Accessibility links

ცხინვალის რეგიონი ომისა და მშვიდობის გზაგასაყარზე


ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა ქართველებსა და ოსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განახლების რეალური საშიშროების წინაშე.

მხარეთა შორის დაპირისპირება კი ამჯერად დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფელ თამარაშენთან მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, უფრო ზუსტად, ოს სამხედროებსა და ქართველ პოლიციელებს შორის მომხდარმა შეტაკებამ, რომელმაც 4 ოსი და ერთი ქართველი იმსხვერპლა. მოლოდინი იმის, რომ ეს ამბავი ოსებში შურისძიების ტალღას ააგორებდა, გამართლდა. თამარაშენთან სროლას მოჰყვა ცხინვალიდან 4 ქართველის გატაცება, რამაც ახლა უკვე კონფლიქტის ზონის ქართველობა დააფიქრა შურისძიებაზე. კონფლიქტურ რეგიონში სერიოზული დაძაბულობაა, იქ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების ალბათობას თბილისშიც აცნობიერებენ და ცხინვალშიც. ასე იყო შარშანაც, თუმცა მაშინ მხარეებმა ომის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.


ცხინვალიდან 4 ქართველის გატაცების შემდეგ დიდი და პატარა ლიახვის ხეობათა ქართული სოფლების მოსახლეობას ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაეკეტა - გზა, რომელიც ცხინვალზე გადის. ამან აუცილებელი გახადა დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზის აღდგენა. კვირას კონფლიქტის ზონის ქართულ მოსახლეობას შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მეწყრისგან დაზიანებული გზის აღდგენას შეჰპირდა და შემოვლითი გზის აღდგენითი სამუშაოები ორშაბათსვე დაიწყო. შეგახსენებთ: ზუსტად შემოვლითი გზის გაჭრას მოჰყვა შარშან ცხინვალის რეგიონში ქართველებსა და ოსებს შორის ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება, მანამდე კი იყო საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალის რეგიონზე.

შარშანდელი ზაფხულის მოვლენებმა ქართველებსა და ოსებს შორის წლების მანძილზე ძლივძლივობით აღდგენილი ურთიერთობა დაანგრია. რეგიონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება ქაღალდზე დარჩა. თუმცა საქართველოს მხარემ სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულების დასადასტურებლად ოთხმრივ სამშვიდობო ძალებში საკუთარი კვოტა შეამცირა. შედეგად, როგორც დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ 14 ივნისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, კონფლიქტის ზონის ქართული მოსახლეობა დღევანდელ რთულ ვითარებაში დაუცველი დარჩა:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ” რითაც თავს ვიწონებდით, ეს იყო სამშვიდობო ძალების ჩვენეული კვოტა. ეს შეივსო თავიდან, რამდენიმე თვის შემდეგ განახევრდა ისე, რომ არგუმენტაცია ვერ მოვისმინეთ, რატომ განახევრდა ეს შემადგენლობა. მოგვიანებით თითქმის 10 -ჯერ შემცირდა და დღეს ჩვენი მოსახლეობა 40-50 პოლიციელის იმედად არის დატოვებული. ” (სტილი დაცულია)

დაუცველობის შეგრძნება ცხინვალის რეგიონის ქართულ მოსახლეობას ცხინვალიდან ქართველების გატაცებამ გაუღრმავა. გატაცებულების თანასოფლელებში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამძაფრდა შარშანდელი მოვლენების გამოც. თუმცა შეკითხვას - ”რატომ იქნა შეყვანილი კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალები შარშან, დღეს კი რატომ არავინ ზრუნავს ამ ზონის ქართველობის უსაფრთხოებაზე” , ხელისუფლება მოსახლეობისგან იტანს, პოლიტიკური ოპონენტებისგან კი ვერა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ეს არის პროვოკაცია, რომ მოსახლეობა არის დაუცველი. სწორედ დამატებითი ძალების შეყვანა იქნება იქ პროვოცირება იმისა, რაც რეალურად შარშან მოხდა, და ჩვენ არანაირად არ გვსურს მასშტაბური საომარი მოქმედებების აგორება ამ რეგიონში. ”

ეს გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება. მასაც და პარლამენტის სხვა წევრებსაც კი სამშაბათს დიდი ლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ ვახტანგაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ამაგრებენ სიმაღლეებს ოსები კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების გარშემო.
როგორც ჩვენთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, საქართველოს მხარე ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ სამშვიდობო ძალებს როგორმე მანდატით დაკისრებული მოვალეობები აღასრულებინონ:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”მანდატის შესრულება გულისხმობს უმკაცრესი ზომების გატარებას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი და ვაიძულოთ სამშვიდობო მისიის მონაწილეები შეასრულონ თავიანთი პირდაპირი მოვალეობა. ”

მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულების აუცილებლობაზე საუბარი ხაინდრავას ჰქონდა სამშაბათს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების სარდალ გენერალ კულახმეტოვთან, თუმცა ძალზედ საეჭვოა ამ საუბარს სამშვიდობოების ქმედებაში გარდატეხა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG