Accessibility links

logo-print

ცესკო საოლქო კომისიების დაკომპლექტებას იწყებს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის შემდეგ ჯერი დაბალი რგოლის ადმინისტრაციების - საოლქო საარჩევნო კომისიების - დაკომპლექტებაზე მიდგა.

ამ მიზნით 20 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამდივნო ღია იქნება იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 21 წელი, არ არის ნასამართლევი, აქვს მიღებული უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. გარდა ამისა, პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ასევე არ უნდა ეკუთვნოდნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ოფიციალური ინფორმაციით, შერჩევის პროცესი 20 დღეს გასტანს და ცსკ 75-ივე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ვინაობას 27 ივლისს, საღამოს ექვს საათამდე, დაასახელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია სახელმწიფო ენის მცოდნე, უპარტიო და უმაღლესი განათლების მქონე 375 მოქალაქეს ეძებს. კომისიის მდივნის გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, სწორედ ამდენი ადამიანია საჭირო 75 საოლქო საარჩევნო კომისიის დასაკომპლექტებლად.

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „პროცედურა გაგრძელდება 7 ივლისის ჩათვლით, მივიღებთ საბუთებს. შემდეგ კომისია განიხილავს ამ საბუთებს, გავერკვევით რამდენად არის გათვითცნობიერებული საარჩევნო კანონმდებლობაში, რამდენად კარგად ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს თუ არა კანონის მოთხოვნებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას კენჭისყრით.“

გადაწყვეტილებას, როგორც გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, კომისია ხმათა უმრავლესობით მიიღებს. თუმცა იმის გამო, რომ თავად ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტმა და პარლამენტის უმრავლესობამ აირჩია, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შიშობენ, რომ საოლქო კომისიებში, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ადგილობრივი გამგეობების თანამშრომლები მოხვდებიან. დეპუტატი კახა კუკავა ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ დავალება უკვე გასცა:

[კახა კუკავას ხმა] „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ზოგან, ზოგან კი გამგეობის თანამშრომლებს დაავალეს 5-5 სანდო ადამიანის შერჩევა. სანდო ნიშნავს ადამიანს, რომელსაც შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი და რომელსაც შემთხვევით არ დაებადება მოსაზრებები, რომ ოქმს ვერ გააყალბებს... ესენი უნდა იყვნენ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები.“ (სტილი დაცულია)

სწორედ იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები არ მოხვდნენ კომისიებში, „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიისათვის“ შერჩევის 20-დღიან პროცესზე მონიტორინგის დაწესებას აპირებს. “სამართლიანი არჩევნები” წარმომადგენლის თამარ ჟვანიას თქმით, მოსახლეობას კონკურსის თაობაზე მწირი ინფორმაცია მიეწოდება, რაც, თავის მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მანიპულირების მეტ საშუალებას უტოვებს:

[თამარ ჟვანიას ხმა] „მე დღეს შევამოწმე და არც ერთი განცხადება არ არის შეტანილი. ძალიან ბევრ ადამიანს რაიონში ამ კონკურსის შესახებ ინფორმაცია არა აქვს. ამიტომ იმის საშიშროება, რომ ვიღაცა ვიღაცის დავალებით შეიტანს განცხადებას, კიდევ არსებობს. ცესკო აპირებს 7 ივნისის შემდეგ ამ პროცესის დაწყებას. მთავარია, ერთნაირად მიუდგეს ყველა მონაწილეს. ამის მონიტორინგს ვაპირებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რის გამოც დავესწრებით უშუალოდ შერჩევის პროცესს.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ საოლქო კომისიებში მხოლოდ ღირსეული, ანუ პროფესიული ნიშნით გამორჩეული, ადამიანები მოხვდებიან. თუმცა, მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციების წევრთა პროფესიონალიზმს უახლოეს მომავალში, ანუ კონკურსის დამთავრების შემდეგ, კიდევ ერთი გამოცდა ელის:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] „მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: აბსოლუტურად ობიექტურად მოხდება კომისიის წევრთა შერჩევა, მაგრამ არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მომავალშიც იქ დარჩებიან. ისინი საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად (ვისაც სურვილი აქვს) გაივლიან ტესტირებას და არსებობს ალბათობა, რომ კომისიის ბევრი წევრი ჩაიჭრას გამოცდაზე.“

გურამ ჩალაგაშვილის თქმით, ტესტირებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩაატარებს, ხოლო გამარჯვებულებს, სწავლების სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალი მოხელის სერტიფიკატები გადაეცემათ. და კიდევ: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ცესკო ნიშნავს, ხოლო საუბნო კომისიის თავმჯდომარეს - საოლქო კომისია.
XS
SM
MD
LG