Accessibility links

თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპი იწყება


მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციის, შემცირებისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის შემდეგ, თბილისის მერიის ხელმძღვანელობა რეფორმის ბოლო,

დასკვნით ეტაპზე გადადის. ლაპარაკია დამტკიცებული საშტატო ერთეულების კვალიფიცირებული კადრებით შევსებაზე, რისთვისაც მერიის სტრუქტურებში მუშაობის დაწყების მსურველებს საგანგებოდ შექმნილი საატესტაციო კომისიის წინაშე მოუწევთ წარდგომა.

2005 წლის 1 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა №120 ბრძანებულებას, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა ქალაქ თბილისის მერიის ახალი დებულება. აღნიშნულმა ცვლილებამ, როგორც მერის სამდივნოს მთავარი მრჩეველი გიორგი ხაბაშვილი განმარტავს, სათავე დაუდო მერიის სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაციის პროცესს, რომლის პირველ ეტაპზე, მთელი რიგი სამსახურების ლიკვიდაციის პარალელურად, მნიშვნელოვნად შემცირდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა. გიორგი ხაბაშვილის თქმით, მერიაში მუშაობის დაწყების მსურველებს სულ მალე საატესტაციო კომისიის წინაშე მოუწევთ წარდგომა:

[გიორგი ხაბაშვილის ხმა] „ჩატარდება კონკურსი, რომლის შემდეგაც მოხდება თავიდან შერჩევა იმ მოსამსახურეებისა, რომლებმაც უნდა დაიკავონ ეს თანამდებობები. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს და ეს პროცესი ჩატარდება ძალიან გამჭვირვალედ და ღიად.“(სტილი დაცულია)

საატესტაციო კომისიას თავად თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობს. საკრებულოს წევრის კახა ძაგანიას თქმით, უცნაურია, მაგრამ 50-კაციან კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის ადგილი არ მოიძებნა:

[კახა ძაგანიას ხმა] „არა, არ ჩაგვწერეს კომისიაში ოპოზიციური პარტიებიდან არავინ. მერმა თვითონ აპრიორი განაცხადა, რომ ის არ დატოვებდა ძველ თანამშრომლებს თანამდებობაზე, ყველას გაუშვებდა.“(სტილი დაცულია)

თუმცა ეს არ არის ერთადერი მიზეზი, რის გამოც თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები მერიის ხელმძღვანელობას აკრიტიკებენ. ლეიბორისტული პარტიის წევრი პაატა ჯიბლაძე საატესტაციო კომისიისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობამ აღაშფოთა. „საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან“, - ამბობს საკრებულოს წევრი.

[პაატა ჯიბლაძის ხმა] „უნდა იყოს შერჩეული კომისიის 50 წევრი. თითოეულის ხელფასი 1136 ლარია და სამი თვის განმავლობაში უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს ეს ხელფასი. აქ არის აპარატის კოორდინატორი, რომლის ხელფასია 1022 ლარი; აქ არის აპარატის 30 წევრი და თითოეულის ხელფასი 227 ლარია. ამის გარდა, ტექნიკური საჭიროებებისათვის არის უზარმაზარი თანხები გაწერილი. ერთ-ერთი, მაგალითად, არის საწერ-კალმების შესაძენი თანხა - 8100 ლარი.“

ხარჯთაღრიცხვის თანახმად, დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს საკვალიფიკაციო კონკურსის ჩასატარებლად 296 ათასი ლარი სჭირდება, თუმცა, როგორც საკრებულოს უმრავლესობისა და საატესტაციო კომისიის წევრი ჯემალ სადაღაშვილი ამბობს, საკრებულოს ხარჯთაღრიცხვის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ დაუმტკიცებია:

[ჯემალ სადაღაშვილის ხმა] „ეს არ გადაწყვეტილა ჯერ. ამისათვის საჭიროა ბიუჯეტში შეტანილ იქნეს სათანადო ცვლილებები, რომელიც განხილული იქნება საკრებულოს სხდომაზე და ეს თანხა, რომელიც შეჯერდება ყველა ფრაქციასთან და საკრებულოს წევრთან და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება თანხის საბოლოო ოდენობა.“(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით ასევე უცნობია კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი. კომისია მერიის სტრუქტურებში მუშაობის დაწყების მსურველთა განცხადებების მიღებას, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში დაიწყებს.
XS
SM
MD
LG