Accessibility links

საპრეზიდენტო არჩევნებს ირანში ხმაური მოჰყვა


საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც ირანში 17 ივნისს ჩატარდა, აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება უკვე გამოიწვია.

ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატი შედეგებს მკაცრად აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ ირანში არჩევნები გაყალბდა. მათ შორისაა მედი კარუბი, რომელმაც ღია წერილით მიმართა სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენის და ქვეყნის ძალოვანი უწყებები არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. კანდიდატთა ბრალდებების გამო, ირანში მიღებულია გადაწყვეტილება ბიულეტენების გარკვეული ნაწილის ხელახალი დათვლის შესახებ..

ირანის გუშაგთა საბჭომ, ქვეყანაში არჩევნების სამეთვალყურეო მთავარმა ორგანომ, საჭიროდ მიიჩნია 100 საარჩევნო ყუთში თავმოყრილი ბიულეტენების ხელახლა დათვლა. აქედან 40 თეირანის სათვალავზე მოდის, ხოლო 20-20 - ქალაქებზე: ყუმზე, ისფაჰანსა და მაშადზე.

ამგვარი გადაწყვეტილება იმ პროტესტის გამო იქნა მიღებული, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატებმა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით ხმამაღლა და აშკარად გამოხატეს. მედი კარუბის ბრალდებების საპასუხოდ, ქვეყნის ძალოვან უწყებათა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კარუბის არჩევნებზე განცდილი მარცხის სხვებისთვის გადაბრალება სურს. კარუბი მაინც არ ცხრება. ის კი არა და, მან თეირანის მერის მაჰმუდ აჰმადინეჯადის დახმარებაში თავად გუშაგთა საბჭოც დაადანაშაულა. სხვათა შორის, აჰმადინეჯადის მეორე ადგილზე გასვლამ და მის მიერ 19.9 პროცენტის მოგროვებამ ირანში ბევრი გაკვირვა. ახლა მას არჩევნების მე-2 ტურზე აკბარ ჰაშემი რაფსანჯანისთან მოუწევს დაპირისპირება. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ, რომელიც უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, ხმების მხოლოდ 21 პროცენტი დააგროვა.

თეირანის მერის ამ მოულოდნელ წარმატებას მოჰამად ზადე ჯავადი ჰესარი, მაშადელი ჟურნალისტი, ეჭვის თვალით უყურებს:

(მოჰამად ზადე ჯავადი ჰესარის ხმა) "თუკი არჩევნებში მონაწილეობა თეირანში დაახლოებით ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო, ეს მოსახლეობის 25 პროცენტი გამოდის. შეუძლებელია, რომ ამ 25%-დან 700 ათასს აჰმადინეჯადისთვის მიეცა ხმა. მე ვფიქრობ, აქ თავს იჩენს პრობლემები, რომელთა შესახებ ბატონი კარუბიც საუბრობდა. შექმნილი ვითარება სრულიად არაბუნებრივია. ბატონი აჰმადინეჯადი ვერ მიიღებდა ამ რაოდენობის ხმებს, ჩარევა რომ არ ყოფილიყო. ჩარევა, რომელმაც ნორმალურ საარჩევნო პროცესში არეულობა შეიტანა."

თუმცა თავად მაჰმუდ აჰმადინეჯადი გამარჯვებაში დიდ სასწაულს ვერ ხედავს :

(მაჰმუდ აჰმადინეჯადის ხმა) "ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი არ ყოფილა - მე ვიცნობ ირანელებს, მე ვიცი რამდენად დიდსულოვანი ადამიანები არიან ისინი, მე შევძელი კარგი ურთიერთობა დამემყარებინა მათთან."

თეირანელი ცნობილი ჟურნალისტი და პრესის თავისუფლების დამცველი საზოგადოების წარმომადგენელი მაშაოლა შამსონვაეზინი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები არ უნდა უგულებელყოს:

(მაშაოლა შამსონვაეზინის ხმა) "ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 40-45%-ს უნდა მიეღო. სინამდვილეში კი – ჩვენ ამ რიცხვის 15-20%-იან ზრდას წავაწყდით. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ბიულეტენებისთვის განკუთვნილ ყუთებში რაღაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ ხატამის მთავრობამ (რომელმაც ბოლო 8 წლის მანძილზე ხალხს ბევრი დაპირება ვერ შეუსრულა) ახლა მაინც უნდა შეასრულოს პირობა და ამომრჩეველთა ხმები რეალურად დაიცვას. მთავრობამ ხალხს არჩევნების შესახებ რეალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს."

საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო მეორე ტური თეირანში 24 ივნისისთვის იგეგმება.
XS
SM
MD
LG