Accessibility links

logo-print

”საქართველოს აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული


”საქართველოს აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული

თეატრის მსახიობები მუშაობაზე უარს აცხადებენ, ისინი თეატრის ხელმძღვანელობას არაპროფესიონალიზმსა და უკანონო ფინანსურ ოპერაციებში ადანაშაულებენ.”

ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ქართულ პრესაში მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული თეატრის მსახიობებმა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის” ოფისში პრესკონფერენცია გამართეს. თუმცა ერთი უზუსტობა მაინც გაიპარა: ის მსახიობები, რომლებმაც აზერბაიჯანული თეატრის დირექცია არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულეს, თეატრის დასიდან თავად ხელმძღვანელობამ გარიცხა.

აზერბაიჯანულ თეატრში განვითარებულ მოვლენებში უკეთ რომ გავერკვიოთ, ჩვენი თავი ჯერ დირექციის როლში წარმოვიდგინოთ. დავუშვათ, თქვენ თეატრის დირექტორი ხართ ან სამხატვრო ხელმძღვანელი. რამდენიმე მსახიობს არ მოსწონს როგორ მუშაობთ, რას დგამთ, ვის იწვევთ თეატრში; რამდენიმე მსახიობი მიიჩნევს, რომ უნიჭო ხართ და არ სურს თქვენს ”ნაცოდვილარში” მონაწილეობის მიღება, თანაც, ამას ღიად აცხადებს. რა უნდა ქნათ? რა თქმა უნდა, იპოვით საბაბს, რადგან, ერთ პოპულარულ ფილმში ნათქვამი ფრაზისა არ იყოს, ”არავინ არის ამქვეყნად დახვეწილი”, და მეამბოხეებს თეატრიდან გარიცხავთ. ამ როლში უკეთ რომ ”შევიდეთ”, მოდით, აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ირაკლი აზიკურს მოვუსმინოთ. ბატონი ირაკლი შეგვახსენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1947 წელს დაარსებულმა აზერბაიჯანულმა თეატრმა მალე შეწყვიტა არსებობა, 2004 წელს კი, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების გადაწყვეტილებით, ხელახლა გაიხსნა:

[ირაკლი აზიკურის ხმა] ”რომ იტყვიან, ბატონი მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ბრძანება დაიწერა და თეატრი დაარსდა... გაიხსნა თეატრი, ჩვენ შევხვდით ორივე პრეზიდენტს, ბატონ ალიევს და ბატონ სააკაშვილს, და დიდი სიყვარულით შევხვდით ამ ფაქტს...კონფლიქტი წარმოიშვა იმიტომ, რომ მსახიობების წარმომადგენლებმა... რომლებიც სისტემატიურად არღვევდნენ თეატრის შინაგანაწესს, არ ესწრებოდნენ რეპეტიციებს...”[სტილი დაცულია]

ბატონ ირაკლის ის მსახიობები ჰყავს მხედველობაში, რომლებიც თეატრალურ უნივერსიტეტში, ეგრეთ წოდებულ ”სპეცჯგუფში”, სწავლობდნენ, ე.ი. ისინი სპეციალურად მომზადდნენ აზერბაიჯანული თეატრისთვის. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ეს ახალგაზრდები პროფესიონალები არიან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამ ამბოხებას ”შემოქმედებით პრეტენზიებთან” საერთო არაფერი აქვს:


[ირაკლი აზიკურის ხმა] ”ცოტა გააღიზიანა, ალბათ, ქართველმა თანამშრომლებმა, რომლებიც თეატრში მივიღე... მიხვდებით, ალბათ, რომ დასში არიან ტექნიკური მუშაკები, გამნათებლები, ასისტენტები, რაც, პროფესიონალების თვალსაზრისით, დღეს აზერბაიჯანლებში არ მოიძებნება.” [სტილი დაცულია]

ირაკლი აზიკური უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მეამბოხე მსახიობებს აზერბაიჯანული დიასპორა უჭერდეს მხარს:

