Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა განსხვავებაა რევოლუციამდელ და ამჟამინდელ კონტროლის პალატას შორის?


საქართველოს პარლამენტში ნახევარი წლის წინ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ხუთშაბათს კონტროლის პალატის საქმიანობის შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა.

მოხსენების განხილვას წინ თავად კონტროლის პალატის თავმჯდომარის ტრადიციული ანგარიში უძღოდა. ამ ორი დოკუმენტის გაცნობის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ - კმაყოფილება, ოპოზიციამ კი სერიოზული ეჭვი გამოხატა.

რატომ ემადლიერება უმრავლესობა კონტროლის პალატას და რა საფრთხეს ხედავს ოპოზიცია?

პარლამენტი კმაყოფილია იმით, რომ პრაქტიკულად პირველად დაიცვა ის კანონი, რომლის მიხედვითაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს კონტროლის პალატის საქმიანობის შესწავლა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ყოველწლიურად ევალება. პარლამენტში 6 თვის წინ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ კონტროლის პალატა ბიუჯეტის 23 მილიონი ლარით შევსების გამო შეაქო, თუმცა შესაბამისი აქტების რევოლუციამდელი წესით შევსების სტილი დაუწუნა. პრეტენზიები არსებობს მოქმედი კანონის გამოც, რომლის ერთი მუხლის მიხედვით, კონტროლის პალატა ცენტრალიზებული ორგანოა და მისი ერთპიროვნული ხელმძღვანელი თავმჯდომარეა, მეორე მუხლის თანახმად კი - პალატა კოლეგიალური სტრუქტურაა და მას ხელმძღვანელობს პრეზიდიუმი, რომლის დადგენილებებსაც თავმჯდომარე ასრულებს. თუმცა საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორება გაცილებით იოლია, ვიდრე იმ პრაქტიკისა, რომელიც კონტროლის პალატისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ურთიერთობისას დამკვიდრდა. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი ზურაბ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ზოგიერთი მასალა ჯერჯერობით არ ჩანს:

[ზურაბ ბუცხრიკიძის ხმა] ,,პარლამენტმა ეს საკითხი უნდა აიყვანოს კონტროლზე. აქ არის ბევრი შეუსაბამობები. არის იმის საშიშროება, რომ ზოგიერთი მასალა შემდეგ საერთოდ დაიკარგოს, იმიტომ რომ არ ჩანს ზოგიერთი მასალა - ზოგი კონტროლის პალატის მასალებში და ზოგი პროკურატურის მასალებში.” (სტილი დაცულია)

საპარლამენტო კომისიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ გასულ წელს კონტროლის პალატამ შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს გაუგზავნა 37 მასალა, რომელსაც პრაქტიკულად რეაქცია არ მოჰყოლია, ისევე როგორც არ მოჰყოლია რეაქცია პროკურატურის მხრიდან. თავად კონტროლის პალატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წლებში, ნორმატიული აქტების დარღვევით, იაფად ხდებოდა საწარმოთა პრივატიზაცია და მათი ხელოვნურად დანაწილება. ამ ორი დოკუმენტის საფუძველზე პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატი ივლიანე ხაინდრავა აცხადებს, რომ კორუფციის მხრივ არაფერი შეცვლილა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,რომც არ ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა, დასკვნა ძალიან მარტივია. კორუფცია ქვეყანაში კვლავინდებურად ყვავის და არა მხოლოდ ყვავის, არამედ მძვინვარებს, განსაკუთრებით შუა რგოლში. და, რაც არ უნდა უყურადღებოდ დავტოვოთ ჩვენ ეს მოვლენა აქ, პარლამენტში, მოსახლეობა, ბიზნესი ამას ყურადღების გარეშე არ ტოვებს. კითხვის ქვეშ დგას მთავარი ლოზუნგი იმ პარტიისა, რომელიც დღეს ახორციელებს ხელისუფლებას ქვეყანაში. საქართველო კორუფციის გარეშე არის საქართველო პრაქტიკულად იმავე მასშტაბის კორუფციით, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დროს.” (სტილი დაცულია)

ივლიანე ხაინდრავა, რომელსაც, მისივე განცხადებით, პარლამენტში ერთწლიანი მუშაობის შედეგად აღარაფერი უკვირს, იმით დაინტერესდა, თუ რატომ ესწრებოდა მოხსენებების განხილვას უმრავლესობის მხოლოდ ორმოცამდე დეპუტატი. ,,ჩვენ ანგარიშებს წერილობით გავეცანით, საგანგაშო ვერაფერი ვნახეთ და დარბაზში ცოტანიც ამიტომ ვართ,” - ამგვარი იყო ოპოზიციისადმი უმრავლესობის პასუხი. უმრავლესობის დეპუტატები იმასაც ამბობენ, რომ კონტროლის პალატის არაკორუფციულობის დადგენა საპარლამენტო კომისიას გაუჭირდებოდა, თუმცა რევოლუციის შემდგომი პალატა რომ კორუფციისგან გათავისუფლდა, ასე თურმე საზოგადოება ფიქრობს. საპარლამენტო უმრავლესობამ კიდევ ერთი სხვაობაც დაასახელა - ვლადიმერ პაპავამ გაიხსენა, რომ რევოლუციამდელი კონტროლის პალატა ზედმეტად პოლიტიზებული იყო:

[ვლადიმერ პაპავას ხმა] ,,ჩვენ დღეს კონტროლის პალატა - მოსახლეობას, დეპუტატებს - სულაც არ გვესახება ისეთ ორგანოდ, რომელიც უნდა იყოს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული. კონტროლის პალატა არის ის ორგანო, რომელმაც უნდა გაუწიოს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ხარჯების სისწორეს კონტროლი.” (სტილი დაცულია)

საბოლოოდ, უმრავლესობამ კონტროლის პალატას მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და შენიშვნების გათვალისწინებისა და უკეთესი მუშაობის იმედით დაემშვიდობა. მადლობა დაიმსახურა საპარლამენტო კომისიამაც, რომელმაც კონტროლის პალატის საქმიანობა მომავალ წელსაც უნდა შეისწავლოს. იმ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ კომისიის თავმჯდომარის მოვალეობისგან გაათავისუფლებენ, პარლამენტისთვის მადლობის გადახდას ზურაბ ბუცხრიკიძეც აპირებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG