Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგით დამთავრდა სპეცოპერაცია რესტორნების ქსელ ”ნიკალაში”


16 ივნისის საღამოს, იმ დროს,როდესაც, ჩვეულებისამებრ, თბილისში მოქმედი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ”ნიკალა” ხალხით იყო სავსე, იქ ფინანსური პოლიციის

სპეცრაზმი შეიჭრა. სპეცოპერაციის მიზეზად ”ნიკალას” ადმინისტრაციის მიერ გადასახადების დაფარვა დასახელდა, თუმცა ნიღბიან და ავტომატიან სპეცრაზმელებს რესტორნებში არავინ დაუკავებიათ. ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ კომპიუტერები ამოიღეს, რომელთა მეშვეობითაც თითქოსდა სალაროს შემოსავლების დაფარვა ხორციელდებოდა. რა შედეგით დამთავრდა სწრაფი კვების რესტორნების ქსელ ”ნიკალაში” განხორციელებული სპეცოპერაცია?

16 ივნისის საღამოს ფინანსური პოლიციის ნიღბიანი და ავტომატიანი სპეცრაზმელების შეჭრამ ”ნიკალას” ორ რესტორანში ვახშამი ბევრ თბილისელს ჩაუშხამა.

[მოქალაქეთა ხმა] ”აქ შემოდიან ოჯახებით, ბავშვებით... ხან ჩემს დისშვილთან ერთად შემოვდივარ, ხან ჩემი მეგობრების შვილებთან ერთად... და უცებ შემოვარდნენ... რომ შემოვარდეს ვიღაცა მასკებით, გადატენოს იარაღი, რამხელა პანიკა ექნებათ ბავშვებს...”(სტილი დაცულია)

ეს არის მომღერალი მამუკა ონაშვილი. მის მსგავსად, აღშფოთება “ნიკალას” სხვა მომხმარებლებმაც გამოხატეს.

ფინანსური პოლიციის საქციელი 17 ივნისის საქართველოს პარლამენტის სესიაზეც ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. პარლამენტის წევრებმა რესტორნების ქსელ ”ნიკალაში” ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს. ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაცია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადება:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ყოველდღიურად თუ არა, ძალზე ხშირად - გუშინ იყო ამის დემონსტრირება - ხდება ძალისმიერი მეთოდებით ბიზნესის, საზოგადოების დაშინება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა ქვეყანაში აკრძალულია სამხედრო ფორმაში ავტომატებით ადამიანების გამოჩენა და, მით უმეტეს, რაიმე ოპერაციის ჩატარება.”

ოპოზიციას ტოლს არ უდებდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. აღშფოთება ვერ დამალა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მინდა გამოვხატო ჩემი უკიდურესი აღშფოთება იმით, რაც გუშინ მოხდა. მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ სპეცრაზმის შეყვანის გარეშე ვერ მოხერხდებოდა იმ ოპერაციის ჩატარება,რომელიც გუშინ ჩატარდა.”(სტილი დაცულია)

პარლამენტარებმა ფინანსური პოლიციის უფროსი საკანონმდებლო ორგანოში გამოიძახეს ახსნა-განმარტების მისაღებად. მოვლენების ასეთ განვითარებას ტელევიზიის მეშვეობით თვალ-ყურს ადევნებდა ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი. მან საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და, აი, რა განაცხადა:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”ადგილზე მყოფმა ხელმძღვანელებმა, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიდანვე ღონისძიებაში ჩაერთოთ სპეცრაზმი, რაც არის მიუღებელი. ამასთან დაკავშირებით მე მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ფინანსური პოლიციის სახელით, იმის გამო რაც გუშინ მოხდა.”

დავით კეზერაშვილმა დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯის პირობა დადო და პარლამენტთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა. მისი უწყების მიერ 16 ივნისს რესტორნებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია ”ნიკალას” ფინანსური დოკუმენტაცია და სალაროს კომპიუტერები. სპეცრაზმელებს “ნიკალას” თანამშრომელთაგან არავინ არ დაუკავებიათ.

წინასწარი დაკავების საკანში მხოლოდ იმ საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის ავტორი აღმოჩნდა, რომელსაც “ნიკალას” რესტორნების ქსელი იყენებდა. ფინანსური პოლიციის მტკიცებით, ზაზა ინჯიას მიერ შექმნილი პროგრამით სარგებლობდა სხვა რესტორანიც, რომლის მეპატრონემაც პროგრამის მეშვეობით 600 ათასი ლარის დამალვა შეძლო. ”ნიკალას” მენეჯერი ირაკლი მამულაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი კომპანია გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელია.

აღსანიშნავია, რომ “ნიკალას” სწრაფი კვების რესტორანი გენერალურ პროკურატურაშიცაა გახსნილი. იქაც ზუსტად ის კომპიუტერული პროგრამა მუშაობს, რომლის ამოსაღებად “ნიკალას” ქსლის ყველა რესტორანში, პროკურატურის გამოკლებით, სპეცოპერაცია განხორციელდა.
XS
SM
MD
LG