Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი კრახით დამთავრდა


ევროპის კავშირის სამიტი, რომელიც საფინანსო საკითხებს ეხებოდა, კრახით დამთავრდა. კავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა

პარასკევს გვიან ღამით გამოაცხადა, რომ შეხვედრაზე ვერ მოხერხდა დღის წესრიგის უმთავრესი საკითხების გადაწყვეტა.

მანამდე იუნკერმა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგენილი კომპრომისული გეგმის მიუღებლობის შემთხვევაში იგი შეწყვეტდა სამიტის მუშაობას.
იუნკერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის გეგმა 2007-2013 წლების პერიოდისთვის, კავშირის წევრმა ხუთმა ქვეყანამ უარყო: დიდმა ბრიტანეთმა, შვეციამ, ნიდერლანდმა, ესპანეთმა და ფინეთმა. დანიამ თავი შეიკავა.

ამასობაში ევროპის კავშირის ათმა ახალმა წევრმა დრამატული მოწოდებით სცადა უკანასკნელ წუთას გადაერჩინა საფინანსო საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ბედი. პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ წამოაყენეს წინადადება, რომ მსხევრპლს გაიღებენ საფინანსო გეგმისთვის.

ხუთშაბათს, სამიტის პირველ დღეს კონსტიტუციის შესახებ იმსჯელეს. ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე, იოზეპ ბორელი ირწმუნება, რომ, საფრანგეთსა და ჰოლანდიაში რეფერენდუმებზე კონსტიტუციის უარყოფის მიუხედავად, ევროკავშირის არც ერთ წევრს არ მოუთხოვია კონსტიტუციის რატიფიკაციის შეწყვეტა: [ბორელის ხმა].

ჟან კლოდ იუნკერის თქმით კი ევროკავშირის უკეთესი კონსტიტუცია არ იარსებებს და ამიტომ რატიფიკაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. [იუნკერის ხმა]

მაგრამ ამასობაში ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ გადადო რატიფიკაციისაკენ მიმართული ზომები. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გასაგები მიზეზებით: [იუნკერის ხმა] “ჩვენ გვესმის, რომ საფრანგეთსა და ჰოლანდიაში რეფერენდუმებზე კონსტიტუციის უარყოფის შემდეგ, რატიფიკაციის დასრულების თარიღი - 2006 წლის 1 ნოემბერი, ძალაში ვერ დარჩება, რადგანაც ქვეყნები, რომლებსაც კონსტიტუციის რატიფიცირება არ განუხორციელებიათ, საპასუხო ნაბიჯებს 2007 წლის შუა პერიოდამდე ვერ გადადგამენ”.

რაც შეეხება ბიუჯეტს - დავის საგანი იყო, უწინარეს ყოვლისა, ბრიტანეთისათვის განკუთვნილი შეღავათები - წელიწადში 5 მილიარდამდე ევრო. მის გაუქმებას, (ან შეკვეცას მაინც) ევროკავშირის 24 წევრი ემხრობოდა - მაგრამ წინააღმდეგია თვით ბრიტანეთი. მან განაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ შეასრულებს ამ მოთხოვნას, თუ შეიკვეცება ევროკავშირის სუბსიდიები, განკუთვნილი აგრარული სექტორისთვის. ამ სუბსიდიებით კი უწინარეს ყოვლისა საფრანგეთი სარგებლობს. პარასკევს მან უარი თქვა სუბსიდიების შეკვეცაზე.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის გარშემო დავა, პრაქტიკულად, არის დავა საფრანგეთს და ბრიტანეთს შორის... მაგრამ, შვეციის პრემიერ-მინისტრ გორან პერსონი ამ შთაბეჭდილებას არასწორად მიიჩნევს: [პერსონის ხმა] “ძალიან ბევრნი ვართ გაწბილებული ბიუჯეტის სტრუქტურით. უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ სამიტის აღწერა “საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის დაპირისპირებად”. ეს არის მასმედიის გაუმართლებელი ჩარევა საქმეში. დისკუსია გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე ორ ქვეყანას შორის დავა”.

ეჭვგარეშეა, 2007-2013 წლების ბიუჯეტის შესახებ შეუთანხმებლობა კიდევ უფრო აღრმავებს ევროკავშირში შექმნილ კრიზისს, რომელიც საფრანგეთსა და ნიდერლანდში ევროკავშირის კონსტიტუციის თაობაზე რეფერენდუმების ჩავარდნამ გამოიწვია.
XS
SM
MD
LG