Accessibility links

logo-print

ჟან-პოლ სარტრი – 100


21 ივნისს ჟან-პოლ სარტრს - ფრანგ ფილოსოფოსს,

მწერალს, პუბლიცისტს, ნობელის პრემიის ლაურეატს - 100 წელი შეუსრულდებოდა. თავის დროზე ქართველმა ფილოსოფოსებმა სარტრის ეგზისტენციალიზმს არაერთი ნაშრომი მიუძღვნეს, თბილისის თეატრებში დაიდგა სარტრის პიესები, კინოთეატრებში დიდი წარმატებით უჩვენეს ჟან-პოლ სარტრის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი “ალტონელი ტუსაღები”. თუმცა საბჭოთა პროპაგანდა შედარებით ფრთხილად აშუქებდა სარტრის საზოგადოებრივ მოღვაწეობას, შეცდომად მიიჩნევდა მარქსიზმისა და ეგზისტენციალიზმის გაერთიანების მცდელობას, რასაც სარტრმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს ჟან-პოლ სარტრის, როგორც პუბლიცისტის, მოღვაწეობას შეგახსენებთ. ვინ იზიარებს სარტრის იდეებს დღევანდელ საქართველოში?

[მუსიკა, ივ მონტანი]

მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმღერის შემსრულებელი, ივ მონტანი, განუწყვეტლივ იმეორებდა, “შანსონის ხელოვნებაში” მთავარი ტექსტია და არა მუსიკაო, “პარტიზანების სიმღერის” შინაარსის გასაგებად ფრანგული ენის ცოდნა სულაც არ არის საჭირო. უსმენ ამ სიმღერას და წარმოიდგენ დიდ საკონცერტო დარბაზს ან სტადიონს, ხალხის მასას, რომელიც მომღერალს “თანასწორად” მიიჩნევს.

ფრანგი პოეტი-მომღერლების შემოქმედება ყოველთვის გამოირჩეოდა სოციალური ორიენტაციით და ყოველთვის გამოხატავდა არა პირად, არამედ ხალხის განწყობას. შანსონის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფრანგეთის რევოლუციის პერიოდი იყო... მერე კი, 50-იანი წლებიდან, შანსონი ისევ აღორძინდა ედიტ პიაფისა და ივ მონტანის სიმღერებში, სარტრისა და კამიუს მოღვაწეობის ფონზე.

1956 წელს, როცა ივ მონტანი და სიმონა სინიორე საბჭოთა კავშირში დაპატიჟეს, მსახიობებმა ჟან პოლ სარტრს მიმართეს და რჩევა ჰკითხეს. “თუ გაემგზავრებით, რუსებს ასიამოვნებთ; თუ არ წახვალთ, ჩვენს რეაქციონერებს გაახარებთ,” – ასეთი იყო ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის პასუხი, პასუხი ეგზისტენციალისტისა, რომელიც არჩევანს ლამის თავისუფლების სინონიმად მიიჩნევდა. ამავე დროს, ცნობილი დონჟუანი, მონოგამიის კატეგორიული მოწინააღმდეგე ჟან პოლ სარტრი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავისუფლება ადამიანისგან მოითხოვს პასუხისმგებლობასაც, რადგან ადამიანი, დღეს თუ არა ხვალ, იძულებული გახდება პასუხი აგოს თავის საქციელზე.

სარტრი, ომის წლებში წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე, ყურადღებით აკვირდებოდა ფრანგი მწერლის, დრიე ლა როშელის, მოღვაწეობას. ლა როშელი ბევრს წერდა. მისი ნაწარმოებები ძალიან მოსწონდათ ფაშისტებს, რომლებმაც ორდენებით დააჯილდოეს მწერალი. მაგრამ როგორც კი დრიე ლა როშელმა ფაშისტებთან თანამშრომლობა დაიწყო, სარტრის სიტყვებით, “მუზები გაექცნენ”. მას დეპრესია დაეუფლა და წერა შეწყვიტა.