[ირაკლი აზიკურის ხმა]”დიასპორის გარკვეული წარმომადგენლები არიან წარმოდგენილნი, მაგალითად, გაჯიევი - აზერბაიჯანული გაზეთის რედაქტორი. ამისი მამა სულხან-საბა ორბელიანის ინსტიტუტში აზერბაიჯანულის კათედრას ხელმძღვანელობდა. ეტყობა, ”მცირდება” ეს კათედრა და ამით არიან დასაქმებულნი...ცოტა ანტიქართული განწყობილებაა.”[სტილი დაცულია]

ბატონი ირაკლი წარმატებებზეც გვესაუბრება - ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში თეატრში ორი სპექტაკლის დადგმა მოასწრეს, გაიმარჯვეს შავიზღვისპირეთის ქვეყნების თეატრალურ ფესტივალზე, რომ თეატრის მუშაობით კმაყოფილი დარჩა ფოლად ბიულბიულ ოღლი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მეჩეთიც კი:

[ირაკლი აზიკურის ხმა] “ჩვენ ჩვენი მუშაობის გეგმას ვუთანხმებთ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსაც... არის აზერბაიჯანული პარტია ”საქართველო ჩვენი სამშობლოა”, რომელიც ჩვენ მხარს გვიჭერს, იგივე მეჩეთი... ჩვენ ვაბარებთ ანგარიშს კულტურის სამინისტროს. ”

დღეს ირაკლი აზიკური კულტურის სამინისტროს აბარებს ანგარიშს. თუმცა თავდაპირველად აზერბაიჯანული თეატრი მერიის ბაზაზე ფუნქციონირებდა. ბატონი ირაკლი ამ თანამდებობაზე მერიის კულტურის სამსახურის მაშინდელი უფროსის, დავით ოქიტაშვილის, ბრძანებით დაინიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ არა აქვს უმაღლესი თეატრალური განათლება, პროფესიით მხატვარია, მაგრამ იმასაც შეგვახსენებს, რომ თეატრალური მენეჯერობის დიდი გამოცდილება აქვს - სანდრო მრევლიშვილის თეატრში, ვერიკო ანჯაფარიძის თეატრში მუშაობდა. ქვეყანაში კი, როგორც იცით, ასეთი გამოცდილების ხალხი ბევრი არა გვყავს.

თუმცა ქვეყანას ჰყავს ადამიანი, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა ქართულ-აზერბაიჯანულ კულტურულ ურთიერთობებს - ანზორ დოლენჯაშვილი, თავის დროზე, შევარდნაძის ხელისუფლების მსხვერპლი და ახლა, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლებისა. ამ ეჭვს კი უკვე დღევანდელი საქართველოს კულტურის ჩინოვნიკების უმოქმედობა ბადებს: ანზორ დოლენჯიშვილის მოწაფეების, თეატრის დასიდან გარიცხული მსახიობების, თქმით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამინისტრო არანაირად არ რეაგირებს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა ინიციატივაზე, აზერბაიჯანული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად სწორედ ანზორ დოლენჯაშვილი დაინიშნოს. სხვათა შორის, საქართველოს კულტურის სამინისტროს პასიურობა ჩვენთან საუბარში აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის ატაშემ ილგარ ჯაფაროვმაც ახსენა:


[ილგარ ჯაფაროვის ხმა] ”ჩემი აზრით, ეს კონფლიქტი არ არის, ეს მათი საშინაო პრობლემაა, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს. სამინისტრომ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, რათა თეატრმა თეატრივით იმუშაოს, რათა იქ იმუშაონ ადამიანებმა, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და იციან თეატრი, როგორც ასეთი... უვიცი ადამიანი იქ არ უნდა მუშაობდეს. ეს, პირველ რიგში, თეატრის მუშაობის შედეგებით გამოიხატება.”

ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი გარიცხული მსახიობების როლში. თავისთავად, იყო მსახიობი საქართველოში გახსნილ აზერბაიჯანულ თეატრში, რბილად რომ ვთქვათ, ის სამუშაო არ არის, რომელსაც ძალიან ნიჭიერი ხელოვანი ინატრებს - ვერც გაგამდიდრებს და ვერც სახელგანთქმულს გაგხდის. მაგრამ როგორია, როცა ამ სამუშაოსაც გართმევენ, თეატრიდან გრიცხავენ? თეატრიდან გარიცხული მსახიობი ნამიკ გაჯიევი დაწვრილებით გვიამბობს კონფლიქტის მიზეზებზე:

[ნამიკ გაჯიევის ხმა] ”ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თეატრში ყოფილიყო პროფესიონალური ატმოსფერო და ამისთვის გაგვრიცხეს ორი მსახიობი, რომლებმაც წარჩინებით დავამთავრეთ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი... ჩვენთან ერთად ჯგუფში კიდევ სამი გოგონა სწავლობდა, რომლებიც იმავე მიზეზით უარს აცხადებენ არაპროფესიონალურ გარემოში მუშაობაზე.
დაახლოებით 52 კაცი მუშაობდა თეატრში, მაგრამ აქედან ჩვენ ვიცნობდით, ყველაზე დიდი, 15-20 პიროვნებას, დანარჩენი 30 კაცი თეატრში თვის ბოლოს, ხელფასის ასაღებად, მოდიოდა.”

თეატრიდან გარიცხული კიდევ ერთი მსახიობი, ნამიკ მუსაევი, ამბობს, რომ აზერბაიჯანული თეატრის წლიური ბიუჯეტი 90 000 ლარია, თუმცა თანამშრომლებმა არ იციან, როგორ იხარჯება ეს ფული:

[ნამიკ მუსაევის ხმა] ”მან ძველი ხალხი მოიყვანა თეატრში და ამათთან ერთად ქუჩიდან მოიყვანა მსახიობები, რომლებიც ზოგი გეპეიში სწავლობდა, ზოგი საერთოდ არ სწავლობდა - ნათესავები, მეზობლები - და დანიშნა მსახიობის შტატებზე.ორი სპექტაკლი დადგეს... ერთი - ”ვოდევილები”, რომლის რეჟისორი იყო თემურ ჩხიკვაძე, დიქტორი იყო ტელევიზიაში; მეორე, ბაქოდან მოწვეულ რეჟისორს, როგორც ამბობენ, 7000 ლარი დაახარჯეს და მცირე დროში დაიდგა რაღაც სპექტაკლი.”(სტილი დაცულია)

ნათელია, ამ კონფლიქტის არსში რომ გაერკვიო, საკმარისი არ არის თავი კონფლიქტის რომელიმე მხარედ წარმოიდგინო და გაიხსენო, რომ ”არავინ არის ამქვეყნად დახვეწილი”. მით უმეტეს, რომ პირადად მე ”ვოდევილები” არ მინახავს და, მართალი გითხრათ, არც არაფერი გამიგია ამ სპექტაკლის შესახებ. უეჭველი ერთი რამეა მხოლოდ: ქართული საზოგადოება ძალიან დიდ პატივს სცემს ანზორ დოლენჯაშვილს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, რომლის პროფესიონალიზმში არავის ეპარება ეჭვი. ამიტომ ჩვენი სიუჟეტი სწორედ ანზორ დოლენჯაშვილის მოსაზრებით გვინდა დავასრულოთ:


[ანზორ დოლენჯიშვილის ხმა] ”მოხდა ისე, რომ ამ ორივე თეატრის სათავეებთან მე ვდგავარ - იქაც მე შევქმენი ეს თეატრი და აქაც მე მოვამზადე ჯგუფი. მე ვშიშობ, რომ ასეთი უყურადღებობით და ზერელე დამოკიდებულებით არ გაფუჭდეს ურთიერთობა რაღაც სხვა მასშტაბით. მე ვიცი დიასპორის დამოკიდებულება. მათ თქვეს: რა გინდათო, აქციები მოვაწყოთო? არაპროფესიონალები იქით იყვნენ, სავსებით უვიცი ხალხი არ შეიძლება თეატრს ხელმძღვანელობდეს, ელემენტარულად თეატრი უნდა იცოდნენ. ..ცეცხლს ეთამაშება, ვინც ამ თამაშს თამაშობს.”
XS
SM
MD
LG