Accessibility links

logo-print

ფინანსური პოლიციის ”ლოგიკა”: თუ სპეცდანიშნულების რაზმი არსებობს, ის უნდა გამოიყენო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მაშინ, როდესაც ხელისუფლება შინ და გარეთ ადგილობრივ თუ უცხოურ ბიზნესწრეებს საქართველოში კაპიტალის დაბანდებისაკენ მოუწოდებს და ისეთი რეჟიმის შექმნაზე ზრუნავს,

რომელიც სამეწარმეო გარემოს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ქალაქის ცენტრში მდებარე პოპულარული საზოგადოებრივი კვების ობიექტების ქსელში დამალული გადასახადების გამოსავლენად კბილებამდე შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით შედის და ამ ”სპეცოპერაციას” ქართული ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

ფინანსური პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის ”რეალიტი შოუ” მაშინ ტარდება, როდესაც სწრაფი კვების რესტორნის ქსელ ”ნიკალაში” პიკის საათია და ის მომხმარებლებით მაქსიმალურად არის დატვირთული. ამგვარი ”საჩვენებელი მასკო-შოუს” ოფიციალურ მიზეზად იმ კომპიუტერული პროგრამის გაშიფვრა დასახელდა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოსათვის დიდძალი გადასახადის დამალვა არის შესაძლებელი. გადასახადების - მით უფრო, დიდძალი გადასახდის - დამალვა, რა თქმა უნდა, მძიმე დანაშაულია. სახელმწიფოს მოვალეობა კი, მოგეხსენებათ, ის არის, რომ ამგვარ დანაშაულს ებძოლოს. მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ფორმასა და მეთოდებზე, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულის გამოვლენისათვის იყენებს. სპეცოპერაცია ეწყობა მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი კვების ობიექტი ჩვეულებრივი მომხმარებლებით - სხვათა შორის, გადასახადის გადამხდელებით - მაქსიმალურად არის დატვირთული, იქ იმყოფებიან ქალები და ბავშვები და ძნელი წარმოსადგენია ვინმესთვის სასიამოვნო იყოს ნიღბიანი, ავტომატიანი ადამიანების თანხლებით ტრაპეზი. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს არ გახსენებიათ ისეთი ელემენტარული ცნებები, როგორიცაა ”უდანაშაულობის პრეზუმფცია” ან ”შელახული რეპუტაცია”. სამაგიეროდ, პირდაპირ ეთერში ჩატარდა სამაგალითო ოპერაცია, რათა სხვა ურჩი გადამხდელები ძრწოდნენ.
გასულ კვირას მომხდარი ამ ფაქტის მიმართ საზოგადოების მხრიდან გამოხატული პროტესტის გამო ფინანსური პოლიციის უფროსს დავით კეზერაშვილს, მართალია, ბოდიშის მოხდა მოუწია, მაგრამ იგი ამგვარი მეთოდებით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ვერც მომავალში გამორიცხავს და, რაც მთავარია, ”ნიკალას” ოპერაციის დროს სპეცდანიშნულების რაზმის გამოყენებას შემდეგნაირად ხსნის:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”მე ესე ვიტყვი: ჩვენ გვყავს სპეცრაზმი არა იმისათვის, რომ გვყავდეს. იმიტომ, რომ თავიდან როცა იქმნებოდა ეს სტრუქტურა (ის მცირერიცხოვანია და სულ 30 კაცია მასში), გადაწყდა, რომ გვყოლოდა იმისათვის, რომ როდესაც ხდება შესვლა ამა თუ იმ ობიექტში, ან ტარდება რაიმე სპეცოპერაცია კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს ადამიანები უნდა იქნენ გამოყენებული.”(სტილი დაცულია)

ამ ლოგიკით, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა უნდა გააკეთოს თავდაცვის სამინისტრომ თავის არსენალში ავიაგამანადგურებლის არსებობის გასამართლებლად.

გასულ კვირას ხმაური მოჰყვა პრეზიდენტის ინიციატივით საკანონმდებლო ხელისუფლებაში შესული იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც ლიცენზირების, სერტიფიცირებისა და ნებართვების სისტემის გამარტივებას ეხება. ამ კანონის მიმართ ცალკეული ლობისტური ჯგუფების უარყოფითი დამოკიდებულება მოსალოდნელიც იყო, რადგან ნებართვების სისტემის რადიკალური შეცვლა და მთელ რიგ პროდუქციასა და მომსახურებაზე ლიცენზირება-სერტიფიცირების გაუქმება ბევრისათვის სერიოზული ”მარცხენა შემოსავლის” დაკარგვას ნიშნავს, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტის ინიციატივას მისსავე საპარლამენტო უმრავლესობაში გამოუჩნდებოდნენ ოპონენტები, მაინც მოულოდნელი იყო. ცალკეული დეპუტატების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას კვების პროდუქტებზე კონტროლის გაუქმება იწვევს. პარლამენტარი ზურაბ ცქიტიშვილი ამ ტიპის პროდუქტებზე სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის მომხრეა:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] ”პროდუქტი თავისთავად არის რისკის მატარებელი, თუ იქ არ არის დაცული ყველა ის პირობა, რაც სჭირდება ამ პროდუქტის წარმოებას. ამ პირობის დაცვისათვის სახელმწიფომ საჭიროა დააწესოს კონტროლი.”

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, რაიმე სპეციალური კონტროლის დაწესების წინააღმდეგია, მით უმეტეს, როდესაც ამგვარი სერტიფიცირება და სტანდარტები არ ამართლებს და მხოლოდ კორუფციული გარიგებების წყაროა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ცხადია, თუ ვიღაცამ ჯანმრთელობისათვის მავნებელი პროდუქცია გამოუშვა, ის უნდა იყოს დასჯადი. დამოკიდებულია, რა შედეგი გამოიწვია. ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამაშია სწორედ მიზანი რეფორმისა, რომ ჩვენ ის ვითომდა ტოტალური კონტროლის სისტემა, რომელიც არ მუშაობდა და სამ-სამ ლარად იყიდებოდა ყველა ნებართვა და სერტიფიკატი, იმის მაგივრად ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სისტემა, რომელიც რეალური უსაფრთხოების პრობლემებს მიხედავს.”(სტილი დაცულია)

საბოლოოდ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერ უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა და, როგორც ჩანს, მისი საბოლოო სახე ისევ პრეზიდენტის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG