. ეს სიგნალი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ გვჭირდება კომპრომისი, სამართლიანი კომპრომისი ყველასაგან 2007-2013 წლების ბიუჯეტის დაფინანსებისას”.

ევროკავშირის მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ბიუჯეტის საკითხში ერთსულოვნება აჩვენებს - ევროკავშირის განვითარებისა და განმტკიცების პოლიტიკური ნება სახეზეა, მიუხედავად კრიზისისა, რომელიც საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ევროკავშირის კონსტიტუციის უარყოფამ გამოიწვია.

მაგრამ საკითხავი ის არის, მიაღწევენ თუ არა კომპრომისს ბიუჯეტზე. როგორც ჩვენი ბრიუსელში აკრედიტებული კოლეგები იუწყებიან, სამიტის დაწყებამდე სკეპტიკური განწყობა ჭარბობს: “ევროპის სახლის სახურავს ხანძარი წაეკიდაო”, წერს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო DPA-ს კორესპონდენტი.
XS
SM
MD
LG