Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებების დამცველები გუანტანამოს სატუსაღოს დახურვას ითხოვენ


არ წყდება ხმაური გუანტანამოს გარშემო. კუბაში, შეერთებული შტატების ამ სამხედრო ბაზაზე არსებულ საპყრობილეს "ამნესტი ინტერნეშნლი" თანამედროვე "გულაგს" უწოდებს.

და, საერთოდ, ბევრის აზრით, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელიც იქ ხდება, ანტიამერიკული პროპაგანდისთვის საუკეთესო საზრდოს წარმოადგენს ტერორისტებისთვის. ექსპერტთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ გუანტანამოს საპყრობილეში გავრცელებული დაკითხვის პრაქტიკა შეიძლება წამებად იქნეს კვალიფიცირებული. სწორედ ამიტომ არის, რომ გუანტანამოს ციხის დახურვას მოითხოვენ არა მარტო ადამიანის უფლებათა დამცველები, არამედ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსებიც. თუმცა, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი აცხადებენ, რომ ციხე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გუანტანამოში ამჟამად ტერორიზმში ეჭვმიტანილ 40 ქვეყნის ხუთასამდე მოქალაქეს აკავებენ. ზოგიერთი მათგანი უკვე სამ წელიწადზე მეტია, დაპატიმრებულია, მაგრამ დღემდე ოფიციალური ბრალდება მხოლოდ ოთხ ადამიანს წაუყენეს.

სულ ცოტა, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ანტიამერიკულ გამოსვლებს ავღანეთში, რომლებიც მას მერე დაიწყო, რაც ჟურნალ "ნიუსუიკში" გამოქვეყნდა ცნობა, რომ გუანტანამოში ტუალეტში ჩარეცხეს მაჰმადიანების წმინდა წიგნი ყურანი. მოგვიანებით ყოველკვირეულის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია ფაქტების გადაუმოწმებლად დაიბეჭდა. მაგრამ საბოლოოდ შეერთებული შტატების სამხედროებმა აღიარეს, რომ ცნობილია ყურანისადმი მკრეხელური მოპყრობის, სულ ცოტა, ხუთი შემთხვევა, მათ შორის, წიგნზე შარდის გადასხმის ფაქტი.

ამ ცნობებმა კიდევ უფრო გააძლიერა გუანტანამოს დახურვის მოთხოვნები მთელ მსოფლიოში. კრიტიკოსების თქმით, გუანტანამო ეწინააღმდეგება სამართლისა და კანონის უზენაესობის ამერიკულ იდეალებს. ამასთან, ციხე ზიანს აყენებს ამერიკის რეპუტაციას და იგი უნდა დაიხუროს.

მაგრამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის მტკიცებით, გუანტანამოს არსებობა დიდად უწყობს ხელს ტერორიზმის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. სამშაბათს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე რასმფელდმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების ისტორიაში არ ყოფილა სხვა საპატიმრო, რომელიც ესოდენ გამჭვირვალე იქნებოდა გარე სამყაროსთვის, როგორიც გუანტანამოა.

[დონალდ რამსფელდის ხმა]: "შეერთებული შტატების სამხედრო უწყებამ უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა, რათა პატივი ეცა სამოქალაქო საზოგადოების ამ მტრების რელიგიური გრძნობებისთვის. მაგალითად, შემუშავებულ იქნა ყურანთან მოპყრობის დაწვრილებითი წესები, ხოლო პატიმართა დღის რეჟიმი დადგენილ იქნა იმ ხუთი ლოცვის გათვალისწინებით, რომლებსაც მუსლიმანური რწმენის მიმდევრები ყოველდღიურად აღავლენენ."

ასეთი განცხადებების მიუხედავად, გუანტანამოს კრიტიკოსთა რაოდენობა არ მცირდება. საინტერესოა, რომ გასულ კვირაში მათ რიცხვს შეემატა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი.

მაგრამ ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის რესპუბლიკელი მესვეურები აცხადებენ, რომ მოწოდებები გუანტანამოს დახურვისკენ პოლიტიკურად მოტივირებულია.

[დიკ ჩეინის ხმა]: "ის, ვინც ყველაზე დაჟინებით მოგვიწოდებს, დავხუროთ გუანტანამო, როგორც ჩანს, ზოგადად არ ეთანხმება ჩვენს პოლიტიკას."

ეს იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს გუანტანამოს ციხის არსებობა ჩირქს სცხებს ამერიკის რეპუტაციას.

გასულ კვირაში გაზეთმა "ნიუ იორკ ტაიმსმა" გუანტანამოს უწოდა "ეროვნული სირცხვილი" და "ისლამისტ რადიკალთა გააქტიურების მაღალეფექტიანი საშუალება".

მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამცველი ორი უმთავრესი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაიტს უოჩისა" და "ამნესტი ინტერნეშნლის" თანახმად, არსებობს იმის უტყუარი საბუთები, რომ გუანტანამოში პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ კიდეც.

უკანასკნელ ანგარიშში "ამნესტი" გუანტანამოს "თანამედროვე გულაგსაც" კი უწოდებს. ორგანიზაციის თანახმად, საქმე უხება უფრო სერიოზულ საკითხს, ვიდრე გუანტანამოს დახურვა-არდახურვას.

[სალომონის ხმა] "ამნესტი ინტერნიშნელი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოუწოდებდა შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარებულიყო წამებისა და ძალადობის ბრალდებათა გამოსაკვლევად გუანტანამოს ყურეში და სასჯელაღსრულების სხვა ცენტრებში, რომლებიც ამერიკას მთელ მსოფლიოში მოეპოვება. ჩვენის აზრით, ეს არის საკითხის არსი. თუკი გუანტანამო არ იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი, ის უნდა დაიხუროს."

ეს გახლდათ "ამნესტი ინტრეიშნელის" პრესმდივანი ჯოზეფინა სალომონი.

მაგრამ შეერთებული შტატების მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამართლებს გუანტანამოს არსებობას. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "ამნესტის" ბრალდებებს "აბსურდული" უწოდა.
XS
SM
MD
LG