Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა ცივილიზებულ ქვეყნებს მიბაძა

  • ნინო როდონაია

საპარლამენტო ოპოზიციის ინტერესი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებული გამოძიებისადმი წერილობითი ფორმით დაკმაყოფილდება. ბიუროს

გადაწყვეტილებით, სამთავრობო საათი გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მონაწილეობით ხუთშაბათს არ გაიმართება. ამ ფაქტს ოპოზიცია კონსტიტუციის იგნორირებად აფასებს და აცხადებს, რომ მისი შეკითხვები, რომელთა ნაწილის ადრესატი თავდაცვის მინისტრია, მხოლოდ პრემიერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გამოძიებას არ უკავშირდება.

ნებისმიერ ცივილიზებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში გამოძიების დასრულებამდე საჯარო განხილვა წარმოუდგენელია - საქართველოს პარლამენტის ბიურომ ამ არგუმენტით დაასაბუთა ის ფაქტი, რომ ხუთშაბათს გენერალური პროკურორი სამთავრობო საათზე არ უპასუხებს ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გარემოებებთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვას.
სამშაბათს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ცივილიზებული ქვეყნების მაგალითი კვლავ მოიყვანა, თუმცა არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, ეწირებიან თუ არა ცივილიზებულ სახელმწიფოთა პრემიერები გაზის ირანული წარმოების გამათბობელს.
ბიუროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დეპუტატებს ნინო ბურჯანაძე ზურაბ ადეიშვილის წერილობით პასუხს დაჰპირდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,იმ კითხვებზე, რომელიც დასმული იქნა ბატონი ზურაბ ადეიშვილის მიმართ ბატონ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, ამომწურავ პასუხებს წერილობით მიიღებთ თქვენც და ყველა დანარჩენი დეპუტატი.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც, რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით, შეკითხვები გენერალურ პროკურორთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრსაც გაუგზავნა, აცხადებს, რომ მას არა გამოძიების საიდუმლო ნაწილის, არამედ უკვე საჯაროდ გამოქვეყნებული მასალების ზოგიერთი საეჭვო დეტალის განმარტება სჭირდება.
სამშაბათს საპარლამენტო ოპოზიციამ უმრავლესობას ისიც შეახსენა, რომ მას მთავრობის წევრებთან სხვა შეკითხვებიც აქვს. საუბარია ჯარისკაცებისა და დაკავებული და ეჭვმიტანილი პირების უფლებების დარღვევაზე, რის გამოც დეპუტატთა ნაწილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხს ითხოვს.
კონსერვატორი კობა დავითაშვილი, რომელიც სამთავრობო საათზე მინისტრებისა და გენერალური პროკურორის მიწვევის ერთ-ერთი ინიციატორია, ამბობს, რომ, რეგლამენტის დაცვით, შეკითხვები უკვე მესამედ მომზადდა, თუმცა დღემდე პასუხი მხოლოდ ერთხელ, ისიც წერილობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,მინისტრს არ სცალია და ვერ მოვაო და მოვა სხვა, მოადგილეო. თანაც, თქვენს შეკითხვაზე თუ რამე მასალები გაქვთ, თქვენ თვითონ გამოგვიგზავნეთო. ცოტა უცნაური იყო ეს პასუხი. თუმცა დანარჩენმა მინისტრებმა საერთოდ არც ეს პასუხი არ იკადრეს, ისე გამოგვიგზავნეს მოადგილეები.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციამ, რომელმაც მინისტრების მოადგილეებთან შეხვედრაზე უარი თქვა, სამშაბათს პარლამენტს შეახსენა საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, მინიმუმ 10 დეპუტატის ოფიციალურ შეკითხვებს მთავრობის წევრებმა არა წერილობით, არამედ პარლამენტის სხდომაზე უნდა უპასუხონ:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,სამწუხაროდ, კონსტიტუციური ნორმის სრული იგნორირება ხდება მათი მხრიდან უკვე არაერთხელ. კონსტიტუციის დარღვევა რაღაც მოდად იქცა ჩვენს მთავრობაში და კარგ ტონად ითვლება. ეტყობა, პრეზიდენტი მადლობას უცხადებს ხოლმე მინისტრებს, როდესაც მის გზას დაადგებიან. ეტყობა, კაი ბიჭობად ითვლება ეს მთავრობაში. მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა პოზიცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის და რეგლამენტის მოთხოვნები უნდა იქნეს დაცული.” (სტილი დაცულია)

იმ ფაქტს, რომ მინისტრებს დეპუტატთა შეკითხვებისთვის სამთავრობო საათზე პასუხი დღემდე არ გაუციათ, პარლამენტის თავმჯდომარე, ოქრუაშვილსა და მერაბიშვილთან საუბარზე დაყრდნობით, ობიექტური მიზეზით ხსნის. რაც შეეხება გენერალური პროკურორის წერილობით პასუხს, მას დეპუტატები ოთხშაბათს მიიღებენ. არადამაკმაყოფილებელი პასუხის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს ახალი შეკითხვების დასმას ურჩევს და საჯარო განხილვას გამოძიების დასრულების შემდეგ ჰპირდება.
XS
SM
MD
LG