Accessibility links

ქართველმა დევნილებმა ლტოლვილთა მსოფლიო დღის შესახებ არაფერი იციან

  • ნინო როდონაია

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ ლტოლვილთა მსოფლიო დღე, 20 ივნისი, თბილისში,

პანკისის ხეობასა და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა აქციებით აღნიშნა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 250 ათასამდე ქართველი დევნილი და 2 ათას 500-ზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება. ეს ადამიანები საკუთარ სახლებში დაბრუნების იმედს არ კარგავენ და ყველაზე მეტად უყურადღებობას უჩივიან. მინდა რამდენიმე მათგანის პრობლემებსა და ემოციებზე მოგითხროთ.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა უდიდესმა ნაწილმა არაფერი იცის იმის თაობაზე, რომ რამდენიმე წლის წინ გაერომ 20 ივნისი ლტოლვილთა მსოფლიო დღედ გამოაცხადა და, როგორც წესი, ლტოლვილთა პრობლემებისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას განსაკუთრებით სწორედ ამ დღეს ცდილობს:

[ციალა ჯალაღონიას ხმა] "ლტოლვილის და დევნილის საერთაშირისო დღე -რა აღსანიშნავია ეს?! ერთი დღე სჭირდება მარტო დევნილს ყურადღება? მე მგონი, ყოველდღე საფიქრალია და სადარდებელი ყველასთვის ეს.” (სტილი დაცულია)

20 ივნისი რომ ლტოლვილთა მსოფლიო დღეა, გულრიფშის რაიონიდან დევნილი ციალა ჯალაღონიას მსგავსად, პირველად გაიგო ბატონმა ალექსანდრემაც, რომელიც ცხინვალიდანაა:

[ალექსანდრეს ხმა] "აგე, 15 წელი არი აქა ვართ, არავის ყურადღება არ მოუქცევია ჩვენთვის, არავის - აბსოლუტურად.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს სახელმწიფო ყოველთვიურად 11 ან 14 ლარს უხდის. ეს იმის მიხედვით, ვინ კომპაქტურად ცხოვრობს და ვინ -ინდივიდუალურად.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს კომუნალურ გადასახადს და ასი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის საფასურს უხდის. თუმცა როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან დევნილთა დიდ ნაწილს დამატებითი თანხის შეგროვება თავად უწევს:

[ალექსანდრეს ხმა] "ლტოლვილთა სამინისტრო გვეუბნება, გირიცხავთ ფულსაო სინათლეზეო. სინათლეს გვირთავენ, იმის გარდა დავალიანება გაქვთო. იმ დღეს კიდევაცა ვთქვი, დახმარების ფულზე მთელი რიგებია და ჭყლეტვა და უბედურება, ამ 11 ლარზე. რაღა რიგებში გვკვლავენ, ადგნენ და პირდაპირ გადაირიცხონ და ჰქონდეთ თვითონ.” (სტილი დაცულია)

ცხინვალიდან დევნილი ბატონი ალექსანდრე ამჟამად სასტუმრო ,,აფხაზეთის” ბოლო სართულზე ცხოვრობს. ამ შენობას რამდენიმე წლის წინანდელი ხანძრის კვალი დღემდე ეტყობა. დამწვარ სასტუმროს სახელმწიფომ მხოლოდ სახურავი გამოუცვალა:

[ალექსანდრეს ხმა] "სანამ სახურავს გააკეთებდნენ, ესე იგი, რა ვიცი, გაჯი, რამე, სულ ჩამოყარა წვიმამ. დღესაც ეგრევე არი, არ იცხოვრება, რა! ეგ არი, რომ თავი გვაქ შეფარებული. უძლურები ვართ, მუშაობა არ არი ჩვენთვის და არაფერი.” (სტილი დაცულია)

ალექსანდრე ამბობს, რომ ცხინვალში, მის საკუთარ სახლში ამჟამად მეზობელი ცხოვრობს; რამდენიმე ხნის წინ სახლის გაყიდვაც შესთავაზა, თუმცა არ დათანხმდა.

