Accessibility links

logo-print

მეცნიერები პარლამენტს მათი აზრის გათვალისწინებას სთხოვენ

  • ნინო როდონაია

საქართველოში სახელებისა და გვარების საკუთარი სურვილისამებრ შეცვლის პერსპექტივა კვლავ სადავო საკითხად რჩება.

ამ პერსპექტივის კონკრეტულ კანონად გადაქცევამდე მეცნიერებათა აკადემია პარლამენტს თანამშრომლობას და მკვლევართა აზრის გათვალისწინებას სთავაზობს. მეცნიერები აცხადებენ, რომ არა უშუალოდ გვარების გამოცვლის პრაქტიკას, არამედ გვარების დაუსაბუთებლად შეცვლას ეწინააღმდეგებიან. მინდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დღეს გამოთქმულ არგუმენტებზე მოგითხროთ.

,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის კანონის” მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სახელებისა და გვარების თითქმის შეუზღუდავად შეცვლას ითვალისწინებს, მეცნიერებმა საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოხატეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინებას სთხოვდნენ. მიუხედავად ამ მოწოდებისა, პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა.

ხუთშაბათს მეცნიერებმა ანალოგიური თხოვნითა და ღია წერილით პრეზიდენტ სააკაშვილს მიმართეს. ხუთშაბათსვე პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა და დასამუშავებლად ავტორს, იუსტიციის სამინისტროს, დაუბრუნა. პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დეპუტატების ამგვარი პოზიციის გამო პარლამენტზე აზრი შეეცვალა:

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] ,,როგორც ჩანს, რომ გაეცნენ ამ დოკუმენტს, რასაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი, ან გაიგეს რაში იყო საქმე, მიხვდნენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლებოდა. აი, ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი.” (სტილი დაცულია)

ისტორიკოსები - და არამხოლოდ ისინი - გვარების ისტორიას ქვეყნის ისტორიად, მის უგულებელყოფას კი დაუშვებლად მიიჩნევენ. მეცნიერთა უკმაყოფილებას იწვევს ის გამარტივებული წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოში სახელისა და გვარის გამოცვლას მოტივაცია არ სჭირდება:

[დავით მუსხელიშვილის ხმა] ,,წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ ეს ხდებოდეს ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ამ გვარებს, ქართულ გვარებს, კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ყველა გვარს სხვათა შორის, ყველას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს გლეხის გვარია, აზნაურის თუ თავადის.” (სტილი დაცულია)

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით მუსხელიშვილი ამბობს, რომ ამა თუ იმ გვარს საქართველოს ისტორიასა და ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი აქვს და თუ საქართველოს ისტორია საჭიროა, მას არ უნდა მოუსპო წყაროთმცოდნეობითი ბაზა, რომელსაც გვარები ქმნის.
პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ გვარის შეცვლის მსურველთა განცხადებებზე მეცნიერები და სპეციალური კომისიები მუშაობდნენ, რადგან გვარის გამოცვლას შესაბამისი არგუმენტაცია სჭირდება:

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] ,,არ შეიძლება ასე: მე ეს გვარი მომწონს ან არ მომწონს, ამიტომ ეს მინდა, ეს არ მინდა. ამას უნდა ჰქონდეს მეცნიერული დასაბუთება: აღდგენა გვარის - შეიძლება ადრე ჰქონდა და მერე შეიცვალა, ან, მაგალითად, დედის გვარზე გადასვლა, ბებიის გვარზე გადასვლა. დასაბუთება უნდა ამას, მეცნიერულად უნდა იყოს დოკუმენტებით დასაბუთებული და მერე - კი ბატონო.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ მეცნიერები საერთოდ გვარის გამოცვლის პრაქტიკას არ ეწინააღმდეგებიან, დავით მუსხელიშვილიც ადასტურებს:

[დავით მუსხელიშვილის ხმა] ,,მე ვთვლი, რომ გვარის გამოცვლა შეიძლება და ხდებოდა, სხვათა შორის, და მისაღებია. თუ რაღაც არაკეთილჟღერადი გვარია, რაღაც ასოციაციებს იწვევს და ეს უხერხულობას უქმნის ამ გვარის მატარებელს, გამოიცვალოს, კი ბატონო. დანარჩენი, ნორმალურმა კაცმა რატომ უნდა გამოიცვალო გვარი, მე არ მესმის.” (სტილი დაცულია)

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმზე შეკრებილი ადამიანები გაოცებას გამოთქვამდნენ იმის გამოც, თუ რატომ ასოცირდება მოქმედი კანონის შეცვლა დემოკრატიულობასთან. მარიამ ლორთიფანიძისთვის გაუგებარია, თუ, საერთოდ, რატომ გახდა აუცილებელი მსგავსი ცვლილება:

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] ,,სხვა დარდი დღეს ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს?! ქვეყანა თავზე გვექცევა. ერთი ქარხანა აღადგინონ, ქვეყანაში უმუშევრობას ცოტა მაინც მოუკლონ და მერეა ეს გვარების ამბავი, მერეა უნივერსიტეტის ამბავი. აი, მაპატიეთ, მაგრამ ხელისუფლებამ ჯერ ამაზე იფიქროს, შექმნას ქვეყანაში არსებობის ნორმალური საშუალება და მერე მიადგნენ ასეთ საკითხებს.” (სტილი დაცულია)

კანონპროექტის ავტორთა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სახელისა და გვარის თითქმის შეუზღუდავად შეცვლის უფლება კორუფციასთან ბრძოლას შეუწყობ ხელს, დეპუტატთა საკმაოდ დიდი ნაწილის მსგავსად, არც მეცნიერები იზიარებენ. ისინი ხელისუფლებას თანამშრომლობას და პარლამენტის მიერ დაწუნებული კანონპროექტის დამუშავების პროცესში მეცნიერებათა აკადემიისა და უნივერსიტეტის მონაწილეობას სთავაზობენ.
XS
SM
MD
LG