Accessibility links

თბილისის მერი წლების წინ გასხვისებული ქონების


თბილისის მერმა წლების წინ გასხვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესი წამოიწყო. პირველი პრეცედენტიც უკვე ხელთა გვაქვს:

ზურაბ ჭიაბერაშვილმა თავისი განკარგულებით ბათილად ცნო მიწების გასხვისების შესახებ თბილისის ყოფილი პრემიერის, გია შერაძის, 2002 წლის 17 სექტემბრის განკარგულება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002 წელს გასხვისებული ქონება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ”საქნავთობფიზიკის” ლაბორატორიის შენობა) მფლობელებს ჩამოერთმევა და სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავა. თბილისის მერი აცხადებს, რომ ლაბორატორიის შენობა თავის დროზე კანონდარღვევით იქნა გასხვისებული, რასაც არ ეთანხმებიან ”საქნავთობფიზიკის” თანამშრომლები. როგორც ჩანს, საქმე სასამართლომდე მივა.

საქმე ეხება ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის 17 ნომერში, 4100 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას, რომელიც თავის დროზე შეზღუდული პასუხისმგბელობის საზოგადოების ”საქნავთობფიზიკის” ლაბორატორიის შენობას წარმოადგენდა. თბილისის ყოფილი პრემიერის, გია შერაძის, 2002 წლის 17 სექტემბრის 534 -ე განკარგულებით, ის კუთვნილებაში ”საქნავთობფიზიკას” გადაეცა, არასაცხოვრებელი ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვის უფლებით. ყოველივე ამის შემდეგ 4100 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი შეზღუდული პასუხისმგბელობის საზოგადოების თანამშრომლებს შორის საცხოვრებელ ფართობად განაწილდა.

[”საქნავთობფიზიკის ” თანამშრომლის ხმა] "დაგვინაწილეს ეს ფართი, ორდერებიც გვაქვს, პრივატიზაციის ფურცლებიც გვაქვს."

”საქნავთობფიზიკის” ამ და სხვა თანამშრომლებს თავი გოძიაშვილის 17 ნომერში მდებარე შენობაში მათთვის მიკუთვნებული ფართობის კანონიერ მფლობელებად მიაჩნდათ, თუმცა შენობაში ლტოლვილები არიან შეჭრილი. თბილისის მერიის განკარგულებით, ჩვენ მიერ ნახსენები შენობა არც ლტოვილების იქნება და არც ”საქნავთობფიზიკის” თანამშრომლების.

მერიამ დაადგინა, რომ შენობა თავის დროზე უკანონოდ იქნა გასხვისებული. თუ რის საფუძველზე მოხდა ეს, ამის შესახებ ორშაბათს საგანგებო ბრიფინგზე თავად დედაქალაქის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] ”საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტებით, თბილისის პრემიერს არა აქვს მინიჭებული არასაცხოვრებელი ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვის უფლება. ესეც რომ არ ყოფილიყო, პრემიერის განკარგულება მაინც უკანონოდ ჩაითვლებოდა, რადგან არ მომხდარა მერიის მიერ აღნიშნული ფართის დადგენილი წესით საკუთრებაში აღება. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ გია შერაძის აქტი გამოცემულია უფლებამოსილების გადამეტებით."

ასეთი აქტი მერმა ბათილად ცნო. ”საქნავთობფიზიკის” ლაბორატორიის შენობა თავის დროზე 171000 დოლარად შეფასდა, თუმცა მისი გასხვისებით ბიუჯეტში თანხა არ შესულა. ზურაბ ჭიაბერაშვილი კმაყოფილია იმით, რომ მისი განკარგულება შენობას სახელმწიფოს საპრივატიზაციოდ უბრუნებს, რომ მისი განკარგულებით სახელმწიფომ უნდა მოიგოს. მაგრამ ექსპერტები სწორედ სახელმწიფოსთვის სახიფათოდ მიიჩნევენ ადრე გასხვისებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების ტენდენციას და, აი, რატომ:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ტენდენცია არის სახიფათო, რადგან სახეშეცვლილი ფორმით ეს მაინც არის არსებითი რეპრივატიზაცია, ქონების ხელახალი გადანაწილების მცდელობა. ის, რომ ადრე სახელმწიფო აპარატი არღვევდა კანონს, გასაგებია. მაგრამ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, ისტორია გვაქვს უკან დასაბრუნებელი."

ეს იყო ეკონომიკური ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. მისი აზრით, თუ წლების წინ გასხვისებული ქონების გასხვისების კანონიერების დადგენის პროცესი აგორდება, ყველა თუ არა, ყოველი მეორე გასხვისებული ობიექტი სახელმწიფოს დაუბრუნდება. ძნელი წარმოსადგენია ასე მოხდეს. როგორც ჩანს, კანონიერების აღდგენის ლოზუნგით ჯოხი ცალკეულ შემთხვევებზე გადატყდება. პროცესი გოძიაშვილის ჩვიდმეტ ნომერში მდებარე შენობით დაიწყო, თუმცა პირები, რომელთაც თავი ამ შენობის მესაკუთრეებად მიაჩნდათ, მერის განკარგულებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG