Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის სამუშაო ჯგუფი გაეროს რეფორმირებას მოითხოვს


შეერთებული შტატების კონგრესი ამერიკის მთავრობას მოუწოდებს, რომ აქტიური როლი იკისროს გაეროს რეფორმირების საქმეში, რათა მოხერხდეს ორგანიზაციის სანდოობისა და ეფექტიანობის აღდგენა.

კონგრესის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარკვეულწილად ეხმიანება სამი თვის წინ თავად გაეროს მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებს. მათ შორის არის ადამიანის უფლებების კომისიის გაუქმება, უფრო მკაცრი ზომები გენოციდის წინააღმდეგ და სხვ. მაგრამ, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ ახალ ანგარიშს უფრო მეტი გამოხმაურება ექნება ვაშინგტონში, ვინაიდან მის ავტორთა შორის მოწინავე ექსპერტები არიან როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან.

შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული სამუშაო ჯგუფის წევრების თანახმად, გაეროს მუშაობის ეფექტიანობას და ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანს აყენებს ღრმა სტრუქტურული და ადმინისტრაციული შეცდომები.

ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეებმა - შეერთებული შტატების ყოფილმა სენატორმა ჯორჯ მიჩელმა და წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა - ოთხშაბათს განაცხადეს, რომ გაეროს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის მხრიდან დახმარება ესაჭიროება.

[გინგრიჩის ხმა] "სკანდალები, არაეფექტიანობა, შეცდომები - საკმარისად ცხადი და ნათელია და საკმარისად ხშირად მეორდება და ამის გამო, ჩემის აზრით, ბევრად უფრო ძლიერია იმის სურვილი, რომ რაღაც უნდა გამოსწორდეს. თუ არა და, რაღაც მომენტში გაერო უბრალოდ მნიშვნელობას დაკარგავს," განაცხადა გინგრიჩმა 15 ივნისს გამართულ სხდომაზე.

სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს იძლევა. მაგალითად, იგი საჭიროდ მიიჩნევს დამოუკიდებელი საბუღალტრო საბჭოს შექმნას ეფექტიანობის გასაზრდელად და საფინანსო საქმეებში გაეროს იმ წევრების გავლენის გასაძლიერებლად, რომლებიც უფრო მეტ საწევროებს იხდიან.

ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს მოთხოვნას, გაეროს ადამიანის უფლებების კომისია შეიცვალოს იმ ქვეყნებისგან შემდგარი ორგანოთი, რომლებშიც ეს უფლებები იცვება და კანონის უზენაესობა სუფევს.

გარდა ამისა, ჯგუფი აკრტიკებს უშიშროების საბჭოს უუნარობას, სწრაფი რეაგირება მოახდინოს გენოციდის თავიდან ასაცილებლად ისეთ რეგიონებში, როგორიცაა, მაგალითად, დარფური.

[მიჩელის ხმა] "ზოგი მთავრობა იმდენად უხეშად უგულებელყოფს საკუთარი ხალხის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რომ შეუძლებელი ხდება კოლექტიური პასუხისმგებლობისთვის გვერდის ავლა. გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია და ვალდებულია იმოქმედოს ასეთ შემთხვევებში. იმ შემთხვევაში, თუკი უშიშროების საბჭო ვერ იმოქმედებს, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამის გამო დამცველ ზომებს თავი აარიდონ წევრებმა, რომლებსაც ეხება საქმე." ასე ფიქრობს სამუშაო ჯგუფის წევრი ჯორჯ მიჩელი.

ჯგუფმა კონსენსუსს ვერ მიაღწია უშიშროების საბჭოს გაფართოების საკითხში, რაც ცენტრალური მნიშვნელობისაა მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის. მაგრამ მთელ რიგ სხვა საკითხებში ჯგუფის მუშაობაში აისახა გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მიერ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში დასახული პრიორიტეტები.

გაერო შეეშფოთებულია შეერთებული შტატების კონგრესის კიდევ ერთი ინიციატივით, რომლის თანახმად, ამერიკამ შეიძლება შეაჩეროს გაეროსთვის გადასახდელი ვალების 50 პროცენტამდე, თუკი გაერო ვერ შეძლებს რიგი რეფორმების გატარებას.

ოთხშაბათს თეთრმა სახლმა შეატყობინა კონგრესს, რომ იგი არ უჭერს მხარს ვალების საკითხის დაკავშირებას რეფორმებთან.
XS
SM
MD
LG