Accessibility links

logo-print

გაზეთ „ხვალინდელი დღის“ აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტის განახლებას ეროვნების უქონელი,


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გაზეთ „ხვალინდელი დღის“ აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტის განახლებას ეროვნების უქონელი, ე.წ., შავებისა და ქართველი სვავების ხელით ცდილობენ.

როგორც გაზეთი წერს, ცხინვალიდან გაუჩინარებული ხაჭაპურიძეების ოჯახის წევრები აღშფოთებული თანასოფლელებისა და ახლობლების დაშოშმინებას ძლივს ახერხებენ. ლიახვის ხეობის ქართული მოსახლეობა უკიდურესად აღელვებულია, ვითარება კი - დაძაბული. გაზეთი საგულისხმოს უწოდებს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის მორიგი დაძაბვა საეჭვოდ დაემთხვა ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესახებ წარმოებულ მოლაპარაკებას. გაზეთის პროგნოზი პესიმისტურია: „ საქართველოს ითრევენ მოუგებელ ომში, რომლის არდაწყების შემთხვევაში ქვეყნის ღირსების შელახვის ხაფანგი აქვს მომზადებული. ეს ორლესული მახვილი, ალბათ, იმიტომ აილესა, რომ, ჩვენს ქვეყანაში არსებული დიდი პრობლემებისა და ჩამოვარდნილი უკმაყოფილების მიუხედავად, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს შიგნით სააკაშვილის ჩამომგდები ძალა არ არსებობს და თუ არსებობს, დღესდღეობით მისი ამოქმედება არარეალურია. რჩება მისი ღირსების შელახვა ქვეყნის ღირსების შელახვის გზით, ამ ომში ჩათრევა, სადაც მტრების მიერ ერთდროულად „დაჭერილ კუდღლებს“ თვლა არ ექნება. მიხეილ სააკაშვილს რთული არჩევანი აქვს - ერთ მხარეს ქვეყნის და მისი ღირსება დგას, ხოლო მეორე მხარეს - დაგვიანებული და უსუსური თავის მართლება უკვე ნაცნობი ტექსტით: სხვა გზა არ იყო. ჩვენს ღირსებას შეურაცხყოფდნენ, ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფდნენ. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გაკეთდა. საქართველო დააჩოქეს...“


გაზეთი „რეზონანსი“ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. გაზეთის ცნობით, ჟვანიას დაღუპვის თაობაზე ოპოზიციას ეჭვები უმძაფრდება. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ, ოპოზიციის მოთხოვნით, პარლამენტის დღის წესრიგში შევიდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა. გუშინ კი, უმრავლესობის მოთხოვნით, პარლამენტის ბიურომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო. „ბიუროზე გადაწყდა, რომ მინისტრები დეპუტატებს წერილობით გაუგზავნიან პასუხს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე წაიკითხავენ. მასში კი იქნება ის ოფიციალური ინფორმაცია, რაც აქამდეც არაერთხელ გავრცელდა და საზოგადოებისთვის ისედაც კარგად არის ცნობილი. მომხდარზე კონკრეტული პასუხი სამართალდამცველებს ჯერ არ გააჩნიათ. პარლამენტარებს დამატებითი კითხვების დასმის ან დისკუსიის საშუალება არ მიეცემათ,“ - წერს გაზეთი „რეზონანსი“, რომლის შენიშვნითაც, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ოპოზიციას ეჭვებს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით კიდევ უფრო უმძაფრებს.

დაბოლოს, მხოლოდ გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს მწერლებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვას ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი. მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ: ბასა ჯანიკაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და სხვა ცნობილი პიროვნებები, საუბარია იმ ფასეულობებზე, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საფუძვლად უნდა იქცეს და რომელთა უგულებელყოფის საფრთხესაც ხედავს საზოგადოების ეს ჯგუფი. პრობლემათა ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: ჯიბის სასამართლო, ადამიანის უფლებების დარღვევა, საბჭოური პროკურატურა, სახელმწიფო რეკეტი, ფსიქოლოგიური და იურიდიული ტერორი, მედიაზე ზეწოლა და ა.შ. შეგახსენებთ: მიმართვას ხელისუფლებისა და საზოგადოებისადმი გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG