Accessibility links

logo-print

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელებმა დანაშაული აღიარეს, მაგრამ ვინ არის მკვლელობის დამკვეთი?


უკრაინის გენერალურმა პროკურორმა სვიატოსლავ პისკუნმა გამოაცხადა, რომ პოლიციის ორმა დაკავებულმა პოლკოვნიკმა აღიარა 5 წლის წინ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა.

პისკუნმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, აღიარება იმის დასტურია, რომ გამოძიება სწორ გზას ადგასო. მაგრამ პროკურორმა ისიც თქვა, ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი თავიანთი ნებით არ მოქმედებდნენო. ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია, ვინ დაუკვეთა ღონღაძის მკვლელობა.

ვიქტორ იუშჩენკო პრეზიდენტად არჩევისთანავე დაჰპირდა ხალხს, რომ უკრაინაში გარდაქმნა მოხდებოდა. ღონღაძის მკვლელობის გამოძიება კი ახალი მთავრობის ლაკმუსის ქაღალდად იქცა. ჟურნალისტ ღონღაძის ამბავი უკრაინელებისთვის ლეონიდ კუჩმას ადმინისტრაციის ხრწნის სიმბოლო იყო.

ღონღაძე უკრაინაში მუშაობდა და იქვე გამოსცემდა საინტერნეტო გაზეთ “უკრაინსკაია პრავდას”, რომელიც კორუფციის ფაქტების გამოაშკარავებით იყო დაკავებული. ის კიევში დაიკარგა 2000 წლის სექტემბერში. მოგვიანებით მისი თავმოკვეთილი გვამი ტყეში იპოვეს. ამას მოჰყვა ცნობილი აუდიოფირის გამოქვეყნება. პრეზიდენტის მცველის მელნიჩენკოს მიერ ჩაწერილ ამ ფირზე საუბარი იყო ვითომდა კუჩმასა და შინაგან საქმეთა მინისტრ იური კრავჩენკოს შორის იმის თაობაზე, რომ ღონღაძე თავიდანაა მოსაშორებელი და ჩეჩნებს უნდა მიუგდონ. კუჩმა უარყოფდა ამ ფირის ავთენტიკურობას, მაგრამ უშედეგო გამოძიება კიდევ უფრო საეჭვოს ხდიდა მისი სინდისის სიწმინდეს.
ახლა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციის ორი პოლკოვნიკი დაიჭირეს, მაგრამ ვინ შეუკვეთა მკვლელობა? ესაა შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ არსებობს და რომელიც კიევში ხალხს საფუძველს აძლევს, იმედი გადაიწუროს, რომ ოდესმე ამ დანაშაულს ფარდა მთლიანად აეხდება.

პოლიტოლოგმა იან მაკსიმიუკმა ჩვენს რადიოს უთხრა: ხალხი იმასაც ლაპარაკობს, კუჩმამ “ნარინჯისფერი რევოლუცია” უსაფრთხოების გარანტიის საფასურად დაუშვაო:

(მაკსიმიუკის ხმა) “არის დაუდასტურებელი ხმები, რომ იუშჩენკომ კუჩმას გარიგება შესთავაზა, ერთი რეჟიმიდან მეორეზე მშვიდობიანი გადასვლის სანაცვლოდ ბრალდებებისგან - მათ შორის, ღონღაძის საქმეში - დაგიცავო.”

გარიგების დადასტურება შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ კუჩმა კიევში მშვიდად ცხოვრებას განაგრძობს, იუშჩენკო კი აცხადებს, რომ ღონღაძის საქმე გარკვეულია, რომ მკვლელების მიგნებით გამოძიება შეიძლება დასრულდეს. მაკსიმიუკი ამას მხოლოდ ნაწილობრივ გამარჯვებად მიიჩნევს:

(მაკსიმიუკის ხმა)“რამდენიმე თვის წინ იუშჩენკომ განაცხადა, რომ საქმე გახსნილია. მას სასამართლო სჭირდება, სჭირდება დანაშაულის აღიარება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ, გამოჩნდება შემკვეთი მხარე და ისინიც აღიარებენ დანაშაულსო.”

სასამართლო კი მოსალოდნელია ივლისში, - ეს გენპროკურორმაც დაადასტურა.

ერთი დეტალია ასევე საინტერესო. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კრავჩენკო, რომლის ხმაც ზემოხსენებულ ფირზე ისმის, მთავარი მოწმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ტყვიით მოკლული ნახეს მისივე აგარაკზე ზუსტად იმ დღეს, როცა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება უნდა მიეცა. მისი გარდაცვალება გამოძიებამ თვითმკვლელობად შეაფასა. მეორე მოწმეა მალაშენკო, რომელმაც, ისევე როგორც ღონღაძის მეუღლემ, აშშ-ში თავშესაფარი მიიღო. გამომძიებლების აზრით, მალაშენკო ფირის თაობაზე ჩვენების მისაცემად უკრაინაში უნდა დაბრუნდეს. კიევში დაფუძნებული კვლევითი ინსტიტუტის - “მას-ინფორმაციის” - თანამშრომელმა სერგეი ტარანმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, მალაშენკოს არ უნდა თავი საფრთხეში ჩაიგდოს და ამიტომაც არ ჩავა კიევშიო:

(ტარანის ხმა) “მისი ლაპარაკი წინააღმდეგობრივია. საერთაშორისო ორგანიზაციები - ჩვენც, მათ შორის - შევეცადეთ მასთან კონტაქტი დაგვემყარებინა, რათა საშუალება მიგვეცა საერთაშორისო თანამეგობრობასა და უკრაინელებთან ცხადად გამოეხატა თავისი პოზიცია. მაგრამ კონტაქტი ვერ დამყარდა. ვფიქრობ, მას არ სურს სრული სიმართლის თქმა იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხა ფირის ჩაწერა და ვისთან, რომელ სტრუქტურასთან თანამშრომლობდა.”

გიორგი ღონღაძის მეუღლემ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, განაცხადა, რომ სანამ გიორგის მკვლელობის საქმე არ გაირკვევა, უკრაინას განვითარების, “ნორმალურ ქვეყნად” გადაქცევის შანსი არა აქვს.
XS
SM
MD
LG