Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები სატელეფონო შეღავათებს მოითხოვენ


პირველი ივლისიდან თბილისის ერთ-ერთი სატელეფონო ქსელის, ”ელექტროკავშირის”, 350 ათასამდე აბონენტი ანგარიშსწორების ახალ სისტემაზე გადავა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან “ელექტროკავშირის” აბონენტებმა მომსახურების საფასური სატელეფონო საუბრების ხანგრძლივობის მიხედვით უნდა გადაიხადონ. დღისით 1 წუთი სატელეფონო საუბრის ღირებულება 2 თეთრი, ხოლო ღამით 1 თეთრი იქნება. ამ ცვლილებით უბრალო მოქალაქეებზე მეტად უკმაყოფილო უსინათლო ინვალიდები დარჩნენ, რომლებმაც თავიანთი პროტესტი 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოხატეს. რა გახდა უსინათლო ინვალიდების პროტესტის მიზეზი?

[ისმის აქციის ხმა]

30-მდე უსინათლო ინვალიდმა ამ აქციაზე მისვლა დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხა, რათა პროტესტი გამოეთქვა სატელეფონო გადასახადების სისტემის შეცვლის გამო.

[ირმა ბარაბაძის ხმა] ”ჩვენთვის ტელეფონი ყველაფერია. ჩვენს ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი არ გაგვაჩნია, ერთადერთი ტელეფონი გვაქვს საკომუნიკაციოდ და ესეც კი გვეკრძალება.”

ეს არის ირმა ბარაბაძე, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდი. მის მსგავსად, 1500-მდე უსინათლო ინვალიდისთვის ტელეფონი გარე სამყაროსთან კავშირის თითქმის ერთადერთი საშუალებაა. აქამდე ინვალიდებს ტელეფონით საუბრისთვის მხოლოდ სააბონენტო გადასახადის 3-4 ლარის გადახდა უწევდათ. პირველი ივლისიდან კი, გადახდის წუთობრივ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, უსინათლო ინვალიდებს საკმაოდ დიდი გადასახადები დაერიცხებათ, რადგან ზოგიერთი მათგანი დღის მანძილზე ტელეფონით 3-4 საათს საუბრობს.

[ლადო მაისურაძის ხმა] ”ზუსტი სია მე არ მაქვს, ვისზე ვრცელდება. მაგრამ ვისზეც ვრცელდება კანონმდებლობით შეღავათები, ამ პიროვნებებზე იქნება 100 წუთი უფასო.”

ეს არის ლადო მაისურაძე, ”ელექტროკავშირის” ერთ-ერთი მენეჯერი. მის მიერ ნახსენები უფასო 100 წუთით, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენებს ყოველთვიურად ექნებათ, უსინათლო ინვალიდებიც ისარგებლებენ. ისინი კი აცხადებენ, რომ ეს მათთვის ვერაფერი შეღავათია. ირმა ბარაბაძის კომენტარი:

[ირმა ბარაბაძის ხმა] ”ეს არის რაღაც სასაცილო. ეს არის იმისთვის, რომ ქაღალდზე ითვლებოდეს, რომ ჩვენ გვაქვს შეღავათი და მეტი არაფერი. ესე იგი ეს ნიშნავს დღეში 3 წუთის შეღავათს: გამარჯობა და ნახვამდის, - აი, ეს არის სულ ჩვენი შეღავათი.”

უსინათლო ინვალიდებს ჰპირდებიან, რომ ისინი 300 წუთიანი შეღავათით ისარგებლებენ. ამას ემატება უფასო საუბრის სხვა საშუალებებიც. თუ როგორი, ამას ელექტროკავშირის პრესმდივნის თეონა წერეთლის განმარტებიდან შეიტყობთ:

[თეონა წერეთლის ხმა] ”შიდა ქსელში, ანუ ელექტროკავშირის აბონენტები, თუ დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ეს არის უფასო.”

ელექტროკავშირის აბონენტი კი 800-მდე პირველი ჯგუფის უსინათლოა. პარლამენტის წინ შეკრებილ უსინათლოებს, რომლებიც უფასო სატელეფონო საუბრებს მოითხოვდნენ, დახმარება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო ლეკიშვილმაც აღუთქვა.

მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია ინვალიდობის იმ კატეგორიის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო საარსებო მინიმუმითაც კი ვერ უზრუნველყოფს და მიზერულ სოციალურ დახმარებასაც კი ვერ უწევს.

უფრო მეტიც, ამ რამდენიმე თვის წინ მათ მეტროში უფასო მგზავრობის დახმარებაც კი გაუუქმეს, აქაოდა უსინათლო ინვალიდები მეტროში ვერ ჩავლენო.

ხელისუფლება მათ ახალი სოციალური პოლიტიკის სამართლიანობით ანუგეშებს, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
XS
SM
MD
LG