Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართულ პრესაში სამი-ოთხი თემა თითქმის ყოველდღე იპყრობდა მკითხველის ყურადღებას. მაგრამ, სხვებთან შედარებით, ჟურნალისტებმა მრავალი ასპექტით დაამუშავეს ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ამბები.

მით უმეტეს, 6 ივნისს რეგიონში გატაცებული 4 ქართველი მოქალაქე ჯერაც არავის უპოვია. პრესამ აქცენტები მათი ძიების პროცესიდან სხვა რიგის აღწერებსა თუ მსჯელობებზეც გაანაწილა.

ასე მაგალითად, გაზეთი “24 საათი” ცხინვალიდან რეპორტაჟს ბეჭდავს: აქაური მკვიდრი, ჟურნალისტი იური ვაზაგაევი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხის მიზანი ჯერ დამოუკიდებლობაა, რისი მიღებაც დროის ამბავია, ხოლო შემდეგ – რუსეთთან მიერთება. “24 საათის” დაკვირვებით, ცხინვალში სათქმელი ყველას ერთი აქვს: რას გვიშვრებით ეს ქართველები, ისევ ომი გინდათ? იდენტური პასუხებისა და მიდგომების მიზეზად “24 საათი” სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ირინა გაგლოევას ასახელებს.

გაზეთი “ალია” კი აქვეყნებს ინტერვიუს 6 ივნისს გატაცებული მამუკა ხაჭაპურიძის ძმასთან, ლევანთან. მისი თქმით, ოსეთში ყველაფერ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ავიღოთ იარაღი და დავცხოთ ცხინვალს. თან ისეთ ხალხს იტაცებენ და კლავენ, რომლებიც თავის დროზე იბრძოდნენ, ხალხი აფასებს და სიტყვა ეთქმით ხალხში. ეგ მიზანი აქვთ – იქნებ ომში ჩაგვითრიონ და თან მებრძოლი ხალხი აღარ დარჩეს ხეობაში. ჩვენ იარაღი არა გვაქვს, არც ხელისუფლება გვაძლევს და ვართ ასე, უთანასწოროდ აგრესიულ ძალასთან პირისპირ დარჩენილები, – წაიკითხავთ გაზეთ “ალიაში”.

ასეთი მიმართების კომენტარად შეიძლება აღვიქვათ გაზეთ “ხვალინდელი დღის” პუბლიკაცია “შიდა ქართლის “ფრონტზე” ცვლილებები არ არის”: არათუ ლიახვის ხეობის ქართველობა, დანარჩენი საქართველოც დაიღალა იმის მოსმენით, რომ ოსი სეპარატისტები ან მშვიდობიან მოლაპარაკებაში ჩაერთვებიან, ან ხელისუფლება ყველაფერს იღონებს რეგიონში წესრიგის დასამყარებლად. მეამბოხე რეგიონის ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში დასაბრუნებლად სტრასბურგში გახმიანებული სამშვიდობო ინიციატივა, დაბრუნების კონცეფციის ინტერნეტ საიტებზე გამოქვეყნება და საერთაშორისო ორგანიზაციების კარზე სიარული თხოვნით, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაში, საკმარისი არ არის, – წერს “ხვალინდელი დღე”.

რაც შეეხება შაბათის, 18 ივნისის, პრესას, გაზეთი “რეზონანსი” ეხმიანება კონსერვატორების ინიციატივას, ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე ერთიანი კანდიდატებით გამოვიდნენ და ეჭვის თვალით უყურებს ამ პერსპექტივას. “შუალედურმა არჩევნებმა, შესაძლოა, ოპოზიციონერები ერთმანეთს გადაჰკიდოს, მით უმეტეს, რომ მაჟორიტარული არჩევნები კონსერვატორებისა და რესპუბლიკელებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მემარჯვენეებისათვის,” - წერს “რეზონანსი”. “კონსერვატორებს საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად 1 დეპუტატის დამატება სჭირდებათ, რესპუბლიკელებს - ოთხის. თუმცა, მემარჯვენეები არ აპირებენ, დათმობაზე წავიდნენ და ამის გამო საკუთარი კანდიდატები არ დაასახელონ.”

გაზეთი “ახალი თაობა” დიდ ადგილს უთმობს რესტორან “ნიკალაში” ფინანსური პოლიციის ქმედებათა კომენტარებს. ქვემოთ მოტანილი ციტატები პარლამენტის - როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის -წევრებს ეკუთვნით: “ყველანი საოცარი ძალადობის მოწმენი გავხდით. მინდა გამოვხატო უკიდურესი აღშფოთება იმის გამო, რაც “ნიკალაში” მოხდა. დროა, დამთავრდეს ეს საშინელება. კატეგორიულად ვგმობ გუშინდელ ფაქტს. ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს მუდმივი შიშის ქვეშ - ეს არის ხელისუფლების ხაზი.”

18 ივნისის “ალიაში” კი გაეცნობით საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ტარიფებს: რა ღირს მკაცრიდან საერთო რეჟიმის კოლონიაში გადაყვანა, უსაბუთოდ მნახველის შეშვება, პატიმრის მონახულება ღამით, სამეურნეო ნაწილში პატიმრის სამუშაოდ გადაყვანა და პაემანზე მეძავის შეყვანა. ეს ამბავი, “ალიას” თანახმად, 50-100 ლარი ღირს. მე-7 საპყრობილეში მდიდარი პატიმრების უმრავლესობა ფულს იხდის იმაში, რომ თავი ქურდებისაგან დაცულად იგრძნოს, რადგან პირველ საპყრობილეში თუ მოხვდნენ, მათ ქურდები უეჭველად ფულს გამოსძალავენ, - ვკითხულობთ გაზეთ “ალიაში”.
XS
SM
MD
LG