სარტრი დარწმუნებული იყო, რომ ასეთი არჩევანი ევროპასაც უნდა გაეკეთებინა: საბჭოთა კავშირსა და ანგლოსაქსურ ბლოკს შორის არსებობა ჩვენი ხვედრიაო, ამბობდა იგი. მაგრამ აქვე უმატებდა, რომ სოციალისტური ევროპა არ მოითხოვს არჩევანს, თუნდაც იმიტომ, რომ სოციალისტური ევროპა ჯერ არ არსებობს - ის ჩვენ უნდა შევქმნათო. სარტრი ჯერ კიდევ 60-იან წლებში მოუწოდებდა ევროპის სახელმწიფოებს, რომ, თავიანთი კოლექტიური და დემოკრატიული სტრუქტურით ერთიანი ევროპის შესაქმნელად, უარი ეთქვათ სუვერენიტეტის ნაწილზე მაინც.
სწორედ ამ სივრცეში უნდა აღდგეს ლიტერატურაო, – ამტკიცებდა სარტრი.

პოზიციას ის ხშირად იცვლიდა. 40-იან და 50-იან წლებში სტალინის მომხრე იყო, 60-იან წლებში მაოს და ფიდელ კასტროს უჭერდა მხარს. მერე წერდა, რომ კომუნიზმის სტალინურ ვარიანტს არაფერი აქვს საერთო შემოქმედებასთან. 40-იან წლებში ამტკიცებდა, რომ მწერალი ვალდებულია იზრუნოს საზოგადოების გემოვნებაზე; ამბობდა, ნუ შეგვეშინდება თუ რევოლუციურ სნობიზმში დაგვადანაშაულა ვინმემ - როცა სიტყვა ავადაა, ეს სიტყვა ჩვენ, მწერლებმა, უნდა განვკურნოთო. 1964 წელს ნობელის პრემია მიანიჭეს. ჯერ უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ მაინც დათანხმდა:

[ჟან-პოლ სარტრის ხმა]“რეალისტი უნდა იყოს ადამიანი. სადღაც 65 წელს, 68 წელს უკვე ნამდვილად აღმოვაჩინე, ამხანაგებო, რომ მორალი არის რაღაც, რაც ნამდვილად არსებობს. თუმცა მანამდეც, სტალინის სიკვდილის შემდეგ, მე მარქსიზმის გაკეთილშობილებას ვცდილობდი, რადგან დავინახე, რომ მარქსიზმი უარყოფს მორალს.”

მიუხედავად იმისა, რომ პოზიციას იცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფილოსოფიური თეორია ხშირად ეწინააღმდეგებოდა მისსავე ლიტერატურულ ეგზისტენციალიზმს, ჟან პოლ სარტრს სოციალიზმის იდეისთვის არასდროს უღალატია. 1961 წელს მან ღიად დაგმო ალჟირის ომი. 5 000-მა ომის ვეტერანმა დემონსტრაცია მოაწყო მის სახლთან, ლოზუნგით “სიკვდილი სარტრს”, თუმცა ჟან პოლ სარტრისთვის ეს დემონსტრაცია, ღმერთის თუ არა (ღმერთის მას არ სწამდა), ისტორიის მადლი ნამდვილად იყო. მან მიიღო ეს გამოწვევა და ამისთვის დააფასეს კიდეც: 1968 წლის მაისში ფრანგმა მეამბოხეებმა იგი კერპად აღიარეს. სარტრი ქუჩაში გამოვიდა და თავის ხალხს მიმართა:

[ჟან-პოლ სარტრის ხმა] “ჩემი აზრით, ხალხსა და ინტელექტუალებს შორის ერთიანობა, რომელიც მე-19 საუკუნეში არსებობდა და დღეს მოისპო, ისევ უნდა აღვადგინოთ. მაგრამ ინტელექტუალებმა კი არ უნდა მისცენ რჩევები ხალხს, არამედ პირიქით უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას.”

სარტრის ერთი პიესის სათაურს თუ გავიხსენებთ, სოციალურ ინსტიტუტებს ყოველთვის “ბინძური ხელები”აქვთ და თრგუნავენ ადამიანს. ადამიანის თავისუფლებას წარმოაჩენს ყოველგვარი სოციალურის მიმართ სპონტანური პროტესტი, თანაც, როდესაც პროტესტი ერთჯერადია და ზურგს არ უმაგრებს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია თუ პარტია. სარტრი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფოს, საზოგადოების, მშობლების მარწუხებისგან, არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ ინსტიტუტებზე. სარტრის აზრით, ასეთივე დამთრგუნველი ინსტიტუტია კულტურაც, რომელიც დახვეწილი მეთოდებით ცდილობს ადამიანის დამორჩილებას.

სარტრი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ბურჟუაზია მწერალში ექსპერტს ხედავს. მას აშინებს მწერლის, როგორც მოქალაქის, აქტიურობა და მოითხოვს, რომ მწერალი მხოლოდ და მხოლოდ “ადამიანთა გულების” ექსპერტი იყოს. ბურჟუაზია აჭმევს მწერალს, მაგრამ თუკი მწერალს სურს გაერკვეს იმაში, ვინც აჭმევს, აუცილებელია გაემიჯნოს ამ კლასს. ამისათვის მან სხვა კლასის ცხოვრების წესი უნდა გაითავისოს. თუკი ამას არ იზამს, იგი თავისი სინდისის წინააღმდეგ წავა.

შესაძლებელია, ამიტომაც მიიჩნევენ სარტრს “ანგაჟირებულ მწერლად” მისი ოპონენტები. თანაც, არა მარტო საფრანგეთში – საქართველოშიც. განსაკუთრებით მწერალთა წრეებში. ჩვენს კითხვაზე, რატომ არ განიცადა ქართულმა ლიტერატურამ სარტრის შემოქმედების გავლენა, ქართველმა მწერლებმა, რომელთაც გავესაუბრე, მიპასუხეს, რომ თანამედროვე ქართულ მწერლობაზე მნიშვნელოვანი გავლენა, ფაქტობრივად, მხოლოდ ლათინურამერიკულმა პროზამ მოახდინა. რაც შეეხება სარტრის გავლენას, კრიტიკოსი გაგა ლომიძე საკმაოდ კატეგორიული აღმოჩნდა:

[გაგა ლომიძის ხმა] “მადლობა ღმერთს, რომ არ იყო. იდეოლოგი იყო სარტრი და ესაა გამაღიზიანებელი, თორემ, როგორც მოქალაქემ, მან ალჟირის ომის მიმართ პოზიცია გამოიჩინა. იდეოლოგია ის და ჩემთვის - ძალიან პათეტიკური.”

მწერალი ანა სამადაშვილი-კორძაია მიიჩნევს, რომ მწერლის მოქალაქეობრივი აქტიურობა არ შეიძლება მისი შემოქმედების საზომი იყოს:

[ანა სამადაშვილი-კორძაია] “მწერალი ამ დროს ხშირად იქცევა გამაღიზიანებლად. მახსოვს ბალკანეთის ომის დროს როგორ გაჰყვიროდნენ ბერლინის პენ-კლუბში, მიდით, დაყარეთ ბომბებიო. და როცა საფრანსკის უსაყვედურეს, არა გრცხვენიაო? მან თქვა, არ ვყოფილვარ ამ თავყრილობაზეო...”

თუმცა იმ მწერლებს შორის, რომელთაც მე გავესაუბრე, მაინც აღმოჩნდა სარტრის თაყვანისმცემელი – პოეტი ზურაბ რთველიაშვილი.

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] “სარტრი ჩემთვის თუნდაც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ 68 წლის რევოლუციის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო... სერიოზული ფიგურა, რომელსაც მემარცხენე ახალგაზრდობა მიჰყვებოდა, მის ფილოსოფიაზე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩემი მის მიმართ სიმპათია უდავოა."

ზურაბ რთველიაშვილის აზრით, საქართველოში უკვე მოდის თაობა, რომელიც აუცილებლად გაიზიარებს სარტრის იდეებს. თუნდაც იმიტომ, რომ ქართველისთვის, ისევე როგორც ფრანგისთვის, ადამიანი საზოგადოების ნაწილია; ქართველისთვის, ისევე როგორც ფრანგისთვის, არსებობა - მეზობლისთვის არსებობას, შთაბეჭდილების შექმნას ნიშნავს.

[მუსიკა. ივ მონტანი]

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] “დღეს, პირიქით, იგრძნობა გამოცოცხლება მწერლებში, რომლებმაც დასკვნები გამოიტანეს...რამდენიმე აქციაზე შევხვდი აკადემიის სტუდენტებს, კავკასიური სახლის სტუდენტებს. ვერ დავმალავ ჩემს აღფრთოვანებას – საკმაოდ მოწადინებული თაობაა, რომელსაც უნდა, რომ რაღაც შეცვალოს... მე უფრო მათ გვერდზე მოვიაზრებ ჩემს თავს... ისიც ჩანს, რომ მათ ამის გამოცდილება აქვთ.”
XS
SM
MD
LG