გულრიფშის რაიონში ციალა ჯალაღონიას სახლი დღეს ცარიელია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სახლისგან მხოლოდ ხერხემალია დარჩენილი. ჯალაღონიების ოჯახი ამჟამად თბილისის ერთ-ერთი ინტერნატის საკლასო ოთახში ცხოვრობს, თავს ყოველდღიური ვაჭრობით ირჩენს და არ იცის, რა მოხდება, თუკი, სხვების მსგავსად, ხელისუფლება ამ შესაძლებლობასაც დაუკარგავს:

[ციალა ჯალაღონიას ხმა] "დღემდე მოვედი, აი, ყოველდღიური საარსებო წყაროთი. მეტი სხვა დარდი და ფიქრი მე არ მქონია. ყოველდღე, ყოველ წუთს და ყოველ საათს იმაზე ვფიქრობ, რომ როგორმე ჩემს კუთხეში, ჩემს ოჯახში დავბრუნდე. გინდა სასახლე დამიდგან, ოქროს კოშკი აქ, მე მაინც არ გავჩერდები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე საყვარელი ხალხი იქ დამეღუპა.” (სტილი დაცულია)

ციალა ჯალაღონია ამბობს, რომ, მიუხედავად ტრაგედიისა, აფხაზეთი მისთვის მაინც ახალგაზრდობასთან, ადამიანების სითბოსა და სანაპიროსთან ასოცირდება.

აფხაზეთიდან დევნილები იქაურ ამბებს და სიტუაციას ნათესავი და მეზობელი აფხაზებისგან არცთუ იშვიათად იგებენ:

[ციალა ჯალაღონიას ხმა] "ისინიც, როგორც ჩვენ, აი, ვინც მებრძოლი არ არის და ვინც თანამდებობაზე არ არის, ყველას ჩვენსავით უჭირს იქაც. ისინიც წვალობენ, როგორც ჩვენ აქ ვწვალობთ.” (სტილი დაცულია)

გულრიფშელი ციალა ჯალაღონია დარწმუნებულია, რომ, დაბრუნების შემთხვევაში, ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრებას შეძლებენ. ასე ფიქრობს სოხუმელი ზაურ ბუკიაც:

[ზაურ ბუკიას ხმა] "მიუხედავად იმისა, რომ მე ნაბრძოლი კაცი ვარ, ცხოვრება შეიძლება აფხაზებთან. უნდა ვიცხოვროთ. ჩვენთან ერთად მეგობრად იყო, მეზობლად იყო. ხომ უნდა მოვრიგდეთ, ბოლო ბოლო.” (სტილი დაცულია)

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ადამიანები უყურადღებობას უკვე შეეჩვივნენ და ახლა ყველაზე მეტად ის აღიზიანებთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ერთსა და იმავეს ეუბნება. ქართველი დევნილებისგან განსხვავებით, საქართველოში მცხოვრებმა ჩეჩენმა ლტოლვილმა საიჰუდინ ელენბაევმა იცის, რომ 20 ივნისი ლტოლვილთა მსოფლიო დღეა. ელენბაევი ირწმუნება, რომ ამჟამად საქართველოში ჩეჩნეთიდან ლტოლვილი 40-მდე ოჯახია დარჩენილი და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ისინი დახმარებას მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებენ და სერიოზულ პრეტენზიებს სწორედ გაეროს მიმართ გამოთქვამენ. საიჰუდინ ელენბაევი ამბობს, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისისთვის, ჟენევაში, არაერთხელ მიუმართავთ პირობების გაუმჯობესების თხოვნით:

[საიჰუდინ ელენბაევის ხმა] "არანაირი რეაქცია არ ყოფილა არც ჟენევის და არც სამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ პასუხის გარეშე დავრჩით. პირიქით, ამის შემდეგ ისე გამოვიდა, თითქოს რაღაც თამაში წავაგეთ და უკვე ღიად დაიწყეს ჩვენი აბუჩად აგდება.”

თავად გაერომ ლტოლვილთა მსოფლიო დღის წლევანდელ დევიზად ,,სიმამაცე” დაასახელა. საქართველოში მყოფი დევნილები გაეროს ამ დევიზს ოდნავი ირონიით აღიქვამენ და ამბობენ, რომ მათ უკვე აღარაფრის ეშინიათ.
XS
SM
MD
LG