Accessibility links

logo-print

არჩევნებს ლიბანში საერთაშორისო მნიშვნელობა ექნება


ლიბანში, თითქმის ერთთვიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ოთხ ეტაპად ტარდებოდა, სავარძლების უმრავლესობა მოიპოვა საარჩევნო ბლოკმა,

რომელიც თავის დროზე სირიის საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნით გამოდიოდა. წინასწარი მონაცემებით, 128 ადგილიან პარლამენტში 72 მანდატი მოიპოვა ალიანსმა, რომელსაც ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტერორისტის ხელით მოკლული რაფიკ ჰარირის შვილი, საად ჰარირი უდგას სათავეში. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები ვარაუდობენ, არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს რეგიონზე და, პერსპექტივაში, მეზობელ სირიაზეც.

საზეიმოდ აღნიშნავდნენ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის მცხოვრებლები პირველი დამოუკიდებელი, სირიის ზეგავლენისაგან თავისუფალი, არჩევნების შედეგებს. სტიქიური ზეიმი დაიწყო კვირა საღამოს, 19 ივნისს, მას შემდეგ, რაც საად ჰარირიმ თავისი ალიანსის გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. არაოფიციალური საბოლოო შედეგები ცხადყოფს, რომ ჰარირის ალიანსმა საკმარისი მანდატები მოიპოვა იმისათვის, რომ უმრავლესობა დააკომპლექტოს ლიბანის ახალ პარლამენტში. ეს, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ ჰარირის ყველაზე მეტი შანსი აქვს დაიკავოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი. 35 წლის სუნიტი მუსლიმი ბიზნესმენი ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე მალევე დაწინაურდა მას შემდეგ, რაც თებერვლის შუა რიცხვებში ტერორისტული თავდასხმის შედეგად მოკლეს მისი მამა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირი. თავდასხმის წინა დღეებში რაფიკ ჰარირი საჯაროდ უპირისპირდებოდა სირიის სამხედრო ყოფნას ლიბანის ტერიტორიაზე. ოქსფორდის ლიბანის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის ნადიმ შეჰადის თქმით, ახალი პარლამენტის შემადგენლობას შეუძლია შეცვალოს ლიბანის 15 წლიანი როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. და იმის ნაცვლად, რომ იყოს სირიის გავლენის ქვეშ, ლიბანს შესაძლებლობა ეძლევა იმოქმედოს, როგორც დამოუკიდებელმა მოთამაშემ.

[ნადიმ შეჰადის ხმა] "რეგიონული მნიშვნელობის თვალსაზრისით, ის, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს ლიბანში, არის იმ საკითხების გადაწყვეტა პარლამენტში, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში გაყინული იყო. პირველია ის, თუ როგორ მოხდება სირიასთან ურთიერთობის აწყობა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ მოხდება დაჯგუფება ჰესბოლაჰის განიარაღება ან, საერთოდ, რა ბედი ეწევა ჰესბოლაჰს."

შეჰადის თქმით, სირია-ლიბანის ურთიერთობათა დინამიკის შეცვლა, თავის მხრივ, ამერიკის ადმინისტრაციის გეგმებში ჯდება.

[ნადიმ შეჰადის ხმა] "პრეზიდენტ ბუშის მიერ დეკლარირებული მთელი რეგიონული პროგრამა გამსჭვალულია იმით, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდება სირიაში. მთელი ლიბანის ეპიზოდი - დაწყებული დემონსტრაციებით, რამაც დაამხო პროსირიული მთავრობა და აიძულა სირია შეეწყვიტა სამხედრო ოკუპაცია ლიბანში - არის ის, რაც გავლენას ახდენს სირიის საერთაშორისო პოლიტიკაზე. და ვაშინგტონის თავლსაზრისით, ეს პოზიტიური შედეგია."

მაგრამ, მეორე მხრივ, ამერიკის მხრიდან ზედმეტმა ზეწოლამ დამასკოზე, შესაძლოა, იმის საპირისპირო შედეგი გამოიღოს, რაც ბუშის ადმინისტრაციას სურს, - ამბობს ოქსფორდის ლიბანის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი ნადიმ შეჰადი:

[ნადიმ შეჰადის ხმა] "ცვლილებები სირიაში გამოწვეულია საერთაშორისო ზეწოლითა და საერთაშორისო ჩარევით. მაგრამ, მეორე მხრივ, საერთაშორისო ჩარევა აძლიერებს რეჟიმს, იმიტომ რომ სირიის ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ერაყში. და მათ არ სურთ იგივე განმეორდეს სირიაში."

დაბლოს, ნადიმ შეჰადი ასკვნის, რომ ლიბანის ახალმა პარლამენტმა არ უნდა დაუშვას ”ბარიერების აღმართვა” სირიასთან ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG