Accessibility links

logo-print

”…ქართველები ნიჭიერი ხალხია, მაგრამ საკადრო პრობლემები აქვთ”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის ბოლოდრონდელ პრესაში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი წერილი გამოქვეყნდა. მრვალფეროვანია თემატიკაც: გაზის მიწოდებით დაწყებული

და პრევენციული დარტყმებით დამთავრებული.
მინდა რამდენიმე პუბლიკაციის გარშემო გესაუბროთ.

10 ივნისის ”როსიისკაია გაზეტა” ბეჭდავს წერილს, სათაურით ”გაზპრომი: შეტევა ყველა მიმართულებით”.

გაზეთი წერს:”კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ფასწარმოქმნის პრობლემა საქართველოსთვის...წლის მიწურულს საქართველომ გაზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 500 ათასი კუბმეტრით და მიწოდება დღე-ღამეში 4,5 მილიონი კუბმეტრის ნიშნულამდე მიიყვანა. საქართველოს გაზი მიეწოდება 1000 კუბმეტრში 50-60 დოლარის ფასად. შედარებისთვის: დასავლეთ ევროპას გაზი მიეწოდება საშუალოდ 140 დოლარად იმავე მოცულობისთვის…აშკარაა, რომ უახლოეს ხანში გაზის მიწოდების ბევრი მიმართულებით ესა თუ ის ცვლილება მოხდება.”

9 ივნისის ”ნოვაია გაზეტა” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ტელეკომპანია ”იმედის” შემოქმედებით ხელმძღვანელ ვსევოლოდ ვოლჩეკთან, რომელსაც ტელეკომპანიებში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. საკმარისია ითქვას, რომ მას რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, ორტ-ს, გენერალური დირექტორის მოადგილედ უმუშავია.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთისა და საქართველოს ტელევიზიების შედარება, ვსევოლოდ ვოლჩეკმა უპასუხა: ”როგორც ნტვ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი იგორ მალაშენკო ამბობდა, ტელევიზია - ეს ფულის ფუნქციაა. სატელევიზიო რეკლამის რუსეთის ბაზარი დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს შეადგენს, საქართველოსი კი - 8 მილიონს. შეუძლებელია ამის ერთმანეთთან შედარება. სწორედ ამიტომ ვერ შეადარებ ტელევიზიების შესაძლებლობებს - როგორც ტექნიკურს, ისე შემოქმედებითს. გარდა ამისა, მართალია, ქართველები ნიჭიერი ხალხია, მაგრამ საკადრო პრობლემები აქვთ. აქედან გამომდინარეობს დონეც: საქართველოს ტელევიზია გაცილებით პროვინციულია რუსეთისაზე. სხვა საქმეა მისი ტონალობა, ზოგადი დონე. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, ჩემი აზრით, რუსეთის საუკეთესო ტელეკრიტიკოსია: ერთხელ განაცხადა, რომ ტელევიზია მოსახლეობის გადებილებით არის დაკავებული. ჰოდა, საქართველოს ტელევიზია, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ამას არ აკეთებს. მე ვსაუბრობ ინტელიგენტურობის საერთო დონეზე.”

სააგენტო ”ლენტა” 13 ივნისის ინფორმაციაში წერს, რომ ”რუსეთი იტოვებს უფლებას, პრევენციული დარტყმა მიაყენოს მოსაზღვრე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სასაზღვრო ტერიტორიებს უშუალო ტერორისტული მუქარის შემთხვევაში.”

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ”ამის შესახებ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა, რომელიც ამბობს: ”ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ: პრევენციული დარტყმა შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული მუქარის ერთჯერადი აღკვეთისთვის - ამასთან, თუ ჩვენ 100%-ით ვართ დარწმუნებულნი, რომ ეს საფრთხე აქვეა და ამჟამად გვემუქრება. ამ უფლების შესახებ ჩვენ განვაცხადეთ და ვიტოვებთ კიდეც მას.

პირველად პრევენციული დარტყმის იდეის შესახებ ითქვა საქართველოს მიმართ რუსეთის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ ტერორისტთა რაზმები პანკისის ხეობას აფარებენ თავს.”

დაბოლოს, გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: 13 ივნისს სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული.

სააგენტო ”როსბალტი” წერს: ”უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სვიატოსლავ პისკუნმა განაცხადა, რომ ”მკვლელობა მილიციონერებმა ჩაიდინეს”. ამასთან, დაამატა, რომ ამ ნაბიჯს ისინი დამოუკიდებლად ვერ გადადგამდნენ. მიუხედავად ამისა, გენპროკურორმა აღიარა, რომ ამჟამად გამოძიებას არასაკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისათვის, რათა დანაშაულის შემკვეთები დაასახელოს. საქმე სასამართლოს ივლისში გადაეცემა, - დააზუსტა მან.”
XS
SM
MD
LG