Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტზე ვერ თანხმდებიან


ბრიუსელში დასასრულს უახლოვდება ევროკავშირის სამიტი და მასთან ერთად იწურება იმედი, რომ სამიტის მონაწილეები ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმებას მიაღწევენ.

არადა, ამ საკითხში (2007-2013 წლების ბიუჯეტზე) შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკური კრიზისის შესარბილებლად, რომელმაც ევროკავშირი მოიცვა მისი კონსტიტუციის ორ ქვეყანაში - საფრანგეთსა და ჰოლანდიაში- უარყოფის შემდეგ. ევროკავშირის კონსტიტუციაზე ბრიუსელში გუშინ იმსჯელეს, დღეს კი ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ბიუჯეტი დგას.

ჯერ გუშინდელ დღეზე - ევროკავშირის სამიტის პირველ დღეზე, როცა კონსტიტუციის შესახებ იმსჯელეს. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, იოზეპ ბორელი ირწმუნება, რომ, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში რეფერენდუმებზე კონსტიტუციის უარყოფის მიუხედავად, ევროკავშირის არც ერთ წევრს არ მოუთხოვია კონსტიტუციის რატიფიკაციის შეწყვეტა. [ბორელის ხმა]

ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ჟან-კლოდ იუნკერის თქმით კი ევროკავშირის უკეთესი კონსტიტუცია არ იარსებებს და ამიტომ რატიფიკაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. [იუნკერის ხმა]

მაგრამ ამასობაში ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადადო რატიფიკაციისაკენ მიმართული ზომები. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასაგები მიზეზებით: [იუნკერის ხმა] “ჩვენ გვესმის, რომ საფრანგეთსა და ჰოლანდიაში რეფერენდუმებზე კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ რატიფიკაციის დასრულების თარიღი - 2006 წლის 1 ნოემბერი - ძალაში ვერ დარჩება, რადგანაც ქვეყნები, რომლებსაც კონსტიტუციის რატიფიცირება არ განუხორციელებიათ, საპასუხო ნაბიჯებს 2007 წლის შუა პერიოდამდე ვერ გადადგამენ”.

გუშინდელ დღესთან დაკავშირებით აღსანიშნავია ისიც, რომ, ასევე იუნკერის განცხადებით, ევროკავშირი პატივს სცემს გაფართოების პერსპექტივაზე ხელმოწერილ დოკუმენტებს: ეს, უწინარეს ყოვლისა, ბულგარეთისა და რუმინეთის მიღების პერსპექტივას ეხება.

რაც შეეხება ბიუჯეტს, დავის საგანია უწინარეს ყოვლისა ბრიტანეთისათვის განკუთვნილი შეღავათები - წელიწადში 5 მილიარდამდე ევრო. მის გაუქმებას (ან შეკვეცას მაინც) ევროკავშირის 24 წევრი ემხრობა, მაგრამ წინააღმდეგია თვით ბრიტანეთი. ის ამბობს, რომ მხოლოდ მაშინ შეასრულებს ამ მოთხოვნას, თუ შეიკვეცება ევროკავშირის სუბსიდიები, განკუთვნილი აგრარული სექტორისთვის. ამ სუბსიდიებით კი, უწინარეს ყოვლისა, საფრანგეთი სარგებლობს. პარასკევს მან უარი თქვა სუბსიდიების შეკვეცაზე.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო დავა, პრაქტიკულად, არის დავა საფრანგეთს და ბრიტანეთს შორის. მაგრამ შვეციის პრემიერ-მინისტრ გორან პერსსონი ამ შთაბეჭდილებას არასწორად მიიჩნევს: [გორან პერსსონის ხმა] “ძალიან ბევრნი ვართ გაწბილებული ბიუჯეტის სტრუქტურით და უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ სამიტის აღწერა “საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის დაპირისპირებად”. ეს არის მასმედიის გაუმართლებელი ჩარევა საქმეში. დისკუსია გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ორ ქვეყანას შორის დავა”.

შვეცია, რომლის პრემიერ-მინისტრმაც ეს განცხადება გააკეთა, ევროკავშირის ბიუჯეტში შესატანი წილის შემცირებას მოითხოვს. ამჟამად შვეცია ერთ სულ მოსახლეზე 106 ევროთი უფრო მეტს იხდის ბიუჯეტში, ვიდრე იბრუნებს. კიდევ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი ჰოლანდიისათვის - ერთ სულ მოსახლეზე 120 ევრო - და აღარც ჰოლანდიას სურს ფულის ასე ხარჯვა.

დღეს დილას გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელებმა გადაჭრით უარყვეს ბიუჯეტის შევსების კომპრომისული წინადადება. მათს პოზიციას იზიარებს, როგორც ჩანს შვეციაც, რომლის პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა: ალბათ, აჯობებს, ბიუჯეტზე მოლაპარაკება გაგრძელდესო გადაიდოსო. [გორან პერსსონის ხმა] “ყველას გვაქვს იმედი, რომ ბიუჯეტზე შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ უხეირო კომპრომისს ჯობია, კიდევ ერთი წელი მოვიცადოთ, მოლაპარაკება გავაგრძელოთ”, - ასე ფიქრობს შვეციის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად ბრიუსელში აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის ბიუჯეტზე: მწვავე დავის საგანზე.
XS
SM
MD
LG