Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში 20 ქვეყნის რკინიგზის მეთაურები შეიკრიბნენ


თბილისში 15 ივნისს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ”სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს” სხდომა გაიხსნა. რკინიგზელთა სამიტის მუშაობაში,

რომელიც 2 დღეს გასტანს, თანამეგობრობის ქვეყნების გარდა, სხვა დაინტერესებული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემებია: რკინიგზის ადმინისტრაციათა შორის ანაგარიშსწორების მდგომარეობა, სატარიფო პოლიტიკა და სხვა ტექნიკური საკითხები. თუმცა თბილისში შეკრებილი რკინიგზელების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სარკინიგზო პოლიტიკა, რომელიც ბევრი სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ბერკეტს წარმოადგენს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების სარკინიგზო ურთიერთობისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ცხადად დავინახოთ, როგორი პოლიტიკური ურთიერთობაა თანამეგობრობის ამა თუ იმ წევრებს შორის. მაგალითისთვის რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო ურთიერთობაც გამოდგება: ისევე როგორც მოსკოვისა და თბილისის პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი, ამ ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც აფხაზეთის კონფლიქტზეა გადაჯაჭვული.

[გენადი ფადეევის ხმა] “ჩვენ მზად ვართ საუკეთესო ვაგონები დავუთმოთ ამ მატარებელს, რათა ეს იყოს საუცხოო მატარებელი, ტრადიციულად სწრაფმავალი და თითქმის ყოველდღიური. ვფიქრობ, რომ დღეს განწყობა, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოს მეთაურების განწყობა, მათი, ვინც განსაზღვრავს ყოფნა-არყოფნის საკითხებს, არის სრულიად სხვაგვარი. მოდის პოზიტიური მიდგომები, აზრები. ჩვენ, რკინიგზელები, მზად ვართ ყველაზე უშუალო მონაწილეობა მივიღოთ ბლოკირებული რკინიგზების გახსნაში.”

ეს არის გენადი ფადეევი, რუსეთის რკინიგზის მეთაური. მან აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენა ცალმხრივად უკვე სცადა, როდესაც, რამდენიმე წლის წინ, მონაწილეობა მიიღო სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაში. მაშინ მისი ეს ცალმხრივი ქმედება თბილისში ზეწოლად აღიქვეს და აფხაზეთის გამჭოლი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის იდეა დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “ჩვენი პოზიცია დადებითია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ახალი ხელისუფლების პოზიცია არის დადებითი, თუმცა ეს არის დაკავშირებული უამრავი ორგანიზაციული პრობლემის გადაწყვეტასთან და, პირველ რიგში, ეს არის დაკავშირებული დევნილების უსაფრთხოებასთან, უფრო სწორად, მოსახლეობის უსაფრთხოებასთან გალის რაიონში. მოკლედ, საკმაოდ რთული სამუშაოა.” (სტილი დაცულია)

წინასწარი შეფასებით, აფხაზეთის გამჭოლი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენას 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დასჭირდება. თუმცა სანამ ეს პროექტი განხორციელდება, მანამდე უკვე არსებული ფოთი-კავკაზის საბორნე-სარკინიგზო გადასასვლელიც კი უფუნქციოდაა დარჩენილი. რკინიგზელები ფიქრობენ, რომ ეს პრობლემა რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური წინააღმდეგობების შედეგი არ არის. საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის კომენტარი:

[დავით ონოფრიშვილის ხმა] ”საქართველოს მხარემ ძალიან სწრაფად შეადგინა ყველა ნორმატიული ბაზა, ხელი მოაწერა რუსეთთან ერთად და რეალურად ეს ბორანი ვითომ ამოქმედდა. მარტში იყო პირველი რეისი, მეორე - აპრილში და შემდეგ გაჩერდა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მიუღებელია. და იმ მხარემ რუსეთიდან, ვინც ბორანზე აიღო პასუხისმგებლობა, ამ საკითხს უნდა მიხედოს. ჩვენ ამ საკითხს სამიტზე ვაყენებთ.”(სტილი დაცულია)

ამ პრობლემის გარდა, თბილისში მიმდინარე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რკინიგზელთა საბჭოს სხდომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა, ფინეთსა და ბულგარეთთან თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს ქვეყანა სამიტზე უმაღლესი დონის დელეგაციებითაა წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG