Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუდონჰესის მშენებლობა - ენერგოკრიზისიდან თავის დაღწევის გზა


ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზების ძებნაში საქართველოს მთავრობა შემდეგ დასკვნამდე მივიდა: უნდა განახლდეს მდინარე ხუდონზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა,

რომელიც წლების წინ, 1988 წელს, საზოგადოებისა და ეროვნული მოძრაობის მაშინდელი ლიდერების მოთხოვნით შეჩერდა. წინასწარი გაანგარიშებით, 700 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაჯდება. ვინ გაიღებს აღნიშნულ თანხას და ხომ არ გამოიწვევს სვანეთის მთებში მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის აშენება ეკოლოგიურ კატასტროფას?

საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში უწევთ ცხოვრება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებას სამამულო ენერგეტიკის განვითარებაზე 559 მილიონი დოლარის კრედიტი აქვს აღებული. წლები გადის, მაგრამ ჟამთა სვლა ქვეყნის ენერგომომარაგებაზე დადებითად არ აისახება. თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს კრიზისის დაძლევის ეფექტური პროგრამის შემუშავება დაავალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ენერგეტიკული კრიზისი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ. მე მჭირდებოდა და ამის შესახებ პირველ დღესვე ვუთხარი ზურაბ ნოღაიდელს, რომ მჭირდებოდა ზუსტი პროგრამა იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს საქართველო იმ ჭაობიდან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით მრავალი წლის განმავლობაში.“

მთავრობამ, მართლაც, წარმოადგინა კრიზისიდან გამოსვლის 18 თვიანი გეგმა. ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ინფორმაციით, 2006 წლის ზამთრის სეზონს საქართველო ელექტროენერგიის დეფიციტის გარეშე შეხვდება:

[ნიკა გილაურის ხმა] „ეს პროგრამა მიზნად ისახავს არა მარტო თბილისის, არა მარტო რამდენიმე ქალაქის განათებას, არამედ მთელ საქართველოში ენერგეტიკის პრობლემის დაძლევას და ამ პრობლემის საბოლოოდ უკან მოტოვებას.“

აღნიშნული 18 თვიანი პროგრამის პარალელურად, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობა კიდევ ერთ პროექტზე მუშაობს. ვგულისხმობ მდინარე ხუდონზე 700 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას. მინისტრის მოადგილის არჩილ მამაცელაშვილის ინფორმაციით, მოწონების შემთხვევაში, პროექტს მსოფლიო ბანკი დააფინანსებს:

[არჩილ მამაცელაშვილის ხმა] „ზუსტად კონკრეტულ სიმძლავრეს ვერ დავასახელებ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს 650-700 მეგავატის ფარგლებში. არ არის გამორიცხული კიდევ, პლუს-მინუს, 40 მეგავატი.“

არჩილ მამაცელაშვილის თქმით, სადგურის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე სავსებით საკმარისია დეფიციტის შესავსებად, თუმცა საკითხავია, რამდენად უსაფრთხოა მესტიის რაიონში ასეთი დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება. მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, მშენებლობის დაწყებამდე პროექტმა უმკაცრესი სახელმწიფო ექსპერტიზა უნდა გაიაროს:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „წინააღმდეგი კი არა, მომხრე ვართ ჰიდროენერგეტიკის განვითარებისა საქართველოში, იმიტომ რომ ეს დიდი რესურსია ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ ყველაფერი იყოს ეკოლოგიური ნორმების ფარგლებში - ეს ეხება როგორც ხუდონჰესს, ასევე ნებისმიერ ენერგეტიკულ ობიექტს.“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს გეოგრაფიის კათედრის გამგე ნოდარ ელიზბარაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერთა მოთხოვნა, შეჩერებულიყო სადგურის მშენებლობა, მეცნიერულ, ანუ საღ აზრს, არ ეყრდნობოდა. „მესტიის რაიონი სწორედ რომ ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერებით დაზარალდა“, ამბობს უნივერსიტეტის პროფესორი.

[ნოდარ ელიზბარაშვილის ხმა] „ტყე იყო მოჭრილი, სადაც უნდა ჩამდგარიყო წყალი, რაც დაიცავდა ამ ტერიტორიებს გადარეცხვისაგან. ამიტომ სადგურის ამუშავება იყო აუცილებელი. თავის დროზე, 1990 წელში, ჩავატარეთ ექსპერტიზა და დასკვნა იყო ასეთი: ეკოლოგიურად სადგურის დამთავრება უფრო უპრიანი იყო, ვიდრე გაჩერება. და კიდევ: ეს კაშხალი გაუკეთებს რეგულირებას ენგურს და შეუქმნის ბაზას იმისათვის, რომ ენგურჰესმა იმუშაოს მთელი წლის განმავლობაში და სეზონური არ იყოს.“

მაგრამ მშენებლობა მაინც შეჩერდა, უფრო სწორად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, „დაკონსერვდა“. არადა, საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგონაგებობათა სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლის გიორგი ჭუმბურიძის თქმით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებული იყო:

[გიორგი ჭუმბურიძის ხმა] „იცით რა, მე მარტო მიწისქვეშა ნაგებობებზე შემიძლია გითხრათ, კაშხალზე - არა, თუმცა 200 მეტრი სიმაღლის კაშხალია აშენებული. მიწისქვეშა სადგური მთლიანად დასრულებულია, ათი მეტრი აქვს სიმაღლე, მაგრამ სულ წყლით არის დაფარული, საშინელ დღეშია.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG