Accessibility links

ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო დანაშაულობების ტრიბუნალი, შესაძლოა, გარძელდეს


ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს ჩადენილ სამხედრო დანაშაულობათა ტრიბუნალის მოქმედების ვადა, შესაძლოა, დაირღვეს.

ამის შესახებ სასამართლოს თავმჯდომარემ თეოდორ მერონმა განაცხადა. ტრიბუნალის მოქმედების ვადის გადაწევა გამოწვეულია იმით, რომ, ნოემბრიდან დაწყებული, სასამართლო 22 განსასჯელს ელის. ამასთან, მერონი და ტრიბუნალის მთავარი პროკურორი კარლა დელ პონტე ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგნენ მსხვილი სამხედრო დამნაშავეები: რადოვან კარაჯიჩი, რატკო მლადიჩი და ანტე გოტოვინა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”დამამთავრებელი სტრატეგიის” თანახმად, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილ სამხედრო დანაშაულობათა საქმეების განხილვა ტრიბუნალს 2008 წელს, ხოლო საჩივრებისა - 2010 წელს უნდა დაესრულებინა. მაგრამ ორშაბათს ტრიბუნალის თავმჯდომარემ თეოდორ მერონმა უშიშროების საბჭოს მოახსენა, რომ სასამართლო მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2010 წლამდე საჭიროებს. მერონის თქმით, ტრიბუნალს არა აქვს უფლება შეწყვიტოს მუშაობა მანამ, სანამ სასამართლოს წინაშე არ წარდგებიან ბოსნიელ სერბთა ლიდერი რადოვან კარაჯიჩი და რადკო მლადიჩი, აგრეთვე ყოფილი ხორვატი გენერალი ანტე გოტოვინა:
[ტეოდორ მერონის ხმა] ”ჩვენი ისტორიული მისია არ შეიძლება დასრულდეს და არ შეიძლება კარები დაიხუროს, ვიდრე კარაჯიჩი, მლადიჩი და გოტოვინა არ წარდგებიან ჰააგის ტრიბუნალის წინაშე და სრულად არ აგებენ პასუხს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.”

მლადიჩი და კარაჯიჩი ეჭვმიტანილნი არიან სამოქალაქო ომის დროს ბოსნიაში, სრებრენიცაში, 8 ათასი მუსლიმანის მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში. გოტოვინას კი ბრალად ედება სამხედრო დანაშაულობები, რაც ხორვატიის სამხედრო ნაწილებმა ეთნიკურ სერბთა ტერიტორიაზე შეჭრის დროს დაატრიალეს. ეჭვმიტანილნი მიმალვაში იმყოფებიან. ხოლო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებზე ევროკავშირი და შეერთებული შტატები ახდენენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას, რათა ჰააგის ტრიბუნალმა სრულად მოახერხოს სამხედრო დანაშაულობათა გამოძიება. ამ მხრივ გარკვეული წინსვლაც არის, რის შესახებაც გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ მოახსენა:

[კარლა დელ პონტეს ხმა] ” ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო ვითარების დრამატული განვითარება რთულად აისახება გაეროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაზე. სერბია-მონტენეგრო, ხორვატია და ბოსნია-ჰერცეგოვინა ჯერ კიდევ სრულად არ თანამშრომლობენ ჰააგის სამხედრო ტრიბუნალთან. თუმცა ისიც ცხადია, რომ ეს თანამშრომლობა ახლა გაცილებით შედეგიანია.”

მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარემ ტრიბუნალის ვადის გახანგრძლივება აუცილებლად მიიჩნია, გაეროს უშიშროების საბჭოში აზრი ორად გაიყო. მაგალითად, სამხედრო ტრიბუნალის ერთ-ერთი დონორის, იაპონიის, წარმომადგენელი შინინი კიტაოკა ფიქრობს, რომ ტრიბუნალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ 2008 წლისთვის დაასრულოს საქმეების განხილვა, მაშინ როცა საფრანგეთის წარმომადგენლის აზრით, სასამართლოს დროში შეზღუდვამ, შესაძლოა, მთავარი სამხედრო დამნაშავეები დაუსჯელი დატოვოს.
XS
SM
MD
LG