Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ვალების ჩამოწერა აღარ სჭირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”დიდი რვიანის” ქვეყნების გადაწყვეტილებას 18 უღარიბესი ქვეყნისათვის ვალების ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობა მიესალმება და ამავე დროს სიამაყით აცხადებს,

რომ ქვეყანა უკვე აღარ შედის იმ სახელმწიფოთა რიცხვში, რომელთაც საგარეო ვალდებულებების ჩამოწერა ესაჭიროებათ. სულ სხვაგვარად იყო საქმე რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდას არ აკლებდა იმგვარი სტატუსი მიეღო, რომ შემდგომ საფინანსო ინსტიტუტებს ვალების ანულირების შესაძლებლობა მისცემოდათ. რა ტიპის კრედიტებზე აიღებს ორიენტაციას საქართველო და როგორ მოემსახურება საგარეო ვალებს?

”დიდი რვიანის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრების გადაწყვეტილებით, მსოფლიოს უღარიბეს 18 სახელმწიფოს 40 მილიარდ დოლარამდე საგარეო ვალი ჩამოეწერა. ანალოგიური გადაწყვეტილება კიდევ 20 ქვეყნის მიმართ არის დაგეგმილი. საქართველოს ამგვარი პერსპექტივა აღარ ”ემუქრება”, ანუ ჩვენ საკუთარი საგარეო ვალები, რაც დაახლოებით მილიარდ 800 მილიონ აშშ დოლარს შედგენს, 2004 წელს პარიზის კლუბში მიღწეული ვალების რესტრუქტურიზაციის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით უნდა გადავიხადოთ.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ”დიდი რვიანის” ქვეყნების გადაწყვეტილებას მიესალმება და აქვე სიამაყით აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს აღარ შედის მსოფლიოს იმ უღარიბესი ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც საგარეო ვალების ჩამოწერა ესაჭიროებათ.

არადა, თავის დროზე - კერძოდ კი, 2001 წელს - შევარდნაძის მთავრობას ძალისხმევა არ დაუკლია, რათა ქვეყანას იმგვარი სტატუსი მიეღო, რომელიც შემდეგ ვალების ანულირების ან მათი ნაწილის ჩამოწერის შესაძლებლობას მისცემდა.
საქართველომ კრედიტორებთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მხარდაჭერით ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმება პარიზის კლუბში პირველად სწორედ მაშინ, 2001 წლის 6 მარტს, შეძლო, თუმცა 2003 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სსფ-მა საქართველოში პროგრამა შეაჩერა და პარიზის კლუბში მიღწეული შეთანხმებაც დაირღვა.

”საქართველოს იმჟამინდელი ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგარეო ვალების გასტუმრების საშუალებას არ იძლეოდა,“ - განაცხადა ნოღაიდელმა.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”როდესაც 2001 წელს გამოცხადდა ე.წ. ჰიპიკის ინიციატივა, ანუ უღარიბესი და დიდი ვალების მქონე ქვეყნებისათვის ვალების ჩამოწერის ინიციატივა, მაშინ საქართველო უახლოვდებოდა ამ ზღვარს და შეიძლებოდა გამხდარიყო ამ ინიციატივის წევრი. მაგრამ დღეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს საბიუჯეტო შესაძლებლობებს, თუ გავითვალისწინებთ საგარო ვალის თანაფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან, ჩვენ ეს აღარ გვჭირდება და ის ინიციატივა, რომელიც ”დიდმა რვიანმა” განიხილა და მიიღო პრაქტიკულად, ჩვენ ამ ინიციატივაში აღარ მოვხვდებით, ვეღარ მოვხვდებით და ეს ჩვენთვის სასიამოვნოც არის. ჩვენ ვალების ჩამოწერა აღარ გვჭირდება.”(სტილი დაცულია)


პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე არათუ ვალების ჩამოწერა აღარ სჭირდება, არამედ კრედიტორებსა და დონორებთან თვისებრივად ახალი ტიპის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ანუ ქვეყანა ამიერიდან არა მარტო კონცესიურ, არამედ საინვესტიციო კრედიტებსაც მიიღებს. ნოღაიდელის აზრით, ეს საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარების აშკარა გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
XS
SM
MD
LG