Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითო პატიმრის გამოსაკვებად სახელმწიფო დღეში 76 თეთრს ხარჯავს


სახალხო დამცველის ოფისის მოთხოვნას, თანამდებობიდან გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ

სისტემაში არსებულ პრობლემებსა და რეფორმის შინაარსზე საუბრით გამოეხმაურა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ ოთხშაბათს გამართული პრეს-კონფერენციის ზოგადი შინაარსიდან ირკვევა, რომ სამსახურიდან შოთა კოპაძის დათხოვნა რთული არ არის, მაგრამ ეს ვითარებას ვერ შეცვლის.

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტების მიწვევის მიზნად მინისტრის მოადგილე ეკა ტყეშელაშვილმა დაასახელა საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა დაძლევაც სამინისტროს უწევს.
ტყეშელაშვილის განმარტებით, გასული 12 წლის განმავლობაში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სერიოზულად არც სისტემა შეცვლილა, არც ინფრასტრუქტურა და არც დაფინანსება:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ,,კვების თვალსაზრისით რომ დავიწყოთ, დღეში ერთ პატიმარზე მოდის 76 თეთრი, მედიკამენტების თვალსაზრისით, არის 3-4 თეთრი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ შეგვიძლია აღმოვფხვრათ ამანათების გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემა, რაც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ნარკოტიკების შედინებასთან ციხეებში.” (სტილი დაცულია)

ამჟამად საქართველოში პენიტენციური სისტემის თხუთმეტი დაწესებულება არსებობს და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სასჯელს იხდის 8 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა ნაწილს ნორმალურად ძილის საშუალებაც კი არა აქვს:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ,,განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს პირველ საპყრობილეში, თბილისში. არა მარტო გადატვირთულობის თვალსაზრისით, რომელიც, სამწუხაროდ, ყველა ზღვარს სცილდება, - 1500 პატიმრით მეტი პატიმარია, ვიდრე უნდა იყოს, - არამედ თვითონ შენობის მდგომარეობის მხრივაც.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ საპყრობილეთა გადატვირთვის პრობლემის მოგვარებას ხელს შეუწყობს შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლა, ალტერნატიული სასჯელების დაწესება, ანუ ის დრო, როდესაც პატიმრობა საქართველოში მხოლოდ უკიდურესი ზომა იქნება.
ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს უკვე აქვს პენიტენციური სისტემის რეფორმირების კონცეფცია და ამჟამად ამზადებს სამოქმედო გეგმას, რომლის პირველი ეტაპი რუსთავსა და ქუთაისში ორი ახალი საპატიმროს მშენებლობა იქნება:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ,,ამ ორ დაწესებულებაში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული რეჟიმი მმართველობის და ყველა ის პირობები და უფლებების გარანტირებაც, რაც პატიმრებს ექნებათ, იქნება სრულიად ახალ მოდელზე აგებული.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტრო ახალი დაწესებულებების მომავალ პატიმრებს ჰპირდება ზედამხედველებს, რომლებსაც ღია კონკურსით შეარჩევენ და თეორიასა და უნარ-ჩვევებში მოამზადებენ. ახალ საპატიმროებში რომ ძველმა წესებმა - მათ შორის, ე.წ. ავტორიტეტების მმართველობამ - არ იბატონოს, საამისოდ მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევა არასაკმარისია და ამ პრობლემის დაძლევას სხვა სტრუქტურების მონაწილეობაც სჭირდება. - ასე ფიქრობს ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც ოთხშაბათს სახალხო დამცველის ოფისის მოთხოვნასაც გამოეხმაურა. ომბუდსმენის აპარატი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შოთა კოპაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებად წოდებულ პირებთან ერთად პატიმრებისთვის თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას მოითხოვს. ეკა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს შესაბამის პროცესს, რომელსაც არა გამოძიება, არამედ გამოკვლევა ეწოდება:

[ეკა ტყეშელაშვილის ხმა] ,,პენიტენციური სისტემის პრობლემები არ უნდა გახდეს შოთა კოპაძესთან ასოცირებული პრობლემა. ეს არის უფრო გლობალური პრობლემა და თუ ეს არ იქნება გათვითცნობიერებული, ჩვენ არასდროს არ გვექნება სწორი მიდგომა, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემები. ჩვენთვის ძალიან მარტივი იქნებოდა დღეს, რომ შოთა კოპაძე აღარ იყოს პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ ამით ჩვენ ყველა ის პრობლემა დაგვრჩებოდა და მოსახლეობას გაუცრუვდებოდა იმედი, რადგან ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც პრობლემებს წარმოშობს და ეს ადამიანი თუ არ იქნება, პრობლემებიც აღარ იქნება. ეს არ არის მართალი.” (სტილი დაცულია)

იუსტიციის სამინისტროს ამ პოზიციას არასწორად ინტერპრეტირებულს უწოდებს ომბუდსმენის მოადგილე ბაჩო ახალაია:

[ბაჩო ახალაიას ხმა] ,,ჩვენ კოპაძეს პასუხს არ ვთხოვთ იმის გამო, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მწირია, ან იმის გამო, რომ ციხის შენობა არის ძალიან ძველი. ჩვენ მას პასუხს ვთხოვთ იმისთვის, რომ ამ სისტემაში კორუფციული მმართველობის სტილი დაამკვიდრა და, კანონიერ ქურდებთან ერთად ალიანსში, შეძლო ამ კორუფციული სისტემის შესანიშნავად ამუშავება ერთადერთი მიზნით, რაც შეიძლება მეტი შემოსავლები მიიღოს.” (სტილი დაცულია)

ხუთშაბათს, იუსტიციის სამინისტროში არსებული საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს წევრებისა და მინისტრის შეხვედრისას, ბაჩო ახალაია კვლავ მოითხოვს შოთა კოპაძის პოსტიდან გათავისუფლებას. სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, რომ პოზიციის დათმობას არ აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG